გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.
ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა შესახებ 1413–1414 წწ. ეკუთვნის. გოშაძე მეგრული გვარსახელის გოშუას ქართული შესატყვისია. ისტორიული გადმოცემით, გოშაძეები ძლიერი თავადები იყვნენ ჯერ კიდევ ჩიქვანთა განდიდებამდე.
გოშაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XV საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. გოშაძეები ძლიერი თავადებია. ამას მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ გურიის მთავარი ქაიხოსრო I გოშაძის ასულ ხვარამზეზე დაქორწინებულა. XVIII ს. პირველ ნახევარში გოშაძე ოდიშის სამთავროში ჯერ კიდევ „უწარჩინებულეს და შემძლებელ“ გვარად ითვლებოდა. XIX ს. პირველ მეოთხედში კი ნიკო (დიდი ნიკო) დადიანის ცნობით, გოშაძეთა საგვარეულო უკვე „დამდაბლებულნი“ ჩანან. XVIII ს. შუა წლებიდან გოშაძეებმა, როგორც ჩანს, თავადის ღირსებაც დაკარგეს და აზნაურად ჩამოქვეითდნენ.
ლევან ბერაია