აზნაური (აზნაურის განმარტება)
-
აზნაურობა შეადგენდა ფეოდალურ სისტემის უკანასკნელ საფეხურს, რომლის საშუალებით ზემოთ მდგომი მემამულეები ახორციელებენ თავის უფლებებს გლეხობაზე. აზნაურებს უშუალოდ ჰქონდათ საქმე გლეხობასთან, ისინიც მემამულეები იყვნენ, მხოლოდ უფრო მცირე, და დამოკიდებული იყვნენ ბატონისაგან, როგორც მეფის, ეკლესიის ან თავადების ხელქვეითნი - „ვასალები”.
ხშირად კარგი სამსახურისა და რაიმე საქმეში თავის გამოჩენისათვის მეფე ან სხვა ფეოდალები - ბატონები უბოძებდენ გლეხს აზნაურობას, როგორც ხარისხს, წარჩინებას და თან ადგილ-მამულის წყალობით აჯილდოვებდენ.
აზნაურის საერთო მოვალეობა იყო ბატონის - მეფის, ეკლესიის, თუ თავადის სალაშქრო სამსახური და გადასახად-ბეგარის შესრულება. ყველა ამას აზნაური ასრულებდა გლეხების საშუალებით, რომლებიც ნაბოძებ მამულში ცხოვრობდენ და რომლების უშუალო ბატონ-პატრონი აზნაური იყო.
ნაბოძები მამული აზნაურთა სრულ განკარგულებაში მაინც არ იყო. მათ ეკუთვნოდათ სარგებლობის უფლება, როგორც ყველა ხელქვეითს - „ვასალს“; სრული განკარგულებისათვის საჭირო იყო ბატონის (,,სუზერენის“ ) - მეფის, ეკლესიის, თუ თავადის ნებართვა.
აზნაურები სამ კატეგორიად იყოფოდენ: სამეფო, სახაზინო და სათავადო. სამეფო აზნაურები უფრო მაღლა იდგენ თავისი უფლებებით და გავლენით, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურნი. ისინი ახლო იყვნენ მეფესთან, დედოფალთან, ბატონიშვილებთან, საერთოდ სასახლესთან, მათ ემსახურებოდენ, მათგან იღებდენ სხვადასხვა დავალებას, მათ მამულს პატრონობდენ და, ცხადია, რომ მათ მეტი პატივი და გავლენა ჰქონდათ. მათ შორის ჭკვიანნი, ნასწავლნი და გამოცდილნი მეფისა და სასახლის ყურადღებას იპყრობდენ და წარჩინებასაც იღებდენ.
იმავე დროს აზნაური თავის ბატონის განკარგულებაში იყო. ცხადია, რომ აზნაურთ, როგორც საპატიო წოდების პირთ, ბატონი მეტი სიფრთხილით ეპყრობოდა, მეტ პატივსა სცემდა მის მდგომარეობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აზნაურის მზითვად გაცემა და გაჩუქება ხშირი მოვლენა იყო. მაგ., კახეთის მეფე გიორგი II თავის დას მზითვად აძლევს აზნაურს გილდაშვილს მთელი მისი მამულით, გლეხებით, ზვრითა და სახნავით. ქსნის ერისთავი დავითი თავის ასულს, ელენეს, 1713 წ. მზითვად ატანს მერიქიფედ აზნაურს ფიცხალაურს და გიორგი აბულაძეს. მეფეს არა ერთხელ უწყალობებია თავადებისათვის აზნაურები მისი გლეხებით და მამულით.
1782 წ. აზნ. რჩეულიშვილის ქვრივმა იჩივლა მეფე ერეკლე II-თან, რომ მისი ბატონები, თავადი მაჩაბლიშვილები, იყოფენ მამულს და მათ სურთ, რომ მისი, რჩეულიშვილის, გლეხები და მამული დაჰყონ, დაინაწილონ. აზნაურის ქვრივი სთხოვს მეფეს, რომ ის თავის გლეხებით მთლიანად მიეცეს გაყოფის დროს რომელიმე ერთ მაჩაბელს. მეფე აკმაყოფილებს ამ თხოვნას და განაჩენში აღნიშნავს, რომ აზნაურების მამულის და გლეხების დანაწილება თავადების გაყოფის დროს არ შეიძლებაო.
