საქართველოს ფეოდალური იერარქია
-
ფეოდალური იერარქია საქართველოში არსებობდა ადრეული შუასაუკუნეების ეპოქიდან, რომელიც იყოფოდა ორ ძირითად ჯგუფად: თავადები და აზნაურები. თავადები წარმოადგენდნენ ფეოდალთა უმაღლეს ჯგუფს. რომელთაც ეკუთვნოდათ საკუთარი სამფლობელო-სათავადო. სათავადოები წარმოიშვა XV ს-ის ბოლოს, ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ. გვარის უფროსი, რომელიც ატარებდა თავადის წოდებას, წარმოადგენდა სათავადოს მმართველს და სწორედ მასთან მიდიოდა ამ სამფლობელოს შემოსავლის უდიდესი ნაწილი. მაგრამ, შემოსავლების ნაწილი განკუთვნილი იყო გვარის სხვა წარმომადგენლებისათვის, თავადის უმცროსი ნათესავებისათვის, რომელნიც იწოდებოდნენ თავადიშვილებად. გვარის უფროსი ფლობდა მთავარ საგვარეულო ციხე-სიმაგრეს, ეკლესიასა და საოჯახო საძვალეს, მისი ნათესავები კი განსახლებულ იყვნენ სხვა საგვარეულო სამფლობელოებში. იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ძლიერება და გვარის გავლენა, თავადური ოჯახები, ჩვეულებრივ, ცდილობდნენ საგვარეულო სამფლობელოების გაყოფის თავიდან აცილებას. თითოეულ სათავადოს, დასავლეთ ევროპის ფეოდალთა (ჰერცოგების, გრაფების და ბარონების), მსგავსად, ეკუთვნოდა საკუთარი აზნაურთა და გლეხთა გარკვეული რაოდენობა.
ზოგიერთი სასაზღვრო (მონაპირო) ტერიტორიის მმართველები ატარებდნენ ერისთავის წოდებას, მათი ოჯახის წევრები კი იწოდებოდნენ ერისთავისშვილებად. ქართლის სამეფოში ცნობილია არაგვის და ქსნის ხეობების ერისთავები, რომელნიც იცავდნენ ქვეყანაში მთის შემოსასვლელებს მტერთაგან. იმერეთის სამეფოში ერისთავის წოდებას ატარებდა რაჭის მმართველი. თავდაპირველად ერისთავებად იწოდებოდნენ, ასევე, სამეგრელოს, გურიის, სვანეთის და აფხაზეთის მმართველნიც, რომელთაც, უკვე XVI ს-ში, მიაღწიეს სამეფო ხელისუფლებისგან ფაქტიურ დამოუკიდებლობას და გადაიქცნენ მთავრებად, რომლებიც ამ წოდებას და, შესაბამისად, მთელს სამფლობელოებს გადასცემდნენ თავის მემკვიდრეებს და მხოლოდ ფორმალურად (პერიოდულად კი - რეალურად) ითვლებოდნენ იმერეთის მეფეების ვასალებად.
სათავადოები და საერისთავოები ითვლებოდნენ სამემკვიდრეო სამფლობელოებად, თუმც საქართველოს ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც იცვლებოდა მმართველთა დინასტიები, ან როდესაც მეფე უბოძებდა აღნიშნულ სათავადოს სხვა საგვარეულოს და ა.შ.
