ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.

 ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა წარჩინებულესნი და შემძლებელნი» არიან «ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი, ენდრონიკასშვილი, ჯორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახვახისშვილი, რუსისშვილი, ჯანდიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი, გურამისშვილი და ტუსიშვილი-ზედგენიძე». ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ვაჟი იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში - «შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა» თავადი ჭავჭავაძეების წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: «თავადი ჭავჭავაძე, არიან ორ გვარად, პირველნი რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინა, იგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფისა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ფშავის მთითვე ჭავჭეთის ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდნენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნი, რომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა, 2) მელქისადეკისა შვილები. ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდან მოსრულნი, რომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსა. გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემ ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდენ მამუჩის შვილებად და რომელიცა ახლაცა იწოდებიან მამუჩის შვილებად: 1) ივანეს შვილები, 2) ბერი ნაზირის შვილები და 3) გარსევანის შვილები და სხვანი».

 პირველი დოკუმენტური ცნობები თავად ჭავჭავაძეთა შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ამ ჭავჭავაძეების გერბიchavch tsin წინანდლის შტოსაგვარეულოს უძველესი, ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ფაროდი (ფარიდონ) ჭავჭავაძე; იგი იხსენიება 1440 წლის სიგელში, რომელიც საქართველოს მეფემ ალექსანდრე პირველმა, დიდმა (1412-1442) უბოძა კათალიკოს შიოII-ს (1440-1443); ფაროდის შესახებ აქ ვკითხულობთ: «ქ. სახელითა ღთისათა ჩუენ პატრონმან მეფემან ალექსანდრე ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგაჴსენეთ თქუენ... დედა-ქალაქსა მცხეთისა საყდარსა და... ქართლისა პატრიარქსა კ~ზსა შიოს მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისა და შლილობისაგან მცხეთისა და გარესჯისა უდაბნოსა მამულთა მათნი მემზღურენი შემოეცილნეს და რაცა არაგუსა აქათ მცხეთისა მამულნი იყუნეს, მეჟმეობით, რომელთამე მიიტაცნეს, ვქენით მოკითხული და რა გუარცა გუმართებდა, ძველნი გუჯარნი და სიგელნი მოვახუმევინეთ და ვითა არავის მართებდა, აგრე ჩამოვხსენით და არავის-რა საქმე დავადებინეთ არა დიდთა და არა მცირეთა, რა გუარცა არავინ ღირს ყოფილა: ჭავჭავაძესა ფაროდის ზენკელისძისა პროკოპისათჳს ნატყუარი სიგელი დაეწერინა ვანთა, ვარცისა და დუმას-უბნისა და რაგუარცა ტყუილი იყო, აგრე გავაცუდეთ და ფიცითა გარდაწყდა და უდაბნოსავე დარჩა. ამას გარედ რაცა გარესჯისა უდაბნოსა მამულნი არიან და გუჯრები ძეს მთას იქითისა და მთას აქითისა, რაგუარათაცა ამას წინად ჩუენთა გუართაგან ხელშეუვალნი ყოფილან, მით წესითა დაგიმტკიცეთ და მოვაჴსენეთ... ამას გარეთ ერწოს ორი სოფელი ნოდოკსა და გორანა მათითა მზღურითა ერთობით ყუელანი, რაგუარცა ძუელთა გუჯართა შიგა სწერია, ბინწმენი მისითა მზღურითა, ხატის-წობედა, ძაგ ნაკორნათა, რაცა მცხეთისა არის, ჯუარი, ჯაჭჳ, ფოსუი, კუტალას ორნი, კუამლი კაცნი. ამას გარეთ ნიწობლის ძისეულისა მამულისა და ოქროპირის შვილისა მამული, გარდაუწყვეტელი დარჩა და სააჯოს კარი არა დაგეჭიროს; და ვისაცა მცხეთისა და გარესჯისა მამულთანა საქმე ედვას, იგი სამართლითა გარდაწყდეს. ქკს: რკვ».

 XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობდნენ კახეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც მეფის კარისკაცნი, მრჩევლები, დესპანები, მხედართმთავრები და მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები.

 ისტორიული წყაროები და, აგრეთვე, ხალხში დარჩენილი ზეპირსიტყვიერი გადმოცემები მოწმობენ, რომ თავადი ჭავჭავაძეები კახეთის მკვიდრნი არ ყოფილან. ისინი საქართველოს სხვა კუთხიდან მოვიდნენ «ალაზნის დიდ ჭალას» და იქ დასახლდნენ.

 ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი, გრიგოლ ყიფშიძე 1913 წელს წერდა: «გადმოცემა ამბობს, რომ ჭავჭავაძენი ხევსურეთის მკვიდრნი იყვნენ, იქიდან არიან გადმოსულნი და ამ გვარის კაცნი დღესაც არა ერთი და ორი კომლია ხევსურეთში. ეს გვარი აქა-იქ გლეხკაცებად სცხოვრობს დღეს (XX ს. დას.) ქართლშიც, მაგალითად ცერონის-ავლევში».

 ამ ფაქტსავე აღნიშნავს იოანე ბატონიშვილი თავის ცნობილ ლიტერატურულ ძეგლში - «კალმასობა», რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი და ისტორიული პირი გარსევან ჭავჭავაძე ამბობს: «მე მთის კაცი ვარ და რა კაცის მტრობა ჩავა ჩემს გულში, არღა ამოვაო».

 ჩვენამდე მოღწეულია ხალხური ლექსი, სადაც ფშავის სანახებთან გეოგრაფიულად დაკავშირებული ჭავჭავაძეთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის ბრძოლა და სიკვდილია აღწერილი:

«ბრალია შენი სიკვდილი
ფუძნარში, ჭავჭავაძეო,
თავზე გჭირს სამი ნახმლევი,
ზედ ერბო-კვერცხი გაძეო!»

 ფუძნარი ძველი სოფელია, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების მთის ძირას, თიანეთისა და დუშეთის რაიონების მიჯნასთან, ჟინვალის აღმოსავლეთით.

 არსებობს თავად ჭავჭავაძეთა წარმოშობის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ვიდრე ისინი კახეთში გადმოსახლდებოდნენ, ცხოვრობდნენ ჯერ ქართლში და შემდგომ ფშავში დასახლდნენ.

 XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო სამ სამეფოდ დაიშალა, რასაც სათავადოების ჩამოყალიბება მოჰყვა. ამ დროსაა სავარაუდო შექმნა ჭავჭავაძეთა სათავადოსი, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა გურგენიძეებისა და ჯორჯაძეების სათავადოები, აღმოსავლეთით ქიზიყის სამოურავო, სამხრეთიდან ჯანდიერების, ხოლო დასავლეთიდან მაყაშვილების სათავადოები.

 თავადი ჭავჭავაძეები ორ შტოდ იყვნენ გაყოფილნი. ერთი შტოს რეზიდენცია ყვარელში, ხოლო მეორისა - წინანდალში იყო. XVI-XIX სს-ში იქ მათ სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია ჰქონდათ. ყვარელის ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალე ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია იყო და არის დღესაც.

 ჭავჭავაძეების სათავადოს, ისევე როგორც სხვა სათავადოებს, სამართავად უნდა ჰყოლოდა თავისი მოხელეები (მოურავი, მდივანი, მამასახლისი, ხელოსანი და სხვ.), მაგრამ ამის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის.

 XVI საუკუნიდან მოყოლებული, თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები ქართულ ისტორიულ საბუთებში არაერთხელ იხსენიებიან. მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიგელში, რომელიც 1517 წლით თარიღდება, მოხსენებულნი არიან ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წევრები: «...ესე... სიგელი... მოვაჴსენეთ თქუენ... (მცხეთას) და კზ~ს ბასილის ჩუენ ჭავჭავაძეთა როშნიას შვილთა: ზაალ, დასტან, მანუჩარ და გიორგი... ოდეს ჩუენი ძმა შემოგუაკუდა... შემოგწირეთ მისთჳს... (საკანონოდ) ახალ-კალოს ჩუენნი მკჳდრნი ყმანი ლურსასძენი... და ახმეტას ვენაჴი..., რისაც მამული(იქ მსხდომნი გლეხნი) მქონებელნი ყოფილან... დაიწერა ქკ»ს: სე:». [ბოლოს სხვა ხელით]: «ახლად ჩუენ გიორგის შვილნი(ჭავჭავაძენი) გარსევან და ბეჟან შევეცილენით ლუარსას ძეს სამნიას მამულსა... ესე სიგელი მოიტანეს (ლურსასძეთა)... შევაკმეთ... და... კიდევ შევწირეთ».

