ჩიჯავაძეთა სათავადო
-
ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის გუჯარში ჩიჩუას გვარი ჩიჯავაძედ არის დასახელებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამეგრელოში ჭანისწყლისა და ხობისწყლის ქვემო წელზე დღესაც არის სოფელი, რომელსაც „საჯიჯაო“ ჰქვია. ეს ის სოფელია, რომელიც ფეოდალურ ეპოქაში თავად ჩიჩუების მფლობელობაში იყო და რომელსაც აგრეთვე „საჩიჩუოს“ ან „საიჩუოს“ ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ ჩიჯავაძე ზოგ წყაროში „ჯიჯავაძედაა“ წოდებული. კერძოდ ქართველ თავადაზნაურთა გვარების „აღწერაში“ იგი ზოგჯერ „ჩიჯავაძედ“, ზოგჯერ კი „ჩიჩავაძედ“ არის ფიქსირებული. სხვა წყაროებში კიდევ ეს გვარი „ჩიჟავაძეთაც“ იწოდება.
როდის მოხდა ჩიჩუათა გვარის წევრების ერთმანეთისგან გამოყოფა და მათი ერთი ნაწილის ოდიშიდან საქართველის სხვა კუთხეში განსახლება, ძნელი სათქმელია. უნდა ვიფიქროთ, ეს მოხდა იმ დროს, როცა „დასავლეთიდან წამოსულმა ფეოდალურმა ექსპანსიამ აღმ. საქართველო სხვადსხვა დროინდელი, მეტ–ნაკლები სიმაღლის და განსხვავებული ხასიათის, ტალღებით დაფარა. ეს „ექსპანსია“, როგორც ს. ჯანაშიამ გაარკვია, დაიწყო აფხაზთა სამეფოს წარმოქმნის პერიოდიდან (VIII-IX სს. მიჯნა) და აღნიშნულ ექსპანსიას უკავშირდება „საზვერელი აზნაურების, ჩიჯავაძეების დასმა თანამედროვე ქართლის ზემო ნაწილში“, სადაც „ეს დიდი აზნაურები ...უკვე მე–10 ს. პირველ ნახევარში ჩანან.’’ ს. ჯანაშიას ეს მოსაზრება სავსებით მართებული ჩანს.
აღნიშნულ პერიოდში ამ აზნაურებს შემდეგ ვითარებაში ვხედავთ: გიორგი აფხაზთა მეფეს აუჯანყდა საკუთარი შვილი ქართლის ერისთავი კონსტანტინე. მას მეფობის მიტაცება უნდა. მის მხარეზეა „ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი“. იწყება ბრძოლა მამასა და შვილს შორის. მაგრამ უფლისციხეში გამაგრებულ ერისთავს მეფე „ვერა რას ავნებდეს“. ამ კრიტიკულ მომენტში მეფე უკავშირდება „საზუერელ“ აზნაურებს: „აბირნა აზნაურნი საზუერელნი“, ე.ი. მიიმხრო ისინი და მათი „ზაკველობის“ წყალობით ბოლოს „შეიპყრეს და მოგვარეს“ მეფეს უფლისწული.
ამ ცნობას ეყრდნობა ს. ჯანაშია, როცა იგი X ს. შუა წლებში ჩიჯავაძეებს ზემო ქართლში დამკვიდრებულად მიიჩნევს. მართალია, აღნიშნულ ცნობაში გვარსახელი ჩიჯავაძე არ იხსენიება, მაგრამ ს.ჯანაშია, ისე როგორც ნ.ბერძენიშვილი, სიტყვა „საზუერეში“ გეოგრაფიულ სახელს ხედავს, მისგან ნაწარმოებ „საზუერელს“ სადაურობის აღმნიშვნელად თვლის, ხოლო ზემოდასახელებულ „საზუერელ“ აზნაურებს–ჩიჯავაძეთა გვარისად. სხვა მოსაზრებასთან ერთად მკვლევარს ასეთ დასკვნისკენ მოუწოდებს ისიც, რომ ჩიჯავაძეების ფეოდალურ გვარში საზუერელი ერთ–ერთი საგვარეულოს სახელია.
სიტყვა „საზუერეს“ გეოგრაფიული მნიშვნელობა და ერთ დროს ჩიჯავაძეთა გვარის იქ ბინადრობა, დღეს ქართულ ისტორიოგრაფიაში უცილობლად არის მიღებული. თუ ს.ჯანაშია ჩიჯავაძეების საზუერეს ალის მიდამოებში ეძებდა, ნ.ბერძენიშვილმა მისი ადგილი „გაღმა მხარში,“ ანუ შემდეგი დროის „საციციანოში“, ძამის ციხის არეში განსაზღვრა. ნ.ბერძენიშვილის ამ განსაზღვრამ შემდგომ დაზუსტება ჰპოვა დ.გვრიტიშვილის გამოკვლევაში, სადაც ჩიჯავაძეების საზუერე და „საზუერის ღვთის მშობელი“ ძამის ხეობაში, კეხისჯვრის სამხრეთით და ორბოძლის მთის ჩრდილო–დასავლეთით არის მითითებული.