ამგვარად, ბატონი-მეფე, მისი სახლობა, ეკლესია, თავადი თავისუფლად განაგებდენ აზნაურების ბედს. აზნაური უბრალო ყმა იქნებოდა და გლეხისაგან ვერაფრით გაარჩევდით, რომ მას ხელქვეითი გლეხები არ ჰყოლოდა. გლეხის ბატონი აზნაურია, აზნაურის-კი თავადი, ეკლესია, ან მეფე. აზნაური ბატონის ხელქვეითია და იმავე დროს გლეხის ბატონი. ბატონი და იმავე დროს ყმა - ეს ახასიათებს ჩვენს ფეოდალურ სისტემას, როგორც ყველა ერის ფეოდალურ ურთიერთობას. აზნაურს ჰქონდა ბატონიდან წასვლის უფლება და სხვა ბატონის მოძებნა, მაგრამ იმ პირობით, რომ მამული და გლეხები დაეტოვებინა და ხელცარიელი წასულიყო. 1793წ. მეფე ერეკლეს, აზნაურ აგლაძის თხოვნის გამო, გამოაქვს შემდეგი განაჩენი: თუ გინდა, წადი, მოშორდი შენს თავადს - ბატონს, მაგრამ გლეხები და მამული დატოვეო.
საეკლესიო აზნაურებს დავალებული ჰქონდათ როგორც ეკლესიის, ისე მეფის სამსახური - სახელმწიფო გადასახადებისა და ბეგარის მოხდისა. მეფე ხშირად ათავისუფლებდა მათ ამ გადასახადებისაგან. მაგ., 1662 წ. მეფე გიორგი ათავისუფლებს სახელმწიფო გამოსაღებისაგან და მეფის სამსახურისაგან საეკლესიო აზნაურს ვახტანგაძეს. 1782წ. მეფე სოლომონმა გელათის მონასტრის საეკლესიო აზნაურები გაათავისუფლა ყველა სახაზინო გამოსაღებისაგან. საეკლესიო აზნაურები ეკლესიის მამულებში ინიშნებოდენ სხვადასხვა თანამდებობაზე; ეკლესიის წინაშე რაიმე დამსახურებისათვის ეკლესია ასაჩუქრებდა მათ მამულით და გლეხებით. მაგ., კათალიკოსმა ქრისტეფორემ 1640 წელს უწყალობა აზნ. ქარსიძეს ოთხი კომლი გლეხი, კათალ. დომენტიმ აზნ. მაღალაძეს საეკლესიო მამული და მოურავობა და სხვა.
