აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.
ისტორიულად შელიები თავადებიც ყოფილან, აზნაურებიც და გლეხებიც. კერძოდ: ნაჯაგუს შელიები თავადები იყვნენ, საჩინოელი შელიების მცირე ნაწილი – აზნაურები (მათ ევალებოდათ აფაქიძეების ხლება მგზავრობისას), ხოლო უმეტესი ნაწილი გლეხები. 1904 წ. ჩხოროწყუში, ლეჯიქეში, მოიდანახეში, ნაჯაგუში, ახუთში, ზენში, ჭოღაში, ლექარჩეში, ლეწურწუმეში, ჯვარში მოსახლე შელიები თავადები არიან, ხოლო ჭაქვინჯში მოსახლე შელიები აზნაურები.
ე.ი. კ. ბოროზდინს შელიები დადიანების ძველ გვარად მიაჩნია, ამავე აზრს იზიარებდა არქანჯელო ლამბერტიც. რა თქმა უნდა ეს მცდარი შეხედულებაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შელიები წარჩინებულ გვარს წარმოადგენდა ძველ ოდიშში.
ლევან ბერაია