გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.
გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე გიორგის ასული გურამიშვილი (გარდაიცვალა 1817 წ. დაკრძაულია რუისის ტაძარში). მათ ჰყავდათ შვილები: 1. მარიამ დედოფალი. 2. ედიშერ (ედიშერის მეუღლეა გუქა გიორგის ას. ავალიშვილი. ამათი შვილები: გიორგი, კირილე). 3. თემურ – თეიმურაზ (თეიმურაზის მეუღლეა ქეთევან დავითის ასული ორბელიანი. ამათი შვილები: ნიკოლოზ, დიმიტრი, ანასტასია).
გიორგი ციციშვილს „ღალატობისათვისა ყურები დასხეპილი ჰქონდა და ხელსახოცით ახვეული იყო ხოლმე“ (პუპლია. ს- კაკაბაძის ,,წერილები და მასალები“. გვ.38). „ასოთა მიღებით დასჯა არა ნიშნავდა თავადის ღირსების ახდას. ამის მრავალი მაგალითია საქართველოში. მაგ. გიორგი ციციშვილი ყურების მოჭრით იყო დასჯილი, მაგრამ შემდეგ მეფე გიორგის სარდალი იყო. მეფემ კი მისი ქალი ცოლადაც შეირთო. საქართველოში ჯალათები არ არსებობდნენ, ამიტომ ჯალათის მოვალეობას შეასრულებდა ის თავადი ან აზნაური, რომელსაც მეფე უბრძანებდა“ (გენ. მაიორის ს.ტუჩკოვის ბარათი 1805 წ. ბოლოს იმპერატორისადმი წარსადგენი).
1801 წ. გ. ციციშვილმა შეადგინა თავისი შემოსავლისა და სარჩოს ნუსხა (6700 მან.), რომელსაც ბოლოს მიაწერა: ,,ეს არის ჩემი შემოსავალი და ნება მათის დიდებულებისა არის. ამას ვევედრები მოხუცებული, რომ ჯამაგირი და ნიშანი მებოძოს და ხელმწიფის დღე ვითხოვო მოხუცებულმა სარდალმა გიორგიმ ციციანოვმა“ (ლენინგრადის ცსია, იმპერატორის აუცილებელი საბჭოს ფონდი 1801 წ. საქმე №266, ფ.86).
1800 წ., მარიამ დედოფალმა მამას უბოძა სიგლით სოფ. ახილო. მარიამისათვის ერეკლესაგან პირის სანახავად ბოძებული (საქ. სიძვ., III. 343). ეს სიგელი მარიამმა 1806 წ. გამოუგზავნა რუსეთიდან მამას, მაგრამ პავლე ციციანოვის სიკვდილის გამო ის ვერ ჩაბარდა გიორგი ციციშვილს. ეს საბუთი გუდოვიჩმა, რაკი ამასობაში გ. ციციშვილი გარდაიცვალა, გადასცა მის შვილებს (Архив Гос. Совета, Т. III, Ч. II. с. 193). ე.ი. გიორგი ციციშვილი გარდაიცვალა 1806 – 1807 წლებში.