გაძლიერებული სათავადოების მმართველები ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას, რის გამოც, სამეფო ხელისუფლება, არც თუ იშვიათად, დგამდა ნაბიჯებს საერისთავოების გაუქმებისკენ. ასე მაგალითად, 1743 წელს კახეთის, მოგვიანებით კი, ასევე ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის მიერ გაუქმებულ იქნა არაგვის საერისთავო. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა, მეფე ერეკლე II-მ, ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, 1773 წელს, გააუქმა ქსნის საერისთავო. იმერეთში, მეფე სოლომონ I-მა 1769 წელს, გააუქმა რაჭის საერისთავო. ერისთავთა სამფლობელოების ხელში ჩაგდების შემდეგ, მეფეები უბოძებდნენ მათ თავიანთ ოჯახის წევრებს- ბატონიშვილებს. ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენელი ბატონიშვილები, ისევე როგორც სხვა ფეოდალები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამემკვიდრეო სამფლობელოებით (მამულებით). ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთმა თავადურმა შტომ, მუხრანის მფლობელებმა, მოახერხეს, 1512 წლიდან 1801 წლის ჩათვლით, ხელშეუხებლად შეენარჩუნებინათ თავიანთი სამემკვიდრეო მამული, რომელიც, თავის დროზე, უბოძეს ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის უმცროს შვილს-ბაგრატს. მუხრანის სამფლობელოს განსაკუთრებული სტატუსი ასახული იქნა ამ სამფლობელოს მმართველთა ტიტულატურაში, რომელნიც იწოდებოდნენ მუხრანბატონებად. მათ შესახებ იოანე ბატონიშვილი წერდა, რომ ისინი არიან “მეორისა ხარისხით ბაგრატოანად წოდებულნი და პირველნი თავადნი”.
ქართულ თავადურ გვართა შორის გვხვდება არაერთი უძველესი ოჯახი, რომელიც ცნობილია საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამეფოს ადრეული პერიოდიდან. ზოგიერთმა გვარმა შეინარჩუნა თავისი ძველი დასახელება, ზოგმა კი მიიღო ახალი სახე. თავადური გვარები, ხშირად, წარმოდგება პატრონიმებისგან, ანდა - მეტსახელებისგან, რომელთაც დაიმკვიდრეს ადგილი ამა-თუ იმ გვარის სახელწოდებაში. მაგ., ბარათაშვილი, ანუ ბარათას შვილი, სააკაძე - სააკის ძე. ზოგიერთი თავადური გვარი ნაწარმოებია ამ გვარის წარმომადგენლის სამეფო, თუ ადმინისტრაციული ჩინისაგან, მაგ., ამილახვარი - ამილახორისგან, დადიანი - დადიანის, ერისთავი - ერისთავის წოდებისგან და ა.შ.
ვახუშტი ბატონიშვილს, თავის ისტორიულ თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსი” თავადური გვარებისადმი მიძღვნილ სპეციალურ თავში “მთავართა გუართათვის”, ჩამოთვლილი აქვს ის თავადური გვარებიც, რომელნიც შემდგომში გაქრა და აღარ გვხვდება საქართველოს თავადური გვარების ოფიციალურ სიაში: ქობულისძე, არელმანელი, ბაღუ(ა)ში, რომელი იყო ლიპარიტისძე, მარუშისძე, კახაბერისძე, ბაკურისძე, აბულელი, მხარგრძელი, ორბელიანი, ქაჩიბაძე, ვარდანისძე, მარუშისძე, კარიჭისძე, გაგელი, სამძივარი, ნერსიანი, ადარნასიანი, ჯუანშერიანი, მახატელი, ქუენაფლაველი, ბურსელი და სხუანი მრავალნი”.
დროთა განმავლობაში ზოგი გვარი კარგავდა სტატუსს, სხვანი, პირიქით, წინაურდებოდნენ, ღებულობდნენ რა თავადის წოდებას, მაგ., თავადნი ამილახვარნი, რომელნიც წარმოადგენენ აზნაურ ზედგენიძეთა შთამომავლებს, ატარებენ თავადის წოდებას, როგორც ჯილდოს, ერთ-ერთი მათი წინაპრის თავგანწირვისთვის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა თავდასხმისგან საქართველოს მეფე გიორგი VIII (1446-1466). ტრადიციის მიხედვით, თავადებად ხდებოდნენ მეფეთა და მთავართა სიძეები. მაგ., XVIII ს-ში, იმერეთში, აზნაური ხახუტა ასათიანი გახდა ასათიანთა თავადური შტოს ფუძემდებელი მას შემდეგ, რაც იქორწინა დაქვრივებულ დედოფალ თამარზე (“კოჭიბროლად” წოდებულზე), - მეფე გიორგი VI-ს (1703-1720) მეუღლესა და გიორგი VII-ს (1741) დედაზე.
