ნაკაშიძე

დეტალურად

ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.

 ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა… ამის შვილნი მოვიდნენ ქართლსა, მეფემან მიიღო თავადად და ებოძა გვარად ნაკაშიძეობა… მისცა ადგილნი გურიას და არიან მუნითგან ნაკაშიძედ წოდებულნი წელს 1231–სა“.

 თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, ნაკაშიძეები XIII საუკუნის პირველ ნახევარში მოსულან. მაგრამ ეს ცნობა სარწმუნო არ არის, ვახუშტი ნაკაშიძეებს გურიის ადგილობრივ მკვიდრ თავადად თვლის.

 ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI ს. მიწურულს არის სავარაუდებელი. ნაკაშიძეები მრავალყმიანი ფეოდალები ჩანან, მაგრმ მათი ყმათა საერთო რაოდენობა უცნობია. ვიცით მხოლოდ რომ ნაკაშიძეებს მარტო დვაბზუს, ჩოჩხათსა და ზედუბანს 78 კომლი ყმა–გლეხი ჰყავდათ. კაცო ნაკაშიძეს, 1831 წლის ცნობით 24 კომლი (99 სული მამრობითი სქესის) აზნაური ჰყავდა.

 გურიის სამთავროს მმართველობის აპარატში ნაკაშიძეებს საპატიო თანამდებობები ეჭირათ. ამ საგვარეულოს წევრები მემკვიდრეობით ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის, მესტუმრეთუხუცესის, ქალაქთუხუცესის, მდივანბეგის, შემოქმედის და ოზურგეთის, ჩოჩხათის, ჩიბათის, ჯურუყვეთის მოურავობას და „ერმენის მებაჟის სახელოებს. 1837 წელს ნაკაშიძეებმა მიიღეს ბოქაულთუხუცესის თანამდებობა.

 გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, ნაკაშიძეთა სათავადოც გაუქმდა. ნაკაშიძეთა აზნაურები: ვაშალომიძეები, ფასეიშვილები, ქარცივაძეები, თიკანაძეები, საბაშვილები, დათუნაიშვილები, მამულაიშვილები, ბერიძეები.

ლევან ბერაია

 ნაკაშიძეები