ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი (1795-1869) – დიმიტრი ყიფიანის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზეა წარდგენილი.
შემდგომში მსახურობდა ქართულ მილიციაში და მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში: იმერეთის 1819-1820 წწ. აჯანყების ჩაქრობაში, რუსეთ-ირანის 1826-1828 წწ., რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წწ. ომებში, რისთვისაც 1829 წელს პრაპორშჩიკის სამხედრო ხარისხი ებოძა.
1839-1840 წწ. ქაიხოსრო ყიფიანი ხეფინისხევის ბოქაულია, 1841-1851 წწ. საუბნო მსაჯულის თანაშემწეა, 1851 წლიდან კი სურამის საბაჟო პოსტზე მსახურობს ზედამხედველის თანაშემწედ. 1854 წელს ქაიხოსრო ისევ ბრძოლის ველზეა – ყირიმის ომში.
1854 წლის 2 აგვისტოს გენერალი ვასილ ბებუთოვი სწერდა დიმიტრი ყიფიანს: შენი ძმა – ქაიხოსრო – 24 ივლისს ქურუქ-დარაში იბრძოდა, მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ სხვა მხრივ კარგად არისო.
ქაიხოსრო ყიფიანი დაქორწინებული იყო აზნ. ეფემია კორინთელზე, ყავდათ 10 შვილი, რომელთაგან 1888 წელს შვიდია ცოცხალი, ამათგან ზოგიერთმა (დავითმა, მიხეილ-მიშო, ეფროსინე კლდიაშვილისა…) შესამჩნევი კვალი დატოვა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
ქაიხოსროს შვილიშვილია ლევან დავითის ძე ყიფიანი
საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007