გარსევან ჭავჭავაძე კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605) მიერ 1584 წელს გაცემულ წყალობის წიგნში მოხსენებულია გარსევან ჭავჭავაძე, რომლის მამული და ყმა მეფემ უბოძა თავის ერთგულ თავადებს: «[ქ.]... [ჩუენ, ღ[უ]თ]ივ გუირგუინოსანმან, ძლიერმან და მტერთაგან უძლეველმან, ღ[უ]თივ დამყარებელმან და ღ[უ]თის მსახურმან საქართველოსა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ხელმწიფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თინათინ და ძეებმან ჩუენმან პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი და პატრონმან კონსტანტინე, ესე უთუო და უთუომცაი დროდაუდებელი მიზეზ-შემოუღებელი და ჟამთა აღსასრულამდის გასათავებელი წიგნი და მტკიცე სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა და თავგაწირვით ნამსახურთა და ჩუენთა თანა-შეზრდილ-გაზრდილთა ყმათა და ჩუენთა სამსახურზედან მრავალფერად ჭირნახულთა ჯანდიერიშვილს არსლანს და თქუენთა შვილთა, დავითს, გივსა და რევაზს და მომავალთა თქუენთა ყოველთავე, მას ჟამსა როდესცა მოხუედით კარსა ზედან დარბაზისა ჩუენისათა და ამასგუეაჯენით, რითანცა შეგუეწყალენით და ნამსახურთა თქუენთა სამუქფო წყალობა გუეყო; აწე ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ, და ეგრეთ არა გიწყალობეთ, ვითარცა ერთგულად ნამსახურსა თქუენსა ვემართლებო-დით, და გიბოძეთ თქუენთუის სამკუიდროდ ენისელთათ ჭავჭავაძის გარსევანისეული კაცი კუამლი ექუსი და ყუორუღი ერთი, საკანს დანიელაშვილი და მისი განაყოფი მათის ყმებითა და წისყუილითა, სხუა კაცი კუამლი სამი, გორამიყარს გოგოღლასეული კაცი კუამლი ორი, ბარაუნთათ ქაღალდასეული კაცი კუამლი ერთი, კიდევე ბარაუნში, ჯანაანი კაცი კუამლი თექუსმეტი, კიდევე ბარაუნთათ ქამბაათისეული კაცი კუამლი თხუთმეტი და ახმეტას ვენახი ერთი ჯოთენურისეული; ესე ამითისა სასახლითა, ქუევრ-მარნითა, ვენახითა, წყალ-წისქუილითა, სახნავითა, სათიბითა და უთიბითა, ტყითა და მინდურითა, სახმრითა და უხმრითა, მათისა სამართლიანითა ყოვლითურთ უნაკლულოდ თქუენთუის სამკუიდროდ გუიბოძებია ასრე და ამა წესითა რომე ამა ჩუენგან ნაბოძებსა ყმასა და მამულსა ვერცა თყუენი ძმები, ვერცა მათი შვილები და ვერა თქუენი სახლისკაცი და ნათესავი ვერა დაგეცილოსთ და ამა ჩუენგან ნაბოძებსა ყმასა და მამულზედან ხელი ვერავინ დაიდვას, სამკუიდროდ თქუენთუის და თქუენთა შვილთათუისგუიბოძებია ყოვლისა კაცისაგან ხელშეუვალად და, თუ ვინმე დაგეცილოს, პასუხის გამცემი ესე ჩუენგან ნაბოძები სიგელი იყოს, რომე ამა ყმასა და მამულზედან თქუენის სახლის-კაცსა ხელი არავის აქუს, ხელშეუვალად თქუენთუის გუიბოძებია. აწე გქონდესთ და გიბედნიეროს ღ»თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან-ბრძანება ესე საბოლოვოდ ნიშნად გუიბოძებია. დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა წელიწადსა მეათესა, თუესა ივლისსა შუიდსა, ქკ» სა ს:ო:ბ: და ლაშქარ-ნადირობასა და სათათროსა საურისაგან კიდე სხუა საჩუენო სათხოვარი, გამოსაღები და ბეგარა ამა თქუენსა მამულსა არა ეთხოვებოდეს. დაიწერა წიგნი ესე კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ფრიად ცოდვილისა მთავარასძის ზურაბისაგან. ხელმწიფე ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღმრთისაითა ამენ»

