სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი – ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. სპორტული კარიერის დასაწყისში თამაშობდა ადლერის ახალგაზრდულ გუნდში „ტრუდი“. 1953იდან 1967 წლამდე თამაშობდა რუსეთის შემდეგ საფეხბურთო გუნდებში: 1953-54 – სოჭის „სპარტაკში“, 1955 – გორკის „ტორპედოში“, 1956-62 – მოსკოვის „ტორპედოში“. ცხრაჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, მათ შორის რვაჯერ პირველ ნომრად – 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968 წლებში.
იყო სსრკ თასის მფლობელი 1960 წელს, ევროპის თასის მფლობელი 1960 წელს. ორგზის სსრკ ჩემპიონი – 1960 და 1964 წლებში; სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1962, 1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. 1963-71 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი, 1967-71 წლებში – გუნდის კაპიტანი. 1968 წელს მიწვეული იყო მსოფლიო ნაკრებში ბრაზილიის წინააღმდეგ.
უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 376 მატჩი (84 გოლი), 1958-70 წლებში სსრკ ნაკრებში – 48 მატჩი (11 გოლი). სლავა მეტრეველის სახელობისაა ქ. სოჭის ცენტრალური სტადიონი. ს. მეტრეველი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. სლავა მეტრეველი თბილისში გარდაიცვალა.