ქსნის-ერისთავი

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“

 ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა მონითა“ მოვიდნენ დვალთა ქვეყანაში. დვალებმა ისინი მეფეებად არ სცნეს, ოღონდ თავშესაფარი მისცეს. მოსულებმა ფიცი დასდეს, რომ ისინი მეფეობას არ ინდომებდნენ და დასჯერდებოდნენ იმ სახელს, რომელსაც მათ დვალნი მისცემდნენ. დვალნი ამ პირობაზე დათანხმდნენ და „მისცეს ქუეყანა ბობალეთთა და უწოდეს ბიბილურნი“. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ როსტომმა მეფობა მოინდომა, მაგრამ დვალებმა გამოაძევეს „როსტომ და ყოველნი ძმანი და მონანი მისი“.

 დვალეთიდან როსტომი ცხრაძმის ხეობაში ჩადის და ცხრა ძმისხეველებს სამხედრო დახმარებას უწევს. ცხრაძმისხეველები დაუმადლიან როსტომს შველას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, „არა განვიშორით, ჩვნგან ამიერითგან კაცი ესე გოლიათი, არამედ უყოთ ყოველთუ რაიცა უნდეს მას“, როსტომსა და მის ძმებს უწოდეს „ქვენიფლეველნი, რამეთუ სხვათა სახელი არ ინებეს“. „მოკვდა როსტომ დაჯდა ერისთავად ძე მისი ლარგველი“… და მოკუვდა ლარგუელ და დაჯდა ძე მათი დიმიტრი“.

 გადმოცემით ქსნის ერისთავი პირველად შვიდი ხეობისაგან შედგებოდა და ატარებდა ცხრაძმის საერისთავოს სახელს, ხოლო ერისთავებს ცხრაძმისხევის ერისთვები ეწოდებოდათ.

 შემდეგში საერისთაოს საზღვრები საგრძნობლად გაფართოვებულა და დავით ერისთავის დროს (1753–1774) ქსნის საერისთავოს სამფლობელოში შევიდა: ქსნის, ალევის, საფერშეთის, ჭურთის, ქარჩოხის, ჟამურის ხეობები, მაღრან–დვალეთის სანახები, ლეხურის ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქოლოთ–ქვითკირის ისროლის, მეჯუდის, წრომის, პატარა ლიახვის ხეობები და გვერდის ძირი.

 ქსნის ერისთავთა აზნაურები იყვნენ: ღოლაძეები, თულაშვილები, ჩუბინიშვილები, გარაყანისძეები, იმერლიშვილები, მამულაშვილები, ჟურულები, ფიცხელაშურები, ფურცელაძეები, მაჭავარიანები, ჯაფარიძეები, ხრისელები, ლონგულაშვილები, ჩერქეზიშვილები, ტატიშვილები, ხმალაძეები, უთნელიშვილები, ფავლენიშვილები, ალექსიშვილები, ბასილაშვილები, ძამელაშვილები, კობახიძეები, მახატელები, ბეგიაშვილები, კაჭკაჭიშვილები, ელისაშვილები, აბელაძეები.

ლევან ბერაია