უეჭველია, რომ XV ს. დამდეგშიც „გაღმა მხარის“ გარკვეული ნაწილი ჩიჯავაძეებს უჭირავთ, კახაბერ ამირეჯიბის შვილი საზუერელ ჩიჯავაძე ამ დროს აქ ხვედურეთს ფლობს. ხოლო აღნიშნული საუკუნის „40–50–იან წლებში ჩიჯავასძენი „გაღმა მხარს“. საერთოდ, და ატენის მოურაობას, კერძოდ, ეცილებიან ამ მხარეში ახლად ფეხმოკიდებულ ციციშვილებს.“
ამგვარად, აფხაზთა სამეფოს წარმოქმნის პერიოდში, თუ უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოდან ზემო ქართლს გადმოსული და „გაღმა მხარში“ დამკვიდრებული ჩიჯავაძეები რჩებიან აქ ХV ს. შუა წლებამდე, სანამ ტაოდან მოსული ციციშვილები არ დაისაკუთრებენ „გაღმა მხარს“ და არ გამოაძევებენ მათ იქიდან.
ქართლში ამირეჯიბად და ატენის მოურავად დაწინაურებული ჩიჯავაძეები ასე კარგავენ აქ თავიანთ ადგილ–მამულსა და სახელოებს.
აღნიშნულ საუკუნის შუა წლებში ეს უკვე მომხდარი ფაქტია, „წყალს იქით“ („გაღმა მხარი“) ჩიჯავაძეებს აღარ ეკუთვნით. ეს ის დროა, როცა იმერეთის სამეფო ყალიბდება. მიმდინარეობს ბრძოლა ლიხთ-იმერეთისა და ამერეთის მეფეებს შორის. ქართლში შევიწროებული ჩიჯავაძეები, საფიქრებელია, ამ ბრძოლაში იმერთა მეფეს მიემხრნენ და ასეთ ვითარებაში გადმოვიდნენ იმერეთში.
ამ მხრივ საყურადრებოა ერთი ფაქტი: იმერთა მეფე ბაგრატ II (1462–1478 წწ. ვახუშტის ქრონოლოგიით) „ქართლს ჩამოვიდა და ციციშვილსა ლაშქარი გაუძახა.“ რატომ აირჩია მან დასალაშქრად მაინცდამაინც საციციანო? იმიტომ ხო არა, რომ მის ლაშქარში იყვნენ ციციშვილებისაგან დევნილი ჩიჯავაძეები, რომელნიც იქეთქენ მოუწოდებდნენ მეფეს!
უდავოა, რომ „გაღმა მხრიდან“ წამოსული ჩიჯავაძეები იმერეთში დამკვიდრდნენ.
შეიძლება აქ დამკვიდრებულ ჩიჯავაძეთა მამამთავარი როსტომ ჩიჯავაძე იყო, რომელსაც ალექსანდრე მეფე თავის „კარის ვაზირთა“ შორის მოწმედ იხსენიებს 1413–1444 წლებში შედგენილ თოფურიძეთა სასისხლო სიგელში, ან კიდევ – „ჩიჟავასძე კახაბერი“ რომელიც მღვიმის მონასტრის კარის ჩარჩოს წარწერაში გვხვდება.
ამიერიდან ჩიჯავაძეები ხშირად ჩანან იმერეთში: 1488 წ. ვხედავთ საზვერელ და ვამიყ ჩიჯავაძეებს. ამავე ხანში (1486–1488 წწ.) ვხვდებით აგრეთვე გიორგი ჩიჯავაძეს. 1565–1587 წლებში კი გიორგი იმერთა მეფის მიერ კლდიაშვილებისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ჩიჯავაძე „იმერელთ დარბაისელთა“ შორის არის დასახელებული. ე.ი. იმერეთში ფეხმოკიდებული წარჩინებული თავადია. სწორედ ასე იცნობს გვიან ხანაში ჩიჯავაძეს ვახუშტი ბატონიშვილიც.
ჩიჯავაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება ХV-XVI საუკუნეთა მიჯნაზეა სავარაუდებელი. ყოველ შემთხვევაში, XV საუკუნის მიწურულს მთელი „საჩინო“ (ახლანდელი ვანის რაიონი) ჩიჯავაძეების ხელშია.
ჩიჯავაძეების სათავადოში, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შემდეგი სოფლები შედიოდა: 1. დაფნარი, 2. დაბლა გომი, 3. გომი (მუხაღრუა მუხაყრუა), 4. მთისძირი, 5. შუამთა, 6. სებეკა, 7. ციხესულორი, 8. ვანი, 9. სალხინო, 10. ტობანიერი, 11 დიხაშხო (ნაწილობრივ), 12. საპრასია, 13. ისრითი, 14. დვალიშვილები (ნაწილობრივ), 15. ზენობანი, 16. ციხისუბანი (ნაწილობრივ), 17. გადიდი, 18. ბზვანი (ნაწილობრივ), 19. ინაშაური (ნაწილობრივ), 20. ყუმური (საპაიჭაო), 21. საყულია (ნაწილობრივ), 22. ონჯოხეთი.
ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით საჯავახომდე აღწევდა, აღმოსავლეთით – ქორისწყლამდე, ჩრდილოეთით მდინარე რიონამდე და სამხრეთით – ახალციხემდე. უკანასკნელისაგან საჩიჯავაძეოს ჰყოფდა საძოვარი მთები: ლამაზ მთა, საბუღრაო და სხვა.
XVIII ს. მეორე ნახევარში ზემოდასახელებული სოფლებიდან ჩიჯავაძეებს ჩამოერთვათ ოთხი: გომი ანუ მუხაღრუა, დაბლა–გომი, დაფნარი და ტობანიერი. ეს სოფლები სოლომონ II –მ გელათის მონასტერს შესწირა.
შეწირული სოფლები მეფის განკარგულებით ჩიჯავაძეთა და სხვათა სამფლობელოდგან გამიჯნულ იქნა წარწერიანი სამანი ქვებით, რომელთაგან რამდენიმე დღემდე შერჩენილია და რომლებზედაც ვკითხულობთ: „მეფემან სოლომონ გაენათს შეგწირე“
ამიერიდან საჩივაძეოს დასავლეთის საზღვრად სოფ. გომი (მუხაღრუა) და კაპტონის ღელე დაწესდა“.
ზემოთჩამოთვლილ სოფლებს გარდა, ჩიჯავაძეები ადგილ – მამულს ფლობდნენ ჭყვიშს, მუღრუნეთს, მაჭარეულს, ამაღლებას, ბჟღოლნარსა და ზამთაროულში.
ვრცელი მიწა – წყლის მქონე ჩიჯავაძეები მისი უფრო მეტი გაფართოებისაკენ მიილტვოდნენ: მეზობელ ერისთავებს (იმერეთისა) ავიწროებდნენ, „სამანსა და ჭადარს შუა“ ადგილსა და „ მთაშიდ“ პარტახებს ეცილებოდნენ. ამ ნიადაგზე მათ შორის დავა იყო.
ჩიჯავაძეების რეზიდენცია სებეკაში იყო. აქ იჯდა სათავადოს უფროსი. აქ ჰქონდა მას სასახლე, ციხე სიმაგრე და კარის ეკლესია. სასახლე აგებული იყო მაღალ გორაზე, მდინარე სულორ რიონის შესართავთან ახლოს და გადაყურებდა ამ მდინარეთა ხეობას.
ჩიჯავაძეთა სახლიკაცები განლაგებული იყვნენ ვანს, ჭინჭველაურს („ბზვანის თავზე“), ისრითსა და ამაღლებაში.
საბეკას ციხის გარდა, ჩიჯავაძეები ფლობდნენ აგრეთვე ციხე სულორის, ქვედა ვანის და საპაიჭოს (ყუმურის) ციხე სიმაგრეებს.
საგვარეულო სასაფლაო ჰქონდათ მათ ვანის ეკლესიაში, რომელიც მთავარანგელოზ მიქელის სახელზე იყო აშენებული. ეს ძველი ეკლესია, რომელიც საჩინოში ჩიჯავაძეების დამკვიდრებამდე იყო აგებული, ამ საგვარეულომ თავის სამარხად გაისაკუთრა. ჩიჯავაძეებმა მას ჩრდილოეთით ეკვდერი მიაშენეს, სადაც „ყოფილა დახატული მაშენებელი ეკვდრისა და სხვა პირნიც ჩიჯავაძეების გვარისა, მაგრამ მათი წარწერები აღარ ჩანან“. ეს ეკვდერი იყო ჩიჯავაძეების საძვალე.
ჩიჯავაძეები ერმრავალი ფეოდალები იყვნენ. XVII ს. მეორე ნახევრის ერტთი ცნობით, საჩინოს მხარეში, რომელიც ჩიჯავაძეებს ეკუთვნოდათ, 1000 კომლი ითვლებოდა. აქედან თუნდაც 200 – 300 კომლი მეფის, ეკლესიისა და სხვა მფლობელთა ყმებად რომ მივიჩნიოთ, ჩიჯავაძეების ყმათა რიცხვი მაინც საკმაოდ დიდი – 700–800 კომლი რჩება.
ჩიჯავაძეთა ყმა–გლეხები იყვნენ: ნიკოლეიშვილები, ტყეშელაშვილები, ხუხუშვილები; მჟავანაძეები ნიკოლაძეები, აბრამიძეები, ჯულაყიძეები, მხეიძეები, გურგენაძეები, ქამუშაძეები, ცხადაშვილები, ნამიჭეიშვილები, გიორგაძეები, ბაღდავაძეები, მორჩილაძეები, ჩხირაძეები, გოგაძეები, კორძაძეები, ჩუბინიძეები, ბურკაძეები, მახარაძეები, კალმახელიძეები, ხატისკაცი, გაბუნია, ფანცულაია და სხვ.
ჩიჯავაძეების აზნაურები იყვნენ: ზაალიშვილები, ფარემუზაშვილები, მაკარაძეები, გოგორიშვილები, რატიძეები, ჩხეიძეები, ლორთქიფანიძეები, შათირიშვილები, ახვლედიანები (ვანის), ჩახუნაშვილები, სანადირაძეები, ჟვანიები და სხვა.
ჩიჯავაძეთა სათავადოს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა მოპოვებული. 1810 წ. ცნობით, საჩინოს მთელი მოსახლეობიდან, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ХVIII ს. მეორე ნახევარში 1000 კომლს უდრიდა, სამეფო საურს იხდიდა მხოლოდ 10 კომლი, საუდიეროს – 20 კომლი.
ზოგი სხვა სამეფო ვალდებულება („მესადგომობა – შინ ცხენისა და კაცის ჩადგომა“) მართებდათ მდივანბეგ ვახუშტი ჩიჯავაძის „სახასო კაცებს“: ბზვანის წმინდა გიორგის ეკლესიის „შემავალს... ერთობით ტყეშელაშვილებს და ერთობით გურულებს – მჟავანაძეებს“. მაგრამ 1808 წელს სოლომონ II - მ ამისგან გაანთავისუფლა ისინი.
სათავადოს მართვის საქმეში ჩიჯავაძეები თავიანთ აზნაურებს იყენებდნენ. მაღალი თანამდებობები ჩიჯავაძეების კარზე აზნაურებს ეჭირათ. მაგალითად, სახლთუხუცესის სახელო 1811წ. დათუნა ახვლედიანს ჰქონდა, მოურავის – 1798 – 1811 წლებში – ოტია, ქაიხოსრო, როსტომს და პაპუნა ლორთქიფანიძეებს, ნაცვლისა – 1808 – 1823 წლებში – დათუნა და ვახტანგ ჩახუნაშვილებს.
უფრო დაბალ, ხელოსნის თანამდებობაზე გლეხები ჩანან – აბრამიძეები და ნიკოლეიშვილები: 1808 წ.– დავით აბრამიძე, 1809, 1810, 1811 წლებში კი – გიორგი (გიორგელა) ნიკოლეიშვილი.
ჩიჯავაძეების ერთი გვიანდელი ხანის (1827 წ.) საბუთში იხსენიება აგრეთვე მათი ტყის მცველი.
საეკლესიო მსახურთაგან ჩიჯავაძეთა სათავადოში ვხედავთ მხოლოდ მათ „კარის წინამძღვარს“ მაკარიოზს 1731 წ. და ხუცესს ამავე წელში.
XVI ს. მიწურულს ჩიჯავაძეები აქტიურად მონაწილეობენ იმ ბრძოლაში, რომელიც როსტომ იმერთა მეფესა და მის წინააღმდეგ ამხედრებულ გიორგი გურიელს შორის წარმოებს. ამ ბრძოლაში ერთი ჩიჯავაძე როსტომის მხარეზე ჩანს, მეორე – გურიელის და მის მიერ იმერეთის ტახტის პრეტენდენტად წამოყენებულ ბაგრატ თაიმურაზის ძისა.
როცა გურიელმა გაიმარჯვა, მეფესთან ერთად მისი მომხრე ჩიჯავაძეც განდევნა და სათავადოს უფროსად „სხუა ჩიჯავაძე“ დასვა. არ ვიცით რა დღე დაადგა გურიელის მომხრე ჩიჯავაძეს, როცა 1590 წ. როსტომმა ტახტი დაიბრუნა.
ამ ორი ჩიჯავაძედან შეილება ერთი იყოს ის საზვერელი ჩიჯავაძე, რომელსაც XVII ს. დამდეგს ვხედავთ. ეს ის დროა, როცა ბადურ არაგვის ერისთავს ერისთავობას ეცილება მისი ძმა ზურაბი. უკანასკნელისაგან ქართლიდან გამოდევნილი ბაადური თავის ოჯახით საზვერელ ჩიჯავაძემ შეიფარა. მაგრამ იგი ბაადურის ცოლს „ეტრფიალა“, მოკლა ერისთავი და ქალი თვითონ შეირთო. ზურაბ არაგვის-ერისთავმა ძმის სისხლი არ შეარჩინა საზვერელ ჩიჯავაძეს: წამოვიდა არაგვის ერისთავი „ფერსათის მთით“, მოულოდნელად თავს დაესხა საზვერელს საჩინოში, მოკლა იგი და ასე გადაუხადა სამაგიერო მას.
ამის შემდეგ ჩიჯავაძეები ერთ ხანს არ ჩანან წყაროებში. XVII ს. შუა წლებში კი ეს საგვარეულო ფრიად დაწინაურებულია. ამ დროს იმერეთის თავადურ გვართა შორის მას თავის ღირსებით მეოთხე ადგილი უჭირავს. ჩიჯავაძეთა გვარის წარმომადგენელი საზვერელ III იმერთა მეფის ალექსანდრე III–ის მიერ რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ 1651 წ. ფიცის წიგნში მეოთხე ადგილზე იხსენიება. სათავადოს უფროსობაც საზვერელს აქვს (გვარში ის პირველობს).
საზვერელ III - ის თანამოგვარეებს ვხედავთ აგრეთვე იმავე ალექსანდრე III - ის მეფობის (1639 – 1660 წწ.) უკანასკნელ წლებში. ისინი იმ ლაშქარში არიან, რომელიც ვამეყ დადიანმა, დასახელებულ მეფესთან შეთანხმებით, ქაიხოსრო გურიელს შეუსია „შუა გურიაში“. ქაიხოსრომ ეს ლაშქარი დაამარცხა. თავდამსხმელთაგან ბევრი ტყვედ „დაარჩინა“. ტყვეთა შორის იყვნენ ჩიჯავაძეებიც.
ყურადღებას იპყრობს ერთი ტყვე ჩიჯავაძის საომარი იარაღები: „ჯაჭვი, ხრმალი, ლახტი“, რომელნიც იმდენად ძვირფასია, რომ გურიელი მათ თავისი გამარჯვების აღსანიშნავად აჭის წმინდა გიორგის საყდარს სწირავს.
ალექსანდრე III -ის მემკვიდრის ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის მეფის ალექსის სახელზე გაგზავნილ წერილშიც საზვერელ III ჩიჯავაძე მეფის დიდებულ თავადთა („დიდ ბოიართა“) შორის არის წარმოდგენილი.
