დადეშქელიანი

დეტალურად

დადეშქელიანი (დადიშქელიანი) – ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო (1812). შინააშლილობის გამო დადეშქელიანების სამთავრო XIX ს. 20–იან წლებში ორად გაიყო. 1833 წელს დადეშქელიანებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს.

 მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილ) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) ეცერ–ცხუმ–ბეჩოს მფლობელად ცნო. რუსეთის მთავრობაში შესული დადეშქელიანები თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. 1841 წ. მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდილოეთ კავკასიის მთიულებთან ბრძოლაში დაიღუპა. თათარყანმა ციოყის მემკვიდრეობის მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ. 1855 წ. ისლამ და თენგიზ დადეშქელიანებმა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 წ. მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დადიშქელიანები სამუდამოდ რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლა. ეცერ–ცხუმირ–ბეჩოს დადეშქელიანებს კი ძველი უფლებები ჩამოართვა და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.