ჯორჯ ბალანჩინი – ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, 1923 წელს – პეტროგრადის კონსერვატორია.
1921-24 წლებში იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), “უიღბლო ეუგენი” (ე. ტოლერის ამავე სახელ წოდების პიესა). 1923 წელს ხელმძღვანელობდა პეტროგრადის “ახალგაზრდა ბალეტს”, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლომინსკი და სხვ.). 1924 წლიდან ჯ. ბალანჩინმა რუსეთი დატოვა. 1925-29 წლებში იყო პარიზის “ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის” მთავარი ბალეტმაისტერი; 1932 წელს – ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოსა“ და „ბალე – 1933-ის“ ბალეტმაისტერი.
1933 წელს იგი მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“. ამ სკოლის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასი (1948 წლიდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). 1934 წელს ჯ. ბალანჩინმა ამერიკიდან ევროპას ახალი ტიპის ხელოვნება შესთავაზა – დადგა პ. ჩაიკოვსკის „სერენადა“, რომლითაც ბალეტის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. ჯ. ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვ. ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. 1950-60-იან წლებში ჯ. ბალანჩინმა დადგა არაერთი წარმატებული საბალეტო სპექტაკლი; მათ შორის პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“, რომლის შესრულებაც ამერიკაში საშობაო ტრადიციად იქცა. ჯ. ბალანჩინი ცნობილია როგორც უსიუჟეტო, ე.წ. აბსტრაქტული ბალეტების დამდგელი. იგი ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“.
ჯ. ბალანჩინი გარდაიცვალა ნიუ-იორკში. დაკრძალულია ოკლენდის სასაფლაოზე.