იქვე მეორეხარისხოვან თავადთა („ბოიართა“) რიგებში იხსენიებიან საზვერელის სახლიკაცები: როსტომ, ლომკაცი და ლიპარი ჩიჯავაძეები.
იმავე ბაგრატ IV - ის დროს საზვერელი დიდ წარმატებას აღწევს. 1673 წ. მას სახლთუხუცესის თანამდებობით ვხეავთ. ეს ის საზვერელ ჩიჯავაძე უნდა იყოს, რომელიც შემდეგშიც ბაგრატ IV- ის მხარეზე ჩანს და მის მეტოქე არჩილთან ბრძოლაში იღუპება 1679 წ. მეფის ერთგულ თავადს, უნდა ვიფიქროთ, სახლთუხუცესის სახელო სიკვდილამდე ჰქონდა.
იმ პოლიტიკური აშლილობის დროს, რომელიც ალექსანდრე III- ის გარდაცვალებიდან იმერეთში დაიწყო, ჩიჯავაძეები ერთ ხანს გურიელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. 1661წ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (შაჰ–ნავაზმა) იმერეთი დალაშქრა, საჩიჯავაძეოს მომიჯნავე საჯავახო გურიელს გადასცა. ქართლის მეფის ეს ღონისძიება იმერეთის კანონიერ მეფესა და გურიელს შორის განწყობილების გამწვავებას და არჩილის მოწინაარმდეგეთა გაფანტვას ისახავდა მიზნად.
მართლაც, გურიელის ხელში საჯავახოს გადასვლას მოჰყვა ის, რომ „ჩიჯავაძენი მარადის იყუნენ წინაშე“ გურიელისა. შეიძლება ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე V-ის ძმამ მამუკა ბატონიშვილმა წაართვა ბეჟან ჩიჯავაძეს საჩიჯავაძეო და თვითონ „დაიპყრა“ იგი. ეს მოხდა 1734–1735 წწ.
გურიელის „წინაშე“ ყოფნისა თუ სხვა მიზეზის გამო ჩიჯავაძეები ამაზე ადრეც დაქვეითებული ჩანან. მაგალითად, „ჩინებული თავადის“ ლომკაც ჩიჯავაძის თანამეცხედრე ანიკა 1731წ. ჩივის: „ჟამთა ვითარებისაგან ჩვენი სახლი დამცირებულ იყოო“.
უკეთეს მდგომარეობაში არ არიან ჩიჯავაძეები სოლომონ I -ის დროშიც. ამ მეფემ, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოართვა „საყულია, რაც რომ ჩიჯავაძის წყალობით მიცემული ჰქონდა“ და 1770 წ. ქაიხოსროსა და პაპუჩა აბულაძეებს უბოძა. მეტიც: სოლომონ I ის მეფობაშიც ჩიჯავაძეებს მთლიანად ჩამორთმეული აქვთ მათი საგვარეულო სამფლობელო „საჩინოს მხარე“ და 1772 წ. ის მეფეს უჭირავს.
მართალია, 1789 წლის ერთი დოკუმენტის მიხედვით, მამუკა ბატონიშვილის მიერ „გაღარიბებული“, „ობლად დარჩენილი“ ჩიჯავაძეები სოლომონ I–ს „დაეზარდა“ და მათი „რჩენა ნდომოდა“ ოღონდ „დროს არ მიეცა“... მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ჩიჯავაძეების სამფლობელო სოლომონის ხელშია და მათი ზემოხსენებული საყულიაც მან სხვებს მისცა!
მძიმე მდგომარეობაში რჩებიან ჩიჯავაძეები სოლომონ II -ის მეფობამდე. ერთხანს მათ დავით გიორგის ძის ტახტზე მომაგრებას დიდათ შეუწყვეს ხელი, მაგრამ ამას მათი მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეს იმიტომ, რომ მალე ისინი მის წინააღმდეგ მებრძოლ დავით არჩილის ძეს (გამეფებიდან სოლომონ II) მიემხრნენ.
ჩიჯავაძეების გასაჭირი კარგად არის ასახული ვახუშტის, ქაიხოსროს, გიორგისა და მათ სახლიკაცებს შორის დადებულ XVIII ს. მიწურულის პირობის წიგნებში, სადაც ისინი აცხადებენ: „ჩვენი ოჯახი დამდაბლებული, წამხდარი იყო... ჩვენი სამკვიდრებლისაგან უნაწილო ვიაყავით და სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით ვიაყავითო“.
ჩიჯავაძეების „წამხდარი“ საქმე გამოასწორა ამ საგვარეულოს ენერგიულმა წარმომადგენელმა ვახუშტიმ, რომელმაც თავის „ცდით“ და სოლომონ II-ის „შეწყნარებით“ მიიღო ჩიჯავაძეთა ადრინდელი „სამკვიდრებელი“. ეს მოხდა დავით არჩილის ძის გამეფების (1789 წ.) შემდეგ ამავე წლის 8 დეკემბერს.
ვახუშტი ჩიჯავაძე უთუოდ დიდად გამოადგა დავით არჩილის ძეს იმ ბრძოლაში, რომელსაც იგი ტახტზე ასვლისათვის აწარმოებდა. გამეფებისთანავე მის მიერ ვახუშტის „შეწყნარება“ ამით აიხსნება.
ამგვარად, „ჟამთა ვითარებისაგან... დამცირებული“ ჩიჯავაძეთა სახლი სოლომონ II–ის დროს ისევ აღზევდა. მაგრამ ვახუშტიმ თავისი საგვარეულოს ძველი სამფლობელო მთლიანად მაინც ვერ დაიბრუნა. ჩიჯავაძეების ოთხი სოფელი (დაფნარი, გომი, დაბლაგომი, ტობანიერი), როგორც ზემოთ აღინიშნა, მეფემ გელათის მონასტერს უბუძა.
მეფემ არ მისცა ჩიჯავაძეებს აგრეთვე მათი ყოფილი აზნაური „ოტიელა ლორთქიფანიძე და მისი სახლიკაცი“ და ზოგი სხვა ყმა მამული.
1734–1735 წლებიდან 1789 წ. დასასრულამდე ჩიჯავაძეთა გვარი, როგორც ვნახეთ, თავის „სამკვიდრებლისაგან უწილოა“ და „სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით“ არის. ცხადია, ამ დროს ჩიჯავაძეთა სათავადო არ არსებობს. ამ სათავადოს გაუქმება ალექსანდრე V –ის (1720-1752 წწ.) ადმინისტრაციული ღონისძიების შედეგი უნდა იყოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიჯავაძეების გვარში „სათავისთავო“ ინდივიდუალური საკუთრებისკენ ლტოლვა ადრევე დაიწყო და საკუთრების ამ პროგრესულმა ფორმამ ადრევე დაძლია საგვარეულო საკუთრება. ამ მხრივ ნისანდობლივია ის, რომ გვიან, მაგრამ იმერეთის თავადებიდან ერთ–ერთმა პირველთაგანმა, სწორედ ჩიჯავაძემ მოაწყო სასაქონლო ხასიათის მეურნეობა. ყოველ შემთხვევაში, ვახუშტიმ საჩიჯავაძეო ადგილ –მამული რომ მიიღო (1789 წ. მიწურულს), სახლიკაცებს შორის ერთობის შესახებ „ლაპარაკი“ იყო, მაგრამ „ერთად დგომა აღარ მოხდა“ და გვარის წევრები „ცალკე გევიდნენ“. 1790–1791 წლებში ვახუსტიმ მისცა თავის თანამოგვარეებს, რაც „სამართლით“ მისგან ერგებოდათ „კაციცა და მიწა–წყალიც“ (ჩიჯავაძეთა თავკაცი ამ დროს ვახუშტი იყო).
ამრიგად საგვარეულო სამფლობელოს დაბრუნების შემდეგ, მოკლე ხანში, ჩიჯავაძეები გაიყარნენ, გაინაწილეს საერთო ყმა–მამული და ამიერიდან ერთ სათავადო სახლად არ გაერთიანებულან.
ვახუშტი ჩიჯავაძეს ამის შემდეგაც ჰქონდა წარმატება: 1799 – 1801 წლებში სოლომონ II - მ მას მდივანბეგის თანამდებობა, რომელიც სიკვდილამდე ეჭირა ვახუშტი მეფესთან ფრიად დაახლოებული იყო. მეფესაც მისი „ძმობის“ იმედი ჰქონდა. მათი კეთილი დამოკიდებულება ნათესაობითაც იყო შემტკიცებული. ვახუშტი დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II - ის თანამეცხედრის აგრეთვე დადიანის ასულ მარიამის ახლო ნათესავი იყო. ამიტომაა, რომ დედოფალი ვახუშტის „ფრიად საყვარელ სიძესა და ძმას“ უწოდებს. უთუოდ ამ ნათესაობამაც შეუწყო ხელი მის დაწინაურებას.
საგვარეულო მიწა–წყლის განაწილების შემდეგ ჩიჯავაძეები ჩანან როგორც ცალკეული მემამულეები. ერთი მსხვილი მემამულე ამ საგვარეულოში, და მთელ XVIII ს. დასასრულს და XIX ს. დამდეგს იყო იგივე ვახუშტი. გვიან კიდევ – მისი მემკვიდრე ნიკოლოზ ჩიჯავაძე, რომელსაც კაპიტალისტურ საწყისებზე გამართული დიდი მეურნეობა ჰქონდა.
XVII-XVIII საუკუნეებსა და XIX ს. პირველ ნახევარში მეტნაკლებობა ცნობილია ჩიჯავაძეთა საგვარეულოს შემდეგი წარმომადგენლები:
ვ ა ხ ტ ა ნ გ I თავის თანამეცხედრესთან , მიქელაძის ასულ ხვარამზესთან ერთად იხსენიება ХVII ს. პირველ ნახევარში. ეს ვახტანგი და მისი მეუღლე ხვარამზე დახატული არიან მთავარ–ანგელოზ მიქელის სახელზე აშენებულ ვანის (იმერეთში) ეკლესიის ჩრდილოეთის ეკვდრის სამხრეთის კედელზე.
ს ვ ი მ ო ნ მთავარეპისკოპოსი. ჩანს XVII საუკუნეში.
ვ ა ხ უ შ ტ ი I. გვხვდება 1696–1714 წლების ფიცის წიგნში. ეს ის ვახუშტი უნდა იყოს, რომელიც ვანის ეკლესიის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ხატების წარწერაში იხსენიება. პირველი ხატი მოაჭედინა „ახალ მიცვალებულისა“ მისი „მეუღლისა... ღოღობერიძისა მარეხისა სალხინებლად“, ხოლო მეორეს ამკობს იგი თავის მეორე თანამეცხედრესთან, ჭილაძის ასულ ანასთან ერთად.
ვახუშტი II-ს, რომელიც უფრო გვიან მოღვაწეობდა, არც ღოღობერიძის ასული ჰყოლია ცოლად და არც ჭილაძისა
პ ა ა ტ ა. ვხედავთ, ვახუშტი I- თან ერთად, 1696 – 1714 წლებში. შეიძლება პაატა ვახუშტის ძმა იყოს.
ს ა ზ ვ ე რ ე ლ ი IV. სიძე ქართლის ჯანიშინის ვახტანგ VI-ისა. 1708 წ. 23 იანვარს საზვერელი ცოცხალი არ არის. მისი გარდაცვალება ამ თარიღს უნდა ემთხვეოდეს. მკვდრად იხსენიება იგი ვანის ეკლესიის მთავარანგელოზთა ხატის წარწერაში. რომელიც მოუჭედინებია „საქართველოს ჯანიშინს“ 1708 წ. 23 იანვარს, „მას ჟამს ოდეს სულკურთხეული“ მისი „სიძე ... ჩიჯავაძე საზვერელი მიიცვალა“
ლ ო მ კ ა ც ი. „ჩინებული თავადი“ დასახელებულია 1731 წ. საბუთში. მაგრამ ამ დროს ის მკვდარია. მისი თანამეცხედრე აბაშიძის ასული ანიკა და სამი ვაჟი – გიორგი, ვახუშტი II და ილარიონი გვხვდებიან ამვე წელს, უკანასკნელი აღნიშნული წლის შემდეგ არ ჩანს.
ლომკაცის შვილი იყო აგრეთვე საზვერელი („საზორელი“) V.
1798 წ. ერთ პირობის წიგნში ვახუშტი ჩიჯავაძე საზვერელს თავის ძმად ასახელებს. ამ დროს და შემდეგაც ჩიჯავაძეთა გვარში მხოლოდ ერთი ვახუშტი II არის, რომელიც ლომკაცის შვილია. თუ საზვერელი ამ ვახუშტის ძმა იყო, ცხადია, იგიც ლომკაცის შვილი ყოფილა.
საზვერელ V 1798 წ. შემდეგ არ გვხვდება.
ლომკაცის შვილი ჩანს ანტონიც. იგიც ზემოდასახელებულ ვახუშტის ძმად იხსენიება.
გ ი ო რ გ ი I. ლომკაცის ძე, ძმა ვახუშტი II -ის, ილარიონის, საზვერელ V - ის და ანტონისა. მოხსენიებულია 1731 წ. საბუთში. ეს გიორგი უნდა იყოს 1764 – 1770 წლების პირობის წიგნის „გამრიგედ“ დასახელებული და 1775 წლის 22 ივნისის ნასყიდობის წიგნის გამცემი გიორგი ჩიჯავაძეც.
ვ ა ხ უ შ ტ ი II. ლომკაცის ძე, ძმა გიორგი I - ის, ილარიონის, საზვერელ V- ის და ანტონისა. მდივანბეგი, წიგნიერი, კანონმთცოდნეობის საქმეში ფრიად გაწაფული, ჩიჯავაძეთა გვარის ართი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ვხედავთ 1731, 1776, 1786 (დაახლოებით), 1789, 1790, 1796, 1798, 1801, 1808, 1809, 1810, 1811 წლების საბუთებში.
1809 წ. 30 დეკემბერს მდივანბეგი ვახუშტი ჩიჯავაძე იმერეთის სამეფოს „რჩევის“ წევრ თავადთა შორის არის მოხსენიებული.
ვახუშტი II, როგორც ზემოთ ითქვა, დადიანის ასულ მარიამთან იყო დაქორწინებული. ჰყავდა სამი ვაჟი: ვახტანგი, ნიკოლოზი და გიორგი. მათგან უფროსი ვახტანგი უნდა იყოს: საბუთში პირველ რიგში ისაა დასახელებული.
ვახუშტი II - ეს ქალიშვილებიც ჰყოლია: ერთი მათგანი მიქელაძეზე ყოფილა გათხოვილი, მეორე – თავად ბეჟან ლორთქიფანიძეზე. უკანასკნელი თავის თავს ნიკოლოზ ჩიჯავაძისადმი (ცოლის ძმისადმი), გაგზავნილ ერთ უთარიღო წერილში მის „უმცირეს სიძეს“ ეძახის.
ბ ე ჟ ა ნ ი. ვახუშტი II- ის ბიძაშვილი. გვხვდება 1734, 1735, 1736, 1738, 1790, 1791 წლებში. შეიძლება ეს ბაჟანი იყოს 1817 წ. საბუთში მოწმედ მოხსენიებული თავადი ბეჟან ჩიჯავაძეც.
დ ა ვ ი თ ი. მოწმედ იხსენიება 1768 წლის ერთ წყალობის წიგნში.
ა ნ ტ ო ნ ლომკაცის ძე , ძმა ვახუშტის II- ისა, ხონის მტთავარეპისკოპოსი. ჩანს 1770, 1771, 1776, 1777, 1778, 1779, 1780, 1789, 1790, 1795, 1802, 1806, 1807, 1811, 1812, 1814, 1819, 1820, 1821 წლებში. 1770 წ. ანტონ ჩიჯავაძეს უკვე ხონის მთავარეპისკოპოსის ხარისხით ვხედავთ. მონაწილეობდა 1819–1820 წწ. იმერეთის აჯანყებაში. „ის იყო პირველი მიზეზი“ უკმაყოფილო ხალხის თავმოყრისა ვაკის ოლქში. ანტონი თავის დროისათვის ფრიად ნაყოფიერ კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი „ბრძანებითა და წარსაგებლითა“ „აღიწერა“ მრავალი „სამღვდელმთავრო“ და „საფილოსოფოსო“ წიგნი. გარდაიცვალა იგი 1822 წ. 17 ივლისს.
ქ ა ი ხ ო ს რ ო. ვახუშტი II- ის ძმისწული, ძმა გიორგი II - ისა იხსენიება 1789, 1790, 1791 წლებში. ქაიხოსრო ჩიჯავაძე იმ იმერელ „დესპანებს“ შორის იყო, რომელნიც იმერეთის ქართლ–კახეთის სამეფოსთან შეერთების წინადადებით ერეკლე II - ეს ეახლნენ 1789 წ.
გ ი ო რ გ ი II. ვახუშტი II - ის ძმისწული, ქაიხოსროს ძმა. ვხედავთ 1790, 1791, 1811, 1821, 1826 წლების დოკუმენტებში. შეიძლება ეს გიორგი და 1801 წლის ერთ „საუდეო წიგნში“ მოწმედ დასახელებული გოგია ჩიჯავაძე ერთი და იგივე პირი იყოს.
კ ა ც ი ა. ბეჟანის ძმა. ჩანს 1790 წ.
ვ ა ხ ტ ა ნ გ II. ვახუშტი II- ის ძე. ძმა გიორგი III - ის და ნიკოლოზისა. ვხედავთ 1810 წ.
ნ ი კ ო ლ ო ზ ვახუშტი II - ის ძე. ძმა ვახტანგ II- ის და გიორგი III-ისა. პირველად მოხსენიებულია 1810 წ. საბუთში. ამის შემდეგ განუწყვეტლივ გვხვდება XIX ს. პირველ ნახევარში და უფრო გვიანაც. 1831 – 1841 წლებში ნიკოლოზ ჩიჯავაძე პრაპორშჩიკის ხარისხს ატარებს. 1845 – 1846 წლებში პოდპორუჩიკად არის წოდებული, ხოლო 1862 წ. იგი შტაბს–კაპიტანია. 1869 წ. 15 იანვარს ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ხელწერილს აძლევს თანდილა დვალიშვილს. ნიკოლოზ ჩიჯავაძე, როგორც ჩანს, მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს თავადაზნაურობის 1832 წ. შეთქმულებაში. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად – გურიელის ქალთან, მეორედ – წულუკიძის ასულთან. შვილი არც ერთთან არ ჰყოლია. ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი უძრავ – მოძრავი ქონება მიიღეს მისმა დისწულებმა – კირილე და გრიგოლ ლორთქიფანიძეებმა და ბიჭია მიქელაძემ.
გ ი ო რ გ ი III. ვახუშტი II- ის ძე. ვახტანგი II - ისა და ნიკოლოზის ძმა. გვხვდება 1827, 1828, 1831, 1833 წლებში. ამ დროს იგი პოდპურუჩიკი და მოურავია. ისიც გარეული იყო საქართველოს თავადაზნაურობის 1832 წ. შეთქმულებაში. გარდაიცვალა 1834 წ. ივლისს.
მ ა ნ უ ჩ ა რ გიორგი III - ის ძე. ძმისწული ნიკოლოზი ჩიჯავაძისა. ვხვდებით 1828, 1834, 1849 წლების დოკუმენტებში.
ოლღა სოსელია "ჩიჯავაძეთა სათავადო"
-
ქართული ფეოდალური იერარქია
-
ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)
გვარამაძე
-
ფეოდალური საგვარეულო მესხეთში, აზნაურები. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ვაჩე გვარამაძე. რომელიც XIII საუკუნეში კათალიკოს მიქაელის მსახურთუხუცესი იყო. „ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგეცით სამამულოდ შენ ვაჩე გვარამაძესა, ჩუენსა მსახურთუხუცესსა, კათოლიკე ეკლესიასა სამსახუროდ სოფელი ორმაშენი ...
გელოვანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – ...
გარსევანიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე ...
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ...
შანშიაშვილი
-
აზნაური შანშიაშვილები
აზნაურული გვარი ქართლში.ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ...
ჯაიანი
-
ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...
ჯავახიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ...ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.
„თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე ...
ამირსპასალარი
-
ამირსპასალასალარი, ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონასპას, საფეოდალოებიდან გამოყვანილ ლაშქარს და დაქირავებულ რაზმებს.
გამუდმებულ საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის ამორსპასალარის თანამდებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ლაშქრობის ...
მეჭურჭლეთუხუცესი
-
სახელმწიფოში მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) სამეფო ხაზინას (საჭურჭლეს) განაგებდა და ყველა საფინანსო საქმეს ელმძღვანელობდა. დიდი უფლებებით აღჭურვილი ვაზირი ქალაქების ეკონომიკასა და ვაჭრობასაც მართავდა. მისი მოადგილე საჭურჭლის ნაცვალი იყო. მას ემორჩილებოდნენ: ქალაქის ამირანი „მეჭურჭლენი ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
-