აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე სახლად: 1) ბოქოულთ ხუცის შვილები, 2) არჯევანის შვილები, 3) რამინის შვილები, 4) გიორგის შვილები, 5) ივანეს შვილები, 6) საამის შვილები 7) ბეჟანის შვილები, 8) ამირანის შვილები, 9) ბერის შვილები, 10) თექთუმანის შვილები.
ქსნის ერისთავის აზნაურები. საერისთავოს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. იყვნენ ახალგორის მოურავები. ცდას არ აკლებდნენ რათა ყმა–მამული გაეზარდათ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა არჯევან ფიცხელაური, რომელმაც ხელში ჩაიგდო დიდძალი მიწები, სოფელ იკოთში ააგო კოშკი და შემოარტყა გალავანი.
ხშირი იყო აზნაურების ბრძოლა თავადების წინააღმდეგ, ფიცხელაურები ყოველთვის ერისთავების მოწინააღმდეგე ძალას ემხრობოდნენ. 1777 წელს ერეკლემ ქსნის საერისთავო გააუქმა. ამ საქმეში საუკეთესო დასაყრდენს სწორედ ფიცხელაურები წარმოადგენდნენ.
ფიცხელაურების გვარში გამორჩეული ადგილი უჭირავს არჯევან ფიცხელაურს. რომელიც ჯერ მარტო ახალგორის მოურავი იყო, შემდეგ კი უბოძეს „სალთხუცობა ქსნისა“. ამავე დროს დატოვეს ახალგორის მოურავადაც და ჟამერის სამოურავოც მას გადასცეს საგანებოდ. ჭუთის ხევისა და წირქოლის მოურავად იყო ზურაბ ფიცხელაური.