გუქა ორბელიანი

0.000
დეტალურად

გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის – ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის – მეუღლე (პუპლიას მამიდა).

 ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ალექსანდრე ბატონიშვილი 1812 წელს კახეთში იყო, მან სიგელით უწყალობა სოფელი ნაფარეული თავის ფავორიტს – გორჯასპი ნათალოვს. რომელიც შემდეგ მოკვდა. ნაფარეული კი ჩემი მთავარი სოფელი იყოო.

 გუქას მეუღლე გორჯასპი კახეთის 1812 წ. აჯანყების დროს ალექსანდრე ბატონიშვილის მითითებების შემსრულებელია. გუქა, როგორც აჯანყების მონაწილე, სამართალში მისცეს. სასამართლოს სხდომა 1812 წლის 20 ნოემბერს დაიწყო. ამ სასამართლომ დამნაშავედ ცნობილ გუქა ნათალიშვილს გადაუწყვიტა კურსკის გუბერნიის მონასტერში გადასახლება.

 1816 წ. 8 მაისს გამოიცა ალექსანდრე 1-ის ბრძანება, რომლითაც 1812 წლის აჯანყების მონაწილეთ, გარდა მონაწილე ქალებისა (ასეთი იყო 2, დები: ეკატერინე ჩოლოყაშვილი და გუქა ნათალიშვილი), სასჯელი შეუმსუბუქდათ. გუქა კურსკის გუბერნიის ბელოგოროდის დედათა მონასტერშია 1813 წლის თებერვლიდან. 1820 წელს გამოიცა ბრძანება მისთვის დანაშაულის პატიების შესახებ და საქართველოში დაბრუნების ნება მიეცა. გუქას სიღარიბის გათვალისწინებით მთავრობამ გამოჰყო თანხა სახარჯოდ მის საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ გუქამ უარი განაცხადა ამ თანხის აღებაზე და მონასტრიდან გამოემგზავრა კერძო პირთა დახმარებით.