ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ბერის ძე ქოჩაკიძე იყო აგრეთვე მარტვილის მოურავი.
თავად ქოჩაკიძეთა გვარი მომდინარეობს ქუშანგ ანუ ქოჩანგ-იდან, რომელიც `არის ადგილსა ხორასნის მხარეს ხორაზმისასა და, ოდეს ზაქარია მხარგრძელმან ბრძო ხორასნელთა დროსა თამარ მეფისასა, მაშინ ქოჩანველი მთავრის ძე, მცირე ყრმა მოიყვანა მძევლად; ესე ყრმა მონათლეს ქრისტიანედ და დაასახლეს ოდიშში და იწოდა თავადად ქოჩაქიძედ ‘’. ცნობას ქოჩაქიძეთა გვარზე ვპოულობთ 1616-1621 წლებით დათარიღებულ აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდ დავთარში, “ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა და შვიდ ცათა უმაღლესისა ბიჭვინთისა ღმრთისმშობლისათა. არის საქოჩაქ[ი]ძეო დადიანის ბატონის ლევანის წყალობა მამული თავს ჯგალის ციხე, სასახლე’’.
ლევან ბერაია