 XVI საუკუნის ბოლოს ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები იმდენად დაუახლოვდნენ კახეთის სამეფო კარს, რომ სახლთუხუცესის და მოლარეთუხუცესის მაღალი თანამდებობები დაიკავეს. დავით-გარეჯის მონასტრის 1590 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენებულია კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი იასონ ჭავჭავაძე, რომელსაც მონასტრისათვის შესაწირავი მიუძღვნია: «მე, ჭავჭავაძემ სახლთუხუცესმან, პატრონმან იასონ, შემოგწირე და მოგახსენე გრემს მსახლობელი ჩვენინასყიდი ერთი კვამლი ურია აფია და მისნი შვილნი. მათისა სამართლიანისა ნასყიდისა და უსყიდისა მამულით».

 XVII საუკუნის ნახევრის (დაახ. 1646-1655 წწ.) ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე: «ქ... ესე გარდაწუვეტილობისა წიგნი მოგეცით(ჩუენ) შალიკაშვილმა პატრონმა როსტომ და ჩემმა შვილმა პატრონმა ზურაბ და გიორგი თქუენ, ავალიშვილსა ალავერდელსა პატრონსა არსენის; ასე და ამა პირსა ზედა, რო მე მეფემა პატრონმა როსტომ ამოწყუეტილის იოთამის თავნელიშვილის კერძო მამული გუიბოძა სამკუიდროთ და საბოლოოთ და იმას ერთი იმერელი მოსლოდა და რხვითს მეზურეთ დაეყენებინა, აიყარა და შალვაშვილის ბახუტას დროშია ალავერდს შემოიხვეწნეს და გუიბოძეთ ფასი სრული და რითაც ჩუენი გული შესჯერდებოდა და მოგყიდეთ კენჭაძე მახარა და შვილნი მისნი და შიო, გიორგი და დათუნა, შვილიშვილნი და მომავალნი სახლისა მისისანი მოგეცით თქუენ და ძმათა ტქუენთა პატრონსა ავალსა, ქაიხოსროს, ღონეჰნასა, შვილთა მათთა ლევანს, გიორგის, იოვანეს, ზაალს, სვიმონს, ზურაბს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათარათაც გინდოდეს, ყოვლადფერით მოიხმარეთ, თქუენი მცილე არვინ იყოს დღეს და დღეის უკან თუ ქართლისაკენ წამოვიდეს, ისევე მოგართვათ. არის ამისა მოწამე თვითონ ერისთვის უმა ბანცური ივანე, ყავარდელი ყღული, სეხნია წვიმეტიძე, მეტრეველი მამუკა, გოშიძე პაპუნა, ეპეტაშვილი დვანელი გოგია, საყდროვანი დეკანოზი აბრამ და კანდელაკი, მოლარეთ უხუცესი ჭავჭავაძე მამუკა და სულ საალავერდონი. ვინცა ესე ასე არ გაგითაოს, თავადამაც რისხვს ღმერთი... და თვით დიდი წმინდა გიორგი ალავერდისა».

 შესაძლებელია, სწორედ ეს მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძე მოიხსენიებოდეს ხალხური ლექსში, სადაც აღწერილია მისი გმირული სიკვდილი ლეკებთან ბრძოლაში:

«შენ მამუკა ჭავჭავაძე
გონიერო და ჭკვიანო,
ზღვის პირს გაზრდილო ლერწამო,
ბატონის კარს ოქმიანო,
გლეხნი გაქებენ, თავადნი,
ყეინნი კახს გეტყვიანო.
გომბორს ჯარი გადმომდგარა,
თურდოზე ჩამოდიანო,
ქვა სტირის, ქვიშა დასძახის:
მამუკას თავსა სჭრიანო,
ახალ მოვისა პერანგსა
ძაღლი ლეკები ხდიანო.
წინანდლის ციხევ მაღალო,
რისთვის აგაგე ტიალო,
ზედ მოწყობილო მარანო,
საწოლო ფანჯარიანო»

 არჩილ მეფის (1647-1713) პოემაში «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა», მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1648) თანამედროვე «გარსევან ჭავჭავაძე, გულბაათის შვილი», რომელსაც ასევე თავი გამოუჩენია ლეკებთან ბრძოლაში.

