თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი მებატონეები.
1764 წელს ანტონ I კათალიკოსმა გედევანიშვილებს უბოძა დისევის მოურავობა. გედევანიშვილები აგრეთვე იყვნენ წეროვნის, ძეგვის, არაშენდის მოურავები.
1778 წლის 9 დეკემბრით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ბეცია გედევანიშვილი თხოვნით მიმართავს ერეკლე II–ს, რათა თარხნიშვილმა დაუბრუნოს გოროვნელი ყმა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.
1799 წლის 7 ივნისით დათარიღებულ საბუთში რევაზ გედევანიშვილს ქვრივი თინათინი ედავება ზაალ მახვილაძეს აბისის მამულს და თხოვნით მიმართავს მეფეს.
1783 წლის 29 ივლისით დათარიღებულ საბუთში სარდალი იოანე გედევანიშვილი უჩივის მერაბ ზედგინიძეს გოროვნის მამულში ღალის გამოღებას.
„…და სამართლიანის საქმით ერთის ოქმის და იასაულის წყალობა გვიყავით, რომ რაც ჩვენის მამულის მიწა მოუხნავს მერაბ ზედგინიძეს, იმისი ღალა უკლებად მოგვცეს“.