მიხეილ დავითის ძე ციციშვილი (1820 – 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა თავის მამულში, სოფ. ხვედურეთში. გარდაიცვალა 1895 წ.
ჰყავდა სამი ვაჟი და რამდენიმე ქალი. ერთერთი მისი ქალი – მარიამი 1877 წ. მისთხოვდა სსვიტორში დავით როსტომის ძე წერეთელს, აკაკის უფროს ძმას. მიხეილის ვაჟმა ლევანმა ცოლად შეირთო თადეოზ გურამიშვილის ქალი ცაცო, იგივე ხორეშან, რომელიც თადეოზს შეეძინა მეორე ცოლისაგან – მარიამ დავითის ასულ დიასამიძისაგან. ე.ი. ეს ცაცო არის ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღას ნახევარდა; ხოლო ლევან ციციშვილი – ილიასა და დიმიტრი სტაროსელსკის ქვისლი.
თადეოზ გურამიშვილის ქონების სამი მეხუთედი ლევან ციციშვილსა და მის მეუღლეს ცაცოს ვკუთვნოდა. ლევანი შეძლებულად ცხოვრობდა. მამულები ჰქონდა არაშენდას, ხვედურეთში; სახლები – თბილისსა და ავჭალაში. ლევან ციციშვილის მეუღლე ხორეშან (ცაცო), ეკატერინე გაბაშვილის მოგონებით, არ იყო სრული გონებისა.
კ. გრიგოლია „ახალი ქართლის ცხოვრებაში“ ახსენებს ვასილ დავითის ძე წერეთელს (მიხეილის შვილიშვილს) და მის ნაამბობს სხვიტორულ „ქართლის ცხოვრებაზე“ (გვ. 147). „ქართლის ცხოვრების“ ამ ნუსხის მინაწერებში კ. გრიგოლიას შეხვედრია სავარსიმაძეები (ე. ი. სავარსამიძეები). სხვიტორული „ქართლის ცხოვრება“ წარმოშობით გურამიანთია, ხოლო სავარსამიძეები მის მინაწერებში იხსენიებიან იმიტომ, რომ თადეოზ გურამიშვილის ერთი და სიდონია ცოლად ჰყავდა ლეონტი სავარსამიძეს სავარსამიძეს.