 XVII საუკუნის 50-იან წლების ერთ ისტორიულ დოკუმენტში იხსენიება ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს წარმომადგენელი მამუჩი ჭავჭავაძე, რომლის შთამომავლები ცნობილნი არიან როგორც «მამუჩაშვილები»: «-ქ»კს: ტმბ [1654 წ.]: ქ. შემოგვეცილნეს ჩუენ წინ საგარეჯოველთ მთის საზღვრის ჭავჭავაძე მამუჩი და მისი ძმისწული გიორგი და გულბათ და იასონ... ფიცი ჩვენვე მოგვარ და... დავიფიცეთ ჩ»ნქკ»მან ქრისტეფორემ და საგარეჯოს მოურავმან ჯანდიერიშვილმა როსებ... დაიწერა ქკ»ს: ტმბ: იანვარს: ბ: ჴელითა ჭერემელ ებისკოპოზის (რუსიშვილის) ეპიფანესითა».

 XVIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში (სიგელ-გუჯრებში) ხშირად გვხვდებიან თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენლები. კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (1722-1732) სიგელში, რომელიც დათარიღებულია 1726 წლით, იხსენიებიან: სუფრაჯი გიორგი მამუკას ძე, მეჯინიბეთუხუცესი გარსევან რამაზის ძე და მისი ძმები - მამუჩი, სულხანი და მერაბი. აქ ისიც არის აღნიშნული, რომ ჭავჭავაძეთა «მამა-პაპანი» დიდად ნამსახურნი ყოფილან საქართველოს მეფეთა კარზე. «ერთგულებასა სამსახურსა შინა აღსრულებულ იყვნეს, რამე თუ მრავალნი შრომანი და ჭირნი თავს ესხნეს და მრავალ ჯერ ექსორია ქმნილ-იყვნენ უცხოთა ადგილთა და ქვეყანათა კურთხეულთა მათ-მამათა და პაპათა ჩვენთა თანა». ამიტომო, _ «ხოლო აწ რომელნიცა დაშთომილ იყვენით შვილნი მათნი, უფროსნი მსახურებანი აღესრულენით, რამეთუ არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად». «ვისმინეთ აჯა და მოხსენება და დავამტკიცეთ რაც რომ მამული მამა-პაპათა თქვენთა ჰქონოდეს იმგვარად გაგიახლებია თქვენი სამკვიდრო მამული ურიათუბი, რისაც მქონებელი იყვნეთ, წინანდალი, რისაც მქონებელი იყვნეთ, ახალკალო მთით და ბარით, მუკუზანი მთითა და ბარით, ველის ციხე, რისაც მქონებელი იყვნეთ, შილდაც, რისაც მქონებელი იყვნეთ, შალვაურს, რისაც მქონებელი იყვნეთ, ქვემო ხოდაშენს რისაც მქონებელი იყვნეთ, იღოველი როგორც გქონებოდეს, კოჭბა, როგორც გქონებოდეს, ახთალა, რაც გქონებოდეს, ენგიანი ენისელში კანდახი, თოფრა-ყალა, ყურუ-ბაღჩა, აღოზანი სულ რაც ამათი ყოფილიყოს ენისელში რაც სახელოდ გქონდებოდეს ის დაგვიმტკიცებია... ახლა ჩუენს ერთგულობასა შინა სამოურავოდ გიბოძეთ ძაგნაკორს ლაფანასშვილები გქონდეს და გიბედნიეროთ».

 ილიას ჭავჭავაძის პაპის მამას, ბესპაზს თავი გამოუჩენია ხუნძახის ხანის ნურსალ-ბეგისა და მისი 20 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში 1755 წელს, ყვარლის ციხის დაცვისას. როგორც მეფეების, თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა მეომრებთან ერთად, ბესპაზ ჭავჭავაძემ «რჯულის, გულისათვის თავი საყათლანოთ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოდა» და ყვარლის ციხე-სიმაგრეს ალყაშემორტყმული ხუნძახის ხანი და მისი ლაშქარი სასტიკად დაამარცხა და უკუაქცია. გრიგოლ ორბელიანმა პოემაში «სადღეგრძელო» წარმოაჩინა «კახეთის თვალის ყვარელის» გადასარჩენად თავგანწირულ გმირთა ბრძოლის ბრწყინვალე სურათი:

«რა ცეცხლი გაჩნდა გაღმა-მხარს, რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?
მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა!
ოცდარვა დღეა, რაც ისმის ხმა ომის შეუწყვეტლისა!
გაჭირდა... ციხე მისუსტდა... სად არის ხელი მხსნელისა?
. . .
გაჩნდნენ... დაჰკივლეს... ხმალ და ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი
და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი!».