ზოგიერთმა გვარმა მიიღო თავადობა მეფეების არჩილ II-გან და ვახტანგ VI-ისგან უკვე რუსეთში, განდევნილობაში, აღნიშნული მეფეების ერთგული სამსახურისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ თავადურ წოდებაში, საქართველოში, აყვანილნი იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მრავალი “ჩამოსული” გვარებიც (თუმც, ისე როგორც რუსეთში, აქაც ლეგენდები მათი“ჩამოსვლის” შესახებ ყოველთვის არ არის დოკუმენტურად დასაბუთებული). ასე მაგ., აფხაზეთის მთავართა, შარვაშიძეთა გვარი ითვლება წარმოშობილად შირვან-შახისგან (შირვანის მფლობელებისგან), თავადი ადნრონიკაშვილნი– ბიზანტიის იმპერატორებისგან- კომნენთა დინასტიიდან, თავად სააკაძეთა გვარი–შამხალებისგან და ა.შ.
საქართველოს თავადურ გვართა შორის საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენს სომხური წარმოშობის გვარები, მაგ., ბებუთაშვილები (ბებუთოვები), ბეგთაბეგიშვილები (ბეგთაბეგოვები), მელიქიშვილები (მელიქოვები), სუმბათაშვილები (სუმბათოვები) და ა.შ. ზოგი მათგანი, მაგ., მხარგრძელი-არღუთაშვილები, განეკუთვნება ღრმა წარსულს (XII-XIII სს.), ზოგი კი წინაურდება მოგვიანებით (XVII-XVIII ს-ში). მეფე ერეკლე II-ს დროს თავადობა მიენიჭა კიდევ რამდენიმე გავლენიან სომხურ ოჯახს-აბამელიქებს, ამათუნებს, კამსარაკანებს, ხოჯამონასოვებს.
საკმაოდ ადრეული ხანიდან გვარების იერარქია დაცული იყო იურიდიულ დოკუმენტებში(ე. წ. “სასისხლო სიგელებში”), რომლის მიხედვით დგინდებოდა გარკვეული ანაზღაურება კონკრეტული პიროვნების მკვლელობის, დაჭრის, ან შეურაცყოფისათვის. ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ჩამოყალიბებული ჩვეულებრივი სამართლის ნორმებმა ჰპოვა ასახვა ქართული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში- ვახტანგ VI-ის კოდექსში. ამ კოდექსის თანახმად, თავადთა ფენა იყოფოდა სამ კატეგორიად: 1) დიდი თავადები (დიდებულები), ანუ პირველი ხარისხის თავადები; 2) მეორე ხარისხის თავადები; 3) მესამე ხარისხის თავადები. ასევე სამ კატეგორიად იყოფოდა აზნაურთა ფენაც, რომელთა შორის გამოიყოფოდა: 1) “გადიდებული აზნაურები”; 2) შუათანა აზნაურები და 3) “ცალმოგვი აზნაურები”. აზნაურთა გვარების შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ არის სრული, მიმდენარეობს მათი კვლევა-ძიება.
ვახტანგ VI-ის სამართლის თანახმად თითოეული პიროვნების სისხლი ფასდებოდა ფეოდალურ იერარქიაში მათი ადგილის (მიწების, ყმათა რაოდენობის, გვარის წარჩინებულობის და დაკავებული თანამდებობის) მიხედვით. აქედან გამომდინარე, ყველაზე უფრო წარჩინებული თავადის (“დიდებულის”) სისხლი შეფასებული იყო 1536 თუმნად, მეორე ხარისხის თავადისა - 768 თუმნად, მესამე ხარისხისა - 384 თუმნად. “გადიდებული” (წარჩინებული) აზნაურის სისხლი შეფასებული იყო 192 თუმნად; შუათანა აზნაურისა - 96 თუმნად და“ცალმოგვისა” – 48 თუმნად.
თავადური გვართა ადგილი ამ ფეოდალურ იერარქიაში, ყოველ შემთხვევაში ქართლში, კახეთში და იმერეთში, საკმაოდ მკაფიოდ იყო განსაზღვრული ტრადიციებით.
ვახტანგ VI-ის კანონმდებლობით სამეფო ოჯახისა და მუხრანბატონების შემდეგ იერარქიულად მოდიან: “ერთი თავი თვითონ არაგვის ერისთავი, გაუყრელი; გაუყრელი ერთი თავი თვითონ ქსნის ერისთავი; ერთი თავი თვითონ ამილახორი, გაუყრელი; გაუყრელი ერთი თავი ორბელიშვილი; როსცა გაუყრელი ყოფილა - ციციშვილი. ამასთან კი არა და სომხითის მელიქიც ითქმის”.
1735 წელს რუსეთში გადასხლებული ყოფილი მუხრანბატონი მამუკა წერდა: ”оные Мухранские господари не в числе князей, понеже они царей Грузинского рода и всегда они имели отличие от прочих князей” ქართლში კი“ первостепенными князьями” მამუკა მუხრანბატონი მოიხსენიებს ხუთ საგვარეულოს: 1) არაგვის ერისთავნი; 2) ქსნის ერისთავნი; 3) ამილახვარნი; 4) ორბელიანნი და 5) ციციშვილნი; კახეთში– თავად ჩოლოყაშვილებს და ანდრონიკაშვილებს, ხოლო იმერეთში იგი ამ კატეგორიას მიაკუთვნებს– 1) სამეგრელოს მთავრებს– დადიანებს და 2) გურიის მთავრებს– გურიელებს.
რუსეთის სამეფო კარზე ქართველ დიდგვაროვანთა წარმომადგენლები ჩნდებიან XVII ს-ის შუა წლებში. ამ დროისათვის რუსეთის სამეფო სამსახურში იმყოფებიან თავადი დავიდოვები (ბაგრატიონ-დავითიშვილები), კახეთის ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლები, რომლებიც გადასახლდნენ რუსეთში 1666 წელს.
ქართული კოლონია, რომელსაც რუსეთში საფუძველი ჩაუყარა იმერეთის მეფე არჩილმა და მისმა ოჯახმა 1700 წელს, რიცხობრივად მკვეთრად იზრდება 1724 წელს რუსეთში ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის გადასახლების შემდეგ. მის, დაახლოებით 1200 კაციან, ამალაში წარმოდგენილი იყვნენ არა მხოლოდ ქართლის, არამედ საქართველოს ყველა კუთხის უწარჩინებულესი დიდგვაროვნები, როგორც თავადთა, ისე აზნაურთა წრიდან. ამ თავადთა და აზნაურთა დიდმა ნაწილმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი რუსეთს, იქცა რა ცნობილი რუსული თავადური და აზნაურული გვარის ფუძემდებლად. რუსეთთან საქართველოს მიერთებამდე ისინი განიხილებოდნენ, როგორც უცხოური წოდების მატარებელნი. ირიცხებოდნენ რა რუსეთის თავად-აზნაურთა ნუსხაში, ისინი და მათი შთამომავლები არც, თუ იშვიათად, ხვდებოდნენ რუსეთის საგვარეულო წიგნის IV ნაწილში, რომელიც განკუთვნილი იყო უცხოეთიდან ჩასული გვარებისათვის, თუმცა, ზოგჯერ, ხვდებოდნენ აღნიშნული წიგნის V ნაწილშიც, ტიტულოვან გვართა რიცხვში. მათი მოხსენიება თავადად, ან აზნაურად ვახტანგ VI-ის ამალის ოფიციალურ სიაში და სამეფო ოჯახის წევრთა დასტური ითვლებოდა რუსეთის სენატისათვის საკმარის საფუძვლად ამ წოდების აღიარებისათვის.რუსეთის იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის (1730-1740) ბრძანების თანახმად 1738 წელს ჩამოყალიბებულ იქნა ქართულ ჰუსართა როტა (ასეული), რომელიც, შემდგომ გადაიზარდა პოლკში. ნაბრძანები იყო: “грузин, желавших поступить на службу Ее Императорского Величества, приводить к присяге на верность”. ამ მომენტიდან მოყოლებული, მათ შეეძლოთ რუსეთის ტერიტორიის დატოვება მხოლოდ ხელისუფალთა თანხმობით. ჯილდოდ ისინი ღებულობდნენ ხელფასს და, ასევე, ნაწყალობევ მიწის ნაკვეთს (“ნადელს”) და გლეხებს მალოროსიაში (უკრაინაში). დადგინდა, რომ თავადები მიიღებენ სამემკვიდრეო მფლობელობაში, სამხედრო სამსახურის ვალდებულებით, 30 კომლს, ხოლო აზნაურები - 10 კომლს.
