იღუმენია თამარ მარჯანიშვილი

დეტალურად

იღუმენია თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) – სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯა­ნიშვილის და. დაიბადა საქართვე­ლოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვა­ტორიაში შესასვლელად ემზადებო­და, მაგრამ მშობლების გარდაცვა­ლებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

 თამარი პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და ოჯახის გაძღოლა თავის თავზე აიღო. 1889 წელს კი, ყველასათვის მოულოდ­ნელად, წმ. ნინოს სახ. ბოდბის დედა­თა მონასტერში მონაზვნად აღიკვე­ცა იუვენალიას სახელით. 1902 წელს იგი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და მონასტრის წინამძღვრობა ჩაა­ბარეს. ბოდბის მონასტერი რუსეთის იმპერიის პირველი კლასის სავანეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსეთის წმინდა სინოდმა იცოდა, რომ დედა თამარი ეროვნული მსოფლმხედ­ველობით გამოირჩეოდა. ამიტომ 1906 წელს სინოდმა მას ნოვგორო­დის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირა, მაგრამ ვერ შეძლო.

 ბოლოს, 1907 წელს, საკუთარი ნების საწინააღმ­დეგოდ, იღუმენია იუვენალია (დედა თამარი) წმინდა სინოდის დადგენი­ლებით, მოსკოვში გადაიყვანეს და მოსკოვის პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად გაამწესეს. დედა თამარის ინიციატივით დაარ­სდა დედათა ახალი სავანე – სერაფიმე­-ზნამენსკის სკიტი, რომელიც 1912 წელს აკურთხა მოსკოვის მი­ტროპოლიტმა ვლადიმერმა (სკიტ­მა თორმეტი წელი იარსება – 1924 წელს იგი ბოლშევიკებმა დახურეს). 1916 წელს დედა თამარი დიდი სქი­მით შეიმოსა და ამიერიდან სქიიღუ­მენიად იწოდებოდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახე­ლი ფამარი.

 1931 წელს დედა თამარი დააპატიმრეს, ბრალდებად წაუყენეს სა­ქართველოში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. გასა­მართლების შემდეგ 60 წლის სქიი­ღუმენიას ხუთი წლით ციმბირში გა­დასახლება მიუსაჯეს. კოტე მარჯანიშვილი ყველა ღონეს ხმარობდა დის გასათავი­სუფლებლად. მან კრემლის ხელი­სუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს მიმართა, მა­გრამ უშედეგოდ. ერთ­ერთი „თა­ვაზიანი“ უარის მიღების შემდეგ, 1933 წლის 4 აპრილის ღამეს, კოტე მარჯანიშვილი მანქანაში გულის შეტევით გარდაიცვალა. კოტეს მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხა­ტვარმა პავლე კორინმა შეუძლე­ბელი შეძლეს და 1934 წელს დედა თამარი გადასახლებიდან დააბრუ­ნეს, მაგრამ საქართველოში ცხოვ­რების უფლება ხელისუფლებამ მას არ მისცა. ტუბერკულიოზით დაავა­დებული თამარი ბელორუსიის რკი­ნიგზის სადგურ პიონერსკაიასთან დასახლდა.

 დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წელს. წესი აუგო სერპუხოვის მთა­ვარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი). დაკრძალეს მოსკო­ვში, ვედენოს მთაზე, ტაძრად მიყვა­ნების სამყოფელში. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე“.