სათავადო აზნაურები ყველა აზნაურებზე დაბლა იდგენ. მოწინავე გლეხს, რომელიც ბატონის ყურადღებას დაიმსახურებდა, თავადი აძლევდა აზნაურობას და მით გამოჰყავდა ის ყმური მდგომარეობიდან. ამის შემდეგ, თუმცა ის, აზნაური, ხელქვეითი და ყმა იყო ბატონისა, მაგრამ იმავე დროს თვით მასაც ჰყავდა ყმები. თავადის მიერ გლეხის გადარიცხვას აზნაურობაში ამტკიცებდა მეფე, მაგრამ არა ყოველთვის. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ აღიძრა საკითხი სათავადო აზნაურების უფლებების შესახებ. გამოირკვა (1819წ.), რომ სათავადო აზნაურები ორი ჯგუფისა იყვნენ: ერთი - აზნაურობა წოდებაში თავადის მიერ აყვანილი და მეფის მიერ დამტკიცებული, ხოლო მეორე - მეფის მიერ დაუმტკიცებელი. მაშინდელმა საქართველოს მართველობამ იცნო აზნაურის უფლებების მქონედ მხოლოდ მეფის მიერ დამტკიცებული აზნაურები, დანარჩენნი-კი გლეხებში ჩარიცხა. მეფე ერეკლე II და რუსეთის იმპერ. ეკატერინე II შორის დადებულ ხელშეკრულებაში (1783წ .) მოხსენებულია სამეფო, საეკლესიო და სათავადო აზნაურები. იქვე ჩამოთვლილია თავადების გვარები და ნაჩვენებია, რომელ თავადის გვარს რამდენი აზნაურის გვარი ეკუთვნოდა. ერისთავს ეკუთვნოდა 18 გვარის აზნაური, ბარათაშვილს - 9 გვარის აზნაური, მაჩაბელს: - 2, დიასამიძეს - 3, ციციანოვს - 34, თარხან-მოურავოვს - 5, ამირეჯიბს - 3, ამილახვარს - 12, ბაგრატიონ-დავიდოვს - 3, აბაშიძეს - 19, ჩხეიძეს - 3 და ასე. ამავე სიაში, რომელიც დართული აქვს იმავე ტრაქტატს, აღნიშნულია მეფის აზნაურთა 118 გვარი, კათალიკოსისა - 13 და საბატონო - 186.
ვახტანგის სამართალი აზნაურთ სამ კატეგორიად ჰყოფს: პირველ, მეორე და მესამე ხარისხოვნად. პირველი ხარისხის აზნაურის სისხლი დაფასებულია 1920 მან., მეორე ხარისხის - 960 მან., მესამესი-კი 480 მან. ხარისხოვნების საფუძველი ქონებრივი მდგომარეობა იყო, მამულის სიდიდე და გლეხების რაოდენობა.
აზნაურთა ხარისხებად დაყოფა არ შეეფერდებოდა მათ სამეფო, საეკლესიო და სათავადოდ დაჯგუფებას. შესაძლებელი იყო, რომ სამეფო აზნაური მეორე ხარისხოვანი ყოფილიყო, საეკლესიო პირველი და წინააღმდეგ - იმის მიხედვით, თუ რა მამულის პატრონი იყო ერთი ან მეორე.
ეს, სხვათა შორის, იქიდანაც ჩანს, რომ 1783წ. მდივანბეგები მეფის აზნაურის სისხლს 480 მან. აფასებენ, ხოლო თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის აზნაურის ზედგინიძის სისხლს 1664 მან. და ამ განაჩენს ასაბუთებენ მით, რომ აზნაური ზედგინიძე გლეხების რაოდენობით და მამულის სიდიდით პირველ ხარისხოვანი აზნაური არისო.
ყველა ფეოდალს, როგორც თავადს, ისე აზნაურს, შეძლების მიხედვით სასახლე ჰქონდა და კარის მოსამსახურენი ჰყავდა. რაც დიდი და შეძლებულია თავადი, მისი სასახლე, ციხე, კარის მოსამსახურეთა რაოდენობა, ცერემონია და დიდება უფრო უახლოვდება მეფის სასახლის წესრიგს.
კათალიკოსის სასახლე მეფის სასახლეს არ ჩამოუვარდებოდა, ეპისკოპოსების - თავადებისას.
საშუალო აზნაურის კარზე, მაგ. სამეგრელოში, შემდეგი მოხელე-მოსამსახურენი იყვნენ: ხელოსანი - გადასახადების ამკრეფი, მოლარე, მეჯინიბე, მეწისქვილე, ხაბაზი, მზარეული, პირის ფარეში, ფარეში, მოახლე, მოჯალაბე და სხვა.
თვით აზნაურები თავადების კარზე სხვადასხვა დავალებას ასრულებდენ, როგორიცაა: მოურავობა, სახლთუხუცესობა, მეჯინიბეთ-უხუცესობა და სხვა.