1738 წლის ბრძანების თანახმად, უკრაინაში მიწის ნაკვეთები ებოძათ შემდეგ თავადებს: ანდრონიკაშვილებს, ბარათაშვილებს, გურიელებს, გურამიშვილებს, ჯავახიშვილებს, ჯაფარიძეებს, კავკასიძეებს, ქობულაშვილებს, ორბელიანებს, მხეიძეებს, რატიშვილებს, სააკაძეებს, ხერხეულიძეებს, წერეთლებს, ციციშვილებს, შალიკაშვილებს და სხვ.
ცნობილია შემთხვევები, როდესაც ქართველი ემიგრანტები საკმაოდ დიდხანს ცდილობდნენ, რათა აღიარებულნი ყოფილიყვნენ თავადებად, წარადგენდნენ რა თავიანთი წარმომავლობის მტკიცებულებებს. რუსეთში თავადებად არ ცნობდნენ თავადთა უკანონო შვილებს, თუმცა ისინი, ვახტანგ VI-ის ამალაში, ზოგიერთ ნუსხაში, მოიხსენიებოდნენ, როგორც თავადები. საქართველოში, თავადის უკანონო შვილს არ ქონდა თავადის წოდებით სარგებლობის უფლება, ხოლო ბატონიშვილის უკანონო შვილს ენიჭებოდა თავადის წოდება. აღიარებდა რა ბატონიშვილების და თავადების უკანონო შვილებს, შესაბამისად, თავადებად და აზნაურებად, რუსეთის ხელისუფალნი ხელმძღვანელობდნენ იმ რეალური სტატუსით, რომელიც ამ პირებს გააჩნდათ რუსეთში ჩამოსვლამდე, სადაც ქართული კანონების მოქმედება უკვე წყდებოდა.
ქართლში და კახეთში თავადთა და აზნაურთა ოფიციალური ნუსხა შედგენილი იქნა მეფე ერეკლე II-ს ბრძანების თანახმად და იგი წარმოადგენდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ოფიციალურ დანართს. ამ ნუსხაში მოხსენიებულია 62 თავადური და 317 აზნაურული გვარი, რომელთაც, აღნიშნილი ტრაქტატის საფუძველზე, მინიჭებული ქონდათ რუსეთის თავად-აზნაურულ გვარებთან გათანაბრებული უფლებები.
რუსეთთან საქართველოს მიწების მიერთების (ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის) შემდეგ, თავად-აზნაურობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილებოდა საქართველოს უმაღლესი მთავრობის საერთო საკრებულოში, იქიდან კი იგზავნებოდა დასამტკიცებლად სანქტ-პეტერბურგში– ჰეროლდიის დეპარტამენტში.
