ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XV საუკუნეშია ნავარაუდევი.
საჭილაო ადრე შუა საუკუნეებიდან XVI–მდე ძლიერ პოლიტიკურ და სამეურნეო ერთეულს წარმოადგენდა, ხოლო ჭილაძეები საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული დიდებულები იყვნენ, მათ ადრე მთელი ტერიტორია ეჭირათ ტეხურისა და ცხენისწყალს შორის რიონამდე. მოგვიანებით კი მდ. ნოღელასა და ცხენისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე მოექცა. იმერეთის მეფე გიორგის მიერ ჯავახ ჭილაძის სიკვდილით დასჯის შემდეგ, საჭილაო დაქუცმაცდა და ჭილაძეები ერთ–ერთი რიგითი თავადები გახდნენ. მათ დაკარგეს თავიანთი სამფლობელოს დიდი ნაწილი – საჯავახო. მიუხედავად ოდიშის ახალ სამთავრო სახლთან ბრძოლაში დაქვეითებისა, ჭილაძეთა გვარი XVIII ს. პირველ ნახევარში ჯერ კიდევ წარჩინებულ გვარად ითვლებოდა დასავლეთ საქართველოში.
ჭილაძეთა აზნაურები: კორძაიები, ლორთქიფანიძეები, გუგუნავები, ნანეიშვილები და გურველაშვილები.
ლევან ბერაია