გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე

0.000
დეტალურად

გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05.1933  ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1957 წ. წარჩინების დიპლომით. ინსტიტუტში მიიღო მონაწილეობა ჰიდრავლიკის ლაბორატორიის კვლევებში (მდ. გლდანულაზე ხიდის ზონაში კალაპოტური პროცესების რეგულირება).

 1957 წ. დაიწყო მუშაობა საკავშირო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში “სოიუზდორპროექტის” (“საკ- გზაპროექტის“) თბილისის ფილიალში, ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მიიღო მონაწილეობა ხიდების, ტიპური საყრდენი კედლების პროექტებისა და ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შემუშავებაში, ამ დოკუმენტებში ჩართული იყო მის მიერ შემუშავებული ნაპირდაცვითი დეზების ოპტიმალური განლაგების ფორმულები (М:“ Мосгипротранс“, 1961).

 1961 – 1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ლაბორატორიაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში, მდინარეთა რიონის, ვახშის და თელავისხევი–მაცანცარას კალაპოტების მოდელებზე შეიმუშავა: მდ. რიონის წყალგამყოფი კვანძის, მდ. ვახშზე არსებული ხიდისა, და თელავის ხევის (ქ. თელავში) ჩამონადენის ოპტიმალური მართვისა და რეგულირების რეკომენდაციები, რომლებიც განხორციელდა დაპროექტების შემდეგ. 1965 წელს დაამთავრა სოფლის მეურნეობის აკადემიის ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი სპეციალობით „სამთო მელიორაცია“, ხოლო 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით „ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია“.

 1967 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში): 1978 წლამდე – უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1978– 2005 წლებში ლაბორატორიის გამგე, 2005 წლიდან დღემდე – წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

 განვლილ პერიოდში, პასუხისმგებელი ან ხელმძღვანელის რანგში ასრულებდა სახელმწიფო პროგრამებით, სხვადასხვა ხელშეკრულებებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს (თემებს) ღვარცოფმცოდნეობისა, მდინარეთა კალაპოტების ჰიდრავლიკისა და რეგულირების დარგში. ბოლო პერიოდში იღებდა მონაწილეობას საქართველოს ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ცნობარის მომზადებაში და საქართველოს რეგიონთა ღვარცოფსაშიში ზონების რუკების შემუშავებაში.

   გამოქვეყნებული აქვს 123 შრომა, მათ შორის: მისი რედაქციით და მონაწილეობით შემუშავდა და გამოქვეყნდა 1 მილიონიანი მასშტაბის: საქართველოს (2), ამიერკავკასიის დაღესტნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვარცოფსაშიში ტერიტორიების რუკები და შემუშავებული იქნა 15 ნორმატიული სახის დოკუმენტი და მითითება.

 დაჯილდოებულია: 1971 წ. – სსრკ ჰიდრომეტსამსახურის წარჩინების ნიშანი; 1982 წ. –  სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტის საპატიო სიგელი “სახალხო მეურნეობის ჰიდრომეტეოროლოგიურ მომსახურებაში მაღალი მაჩვენებლებისათვის”; 1983 წ. – საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება “ნაყოფიერი მუშაობისათვის ბუნების დაცვის დარგში”; 1984 წ. – სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი – “გეოგრაფიულ მეცნიერებათა სფეროში გამორჩეული სამეცნიერო შრომებისათვის”; 2003 წ. – საქართველოს ღირსების მედალი; 2013 წ _ საქართველოს ღირსების ორდენი; 2013 წ.-Медаль за заслуги в области селеведения. “Debris Flow Association” (Russian Federation).

 გიორგი ხერხეულიძე გარდაიცვალა 2020 წლის 1 ნოემბერს.

სტუ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
თსუ, მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი