ციციშვილი

დეტალურად

ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.

 იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ და დაეშვნენ ახალციხის ნაწილს ადგილსა შინა, ფანასკერტელსა წოდებულსა“. XV საუკუნეში ციციშვილები საკმაოდ დიდი წონით ჩანან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუნდაც ის ფაქტი, რომ სამეფო კარი ციციშვილების სახლს უმოყვრდება – ამ სახლის შვილს უფლისწულ ცოლად თხოულობს. – ჩვენს მიერ ზემოთნათქვამის დადასტურებისათვის გამოდგება. 1415–1419 წლებით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ატენის მოურავად ციციშვილს ვხედავთ.

 XVIII საუკუნის 20–იან წლებში ვახტანგ VI–ის წინააღმდეგ ქართლელ თავადთა ერთი ჯგუფი აჯანყდა. მათ რიცხვში იყო ბაგრატ ციციშვილიც. ვახტანგმა ურჩი ფეოდალები სასტიკად დასაჯა. როდესაც ვახტანგს სპარსეთმა კონსტანტინე დაუპირისპირა, ციციშვილები კონსტანტინესთან მივიდნენ და „თავგანწირვით ერთგულება“ დაუმტკიცეს. კონსტანტინემ მათ ყმა–მამული უწყალობა. 1723 წელს ქართლში ოსმალობა დამყარდა, ოსმალობა ციციშვილებმა ერთი პირველთაგანებმა ცნეს.

 ციციშვილები მონაწილეობდნენ აგრეთვე ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში 1765 წელს. მაგრამ ეს შეთქმულება გამომჟღავნდა, გლახა ციციშვილი სხვებთან ერთად სამართალში მისცეს და ენა მოაჭრეს.

 ციციშვილების აზნაურები იყვნენ: მეღვინეთუხუციშვილი, კლიმიაშვილი, ორჯონიკიძე, უთრუთაშვილი, ალიბეგაშვილი, დანდლიშვილი, სტელიშვილი, დაფქვიაშვილი, ობლიძე, ქართველიშვილი, აბრამიშვილი, მაღრაძე, ალექსიძე, მუჩაიძე, გულბადაშვილი, ფურცელაძე, ალიყულაშვილი, ჩინჩალაძე, ქურდევანიძე, ჩიკაშვილი, იონათამიშვილი, მწყერაძე, საყვარელიძე, საფარაშვილი, გვარამაძე, სამაშვილი, ავლადაშვილი, ხუციშვილი, სამარაძე, რევაზიშვილი.

ლევან ბერაია