1818 წელს დაარსდა ქართული (შემდგომში თბილისის) თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულო. უკვე რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მეფობის დროს, თავადებად დაამტკიცეს საქართველოს მრავალი გვარის წარმომადგენლები. მოგვიანებით, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის ბრძანების თანახმად, 1846 წლის 30 მარტს, შეიქმნა ორი დროებითი კომისია, თბილისში და ქუთაისში, “для приведения в известность” იმ პირთა წოდების საბოლოო აღიარებისათვის, რომელნიც განეკუთვნებოდნენ საქართველოს თავადურ და აზნაურულ ფენას. 1850 წლის 6 დეკემბერს იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებულ და, შემდგომ, დაბეჭდილ იქნა ქართლის, კახეთის, იმერეთის და გურიის თავადური და აზნაურული გვარების საოჯახო საგვარეულო ნუსხა (“Именные, посемейные списки княжеских и дворянских родов Грузии, Имеретии и Гурии”).
სამეგრელოში რუსეთის მთავრობამ დაიწყო თავადური და აზნაურული გვარების აღრიცხვა მას შემდეგ, რაც იქ გააუქმა სამთავროს ავტონომია. კავკასიის კომიტეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულ იქნა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ 1865 წლის 29 ივნისს, ამ მიზნით, გამოიყო სპეციალური კიმისია. ამ კომისიის მიერ, 1866-1867 წლებში შედგენილ იქნა სამეგრელოს თავადთა და აზნაურთა საგვარეულო საოჯახო ნუსხა. 1868 წელს დაარსდა ახალი კომისია და მის მიერ შედგენილი თავად-აზნაურთა საგვარეულო ნუსხა გამოქვეყნებულ იქნა 1890 წელს. მასში მოიხსენიება სამეგრელოს შემდეგი თავადური გვარები: დადიანი, ანჩაბაძე, აფაქიძე, ასათიანი, ახვლედიანი, გარდაფხაძე, გელოვანი, დადეშქელიანი, დგებუაძე, ჯაიანი, ქოჩაქიძე, მიქაძე, მხეიძე, ფაღავა, ჩიქოვანი, ჩიჩუა და შელია.
1870-იან წლებში აფხაზეთში თავადების (ათუადი) და აზნაურების (აამსტა), ხოლო სამურზაყანოში თავადების და აზნაურების (ჟნოსკუ) სიების შესადგენად ასევე იქნა დაარსებული სპეციალური კომისიები. აქაურ თავად-აზნაურთა ნუსხა შედგენილი იქნა 1880 წელს. აღნიშნულ ნუსხაში მოხსენიებულია შემდეგი თავადური გვარები: შერვაშიძე (აფხ. ჩაჩბა), ანჩაბაძე (აფხ. აჩბა), ძიაფშ-იფა (ქართ. ზეფიშვილი), ინალ-იფა (ქართ. ინალიშვილი), მარშანია, ჩააბალურხვა (ქართ. სოტიშვილი), ჩქოტუები და ემუხვარები. სამი აფხაზური თავადური საგვარეულო: არედბა, გეჩბა და ცანბა, კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ, 1864 წელს გადასახლდა თურქეთში.
და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ თავადური გვარების მრავალმა შთამომავალმა ჰპოვა ფართო აღიარება, როგორც მწერლებმა, მეცნიერებმა, კულტურის, სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც.
იოსებ ბიჭიკაშვილი
-
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
ამირსპასალარი
-
ამირსპასალასალარი, ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონასპას, საფეოდალოებიდან გამოყვანილ ლაშქარს და დაქირავებულ რაზმებს.
გამუდმებულ საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის ამორსპასალარის თანამდებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ლაშქრობის ...
მმართველობის ადგილობრივი აპარატი
-
XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ ...
ნაგლაძე
-
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც ...
ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...
ანთაძე
-
აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების ...
ბერიძე
-
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები. ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. 1664 წლამდე მესტუმრეთუხუცესის ...
ბერაია
-
თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია
გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.
მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...
ამაშუკელი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“. ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ ...
ვაჩნაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ...
გაბუნია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ...
-