 თავად ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელნი სასულიერო მოღვაწენიც იყვნენ. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის (1744-1798) მეფობის დროს სამეფო კარის მოძღვარი იყო ამბაკო გარსევანის ძე ჭავჭავაძე. მისი სახელი აღბეჭდილია ქ. თელავის სამეფო კარის ეკლესიის ვერცხლის ხომლზე: «ქ. ჩვენ ქართლისა და კახეთის და სხვათა მპყრობელმან მეფემან ირაკლი მეორემან გავაკეთებინეთ ჴვამლი ესე თელავის კარისა ღვთისმშობლის ეკლესიისათვის კარის წინამძღვრობასა ამბაკო მისისა ჭავჭავაძისასა... წელსა ჩყპგ (1783წ.)».

 თავად ჭავჭავაძეთა ყვარლის შტოს წარმომადგენელმა, ილია ჭავჭავაძის პაპამ, პაატა ბესპაზის ძემ 1792 წელს თავი გამოიჩინა, რათა სოლომონ მეორეს ხელმეორედ დაებრუნებინა იმერეთის სამეფო ტახტი. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წიგნში «ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა» წერს: «ამას (პაატა ბესპაზის ძეს) მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისაკენ მუნ მისრულთა ლეკთა, შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ».

 მეფე გიორგი მეთორმეტემ 1800 წელს პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძეს უბოძა ხუთასისთაობა გაღმამხარის, ბახტრიონიდან მოკიდებული გავაზამდე. სიგელში ნათქვამია: «ეცადე ერთგულად გვემსახურო, სანაცვლად ჩვენგან წყალობას ელოდეო. როცა ჯარი დაგვჭირდება, შენ უნდა გამოიყვანო და განაგოო. დაწესებულ ჯამაგირისა და ულუფას ჩვენგან მიიღებო».

 მეფე ერეკლე II-ის ეპოქას მიეკუთვნება სახელმწიფო მოღვაწე, ქართველი დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩი რუსეთისგარსევან ჭავჭავაძე საიმპერატორო კარზე თავადი გარსევან ჭავჭავაძე. 1783 წლის 24 ივლისს, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა, გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს. 1784-1801 წწ. იგი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის იმპერატორის კარზე. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი მის შესახებ წერდა: «ჰაზრი მისი იყო ემსახურა მამულისათვის, ჰფიქრობდა მეფისათვის და დამშვიდებისათვის აღრეულთა ქართველთა». იონა მეუნარგიას სიტყვით: «გარსევან ჭავჭავაძე იყო მწიგნობარი, მას ჰქონდა ყოველგვარი მისი დროის განათლება. იცოდა რუსული ენა და სასახლეში უპირველესი ადგილი ეჭირა... საქართველოს თავად-აზნაურობაში გარსევანი იყო ყოველთაგან პატივცემული, და პეტერბურგში გადასახლებულ ქართველობასთან დიდი განწყობილება ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ერეკლემ ის პირველ ელჩად აირჩია ისეთ მძიმე საქმეში». მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ.), გარსევან ჭავჭავაძე მისი მემკვიდრის მეფე გიორგი XII-ის (1798-1800) დროსაც განაგრძობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შესრულებას რუსეთის იმპერატორის კარზე. გარსევანის ვაჟის, რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო როგორც წინანდალში, ასევე თბილისში, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოში მყოფი რუსი და ევროპელი მოღვაწენი. და ბოლოს, თავად ჭავჭავაძეთა შთამომავლები დღეს ცხოვრობენ დამოღვაწეობენ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

 

იური ჩიქოვანის წიგნიდან "თავადი ჭავჭავაძეები"

save2-32 ჭავჭავაძე გვარის ისტორია



ფიცხელაური

 აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ ...

ბეჟანიშვილი

ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში.

 1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია ...

ქოჩაკიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). ...

ნაგლაძე

აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც ...

ანჯაფარიძე

ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.

 „ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და მადლო, და ...

ავალიშვილი

ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...

ანანიაშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ ...

გვარამაძე

ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე. რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ...

ათაბაგი

 საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...

ანთაძე

აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. ...

აბაშიძე

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს–ის ...

მმართველობის ადგილობრივი აპარატი

  XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ ...