გურამიშვილი

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.

 გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ყოფილან ზედგინიძეები. კერძოდ, იოთამ ზედგინიძის შვილი გურამი. XVIII საუკუნის დასასრულისათვის გურამიშვილების გვარი რამდენიმე განშტოებისაგან შესდგებოდა. მათი ერთ–ერთი განშტოებაა ტუსიშვილების ფეოდალური გვარი, კახეთის ერთ–ერთი შემძლებელი გვარი. გურამიშვილების მამულები უმთავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო.

 გურამიშვილების საგვარეულოდან მრავალი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა გამოსული. მათგან გამორჩეულია დიდი პოეტი დავით გურამიშვილი, რომელსაც მალე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია წმინდად შერაცხავს.

 1738 წ. ეპისკოპოსმა იოსებ სამებელმა და მღვდელთმონაზონმა ქრისტეფორე გურამიშვილმა მოსკოვის სტამბაში დაბეჭდეს „ზატიკი“, ხოლო 1741 წელს „მარხუანი“.

 ისტორიაში ცნობილია ცნობილი ქართველი არტილერისტი მაიორი გიორგი გურამიშვილი, რომელსაც ერეკლე მეფის განკარგულებით თბილისზე მომავალ გზას იცავდა აღა–მახმად ხანის შემოტევისაგან.

ლევან ბერაია