მიქელაძე
-
მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი.
თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ვაკის თავადი 1690 წ. მიქელ მთავარი იყო მოსახლე ვანისა და აზრუმის საშუალ ადგილსა ტარონსა შინა. ესე მიქელ მსახურობდა ალექსი კეისარსა, რომელსა მისცა დაი თვისი ცოლად და ამათგან იშვნენ ორნი ძენი: გრიგოლ და იოანე, რომელნიც იწოდებოდნენ პროსსებესტოდ 1085 წ. მერედ შემდგომ თურქთაგან დაპყრობისა ამათნი გვარნი მოვიდნენ იმერეთს და მიიღო მეფემან მიქელაძეებად თავადებად, მათნი მდაბალნი სახლის კაცნი მიქელაშვილებად; აზნაურად. პირველნი ცხოვრობენ იმერეთს, მეორენი ქართლსა”.
ქართულ ისტორიულ წყაროებში თავად მიქელაძეების შესახებ ცნობები XIV საუკუნიდან გვხვდება. პირველად მიქელაძეთა გვარის შესახებ ცნობები გვხვდება ლიხთ-იქითის (იმერეთის) მეფის მიქელის 1326 წლის სიგელში, სადაც მოიხსენიება მანგასარ მიქელაძე. მისი მოღვაწეობა 1326 წლის წინა პერიოდზე მოდის. 1326 წელს მანგასარი ცოცხალი აღარ არის. იგი ჭარელიძეს “შეაკვდა” სადღაც “ომში”.
მანგასარის შემდეგ, მიქელაძეთა გვარის შესახებ ქართულ წყაროებში დიდხანს არაფერი ჩანს. მხოლოდ 1412-1444 წწ. იხსენიება მანგასარის თანამოგვარე ლომისი მიქელაძე. ლომისი მიქელაძე იხსენიება საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის (1412-1444) “კარის ვაზირთა” შორის.
მოგვიანებით, 1488 წელს ლიხთ-იქითის (იმერეთის) მეფის ალექსანდრე II (1484-1510) დარბაისელთა შორის გვხვდება ლომისი მიქელაძის სახლიკაცი ყელგრძელი. მაგრამ მათ შორის სახლიკაცობის გარდა რა ნათესაობა იყო არ ჩანს.
მე-XV საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ იწყება სათავადოების წარმოქმნა. ამ დროისათვის არის სავარაუდებელი მიქელაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება.
გვიანდელი ცნობების მიხედვით, თავად მიქელაძეთა საგვარეულოს იმერეთის სამეფოში ეკუთვნოდა შემდეგი სოფლები: კულაში, ჭყუშური, მიწაბოგირა, კვირიკე, ნინუაკუთხე, ჭაგანა, ჩხენიში, ნაბაკევი, ხუნჯულური, ილორი, სანავარდო (ნაწილობრივ), ნაფაღური და ნაჩხეტაური. მათვე ეკუთვნოდა იმ ადგილის უდიდესი ნაწილიც, სადაც შემდეგ ქალაქი სამტრედია გაშენდა.
აღმოსავლეთით მიქელაძეების სათავადოს გუბისწყალი საზღვრავდა, დასავლეთით - ცხენისწყალი, სამხრეთით - საჩიჯავაძო, სოფელი გომი და ჩრდილოეთით - ქვიტირი.
თავად მიქელაძეთა რეზიდენცია სოფელ კულაშში იყო. იმ ადგილას, რომელსაც ჯვარცმის მინდორს უწოდებენ, მდებარეობდა მიქელაძეების სასახლე, ეკლესია (ჯვარცმის სახელზე აშენებული) და ციხე-სიმაგრე. ჯვარცმის ეკლესია იყო თავად მიქელაძეთა საძვალე.
თავად მიქელაძეთა აზნაურებად ითვლებოდნენ: ქაჯაიები, კახიანები, და მიქელაძეები, ხოლო ყმა გლეხები იყვნენ: შენგელიები, ნუცუბიძეები, გეგენეიშვილები, რუსიები, ახობაძეები, ჯანგველაძეები, ბუაძეები, ქობულიები, ნიკურაძეები, სტურუები, პაპავები, კვანტალიანები და სხვა.
XV ს. ბოლოდან XVII წ. 30-იან წლებამდე მიქელაძეები ქართულ ისტორიულ საბუთებში მხოლოდ ორჯერ იხსენიებიან და ისიც სახელის გარეშე. ეს საბუთებია: I. იმერთა მეფის გიორგი II-ის წყალობის წიგნი მიცემული 1563/4 წელს კლდიაშვილებისათვის: “აწ მოიხსენეთ, ერისთავ-ერისთავო, ბატონო ქუთათელო, ბატონო სახლით-უხუცესო და ბატონო აბაშიძევ, და ბატონო მხეიძევ, და ბატონო მიქელაძევ და ჭილაძევ, ბატონო ჩიჯავაძევ - იმერელთ დარბაისელო» და II. - 1600 წ. ახლო ხნის ხონის საყდრის დავთარში: „ჭანგას ბრელაძე... მიქელაძემ ამოაგდო და პარტახტი მას აქუს, გლეხი დაასახლაო“.
თავად მიქელაძეების როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინო ხდება XVII ს. 30-იან წლებიდან.
XVII წ. 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგი III-სა და სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანს შორის ატყდა ბრძოლა დასავლეთ საქართველოში გაბატონებისათვის. ამ ბრძოლაში მიქელაძეები მხარს ლევან დადიანს უჭერდნენ. ასევე დადიანს ეხმარებოდა ქართლის მეფე როსტომი და ირანის შაჰი სეფი II. ასეთი მომხრეებით ზურგგამაგრებული ლევან დადიანი “ნამეტნავად გაძლიერებულიყო და იმერეთი დაეჩაგრა”. ირანთან კავშირი რომ უფრო მეტად განემტკიცებინა, დადიანმა სიმონ გურიელის ცოლყოფილი, თავისი და მარიამი ქართლის მეფეს, როსტომს მიათხოვა. 1634 წელს, როცა ფერსათთან მდგომ მეფე როსტომთან ლევან დადიანს სამეგრელოდან საცოლე მიჰყავდა, “აქუნდა შიში გზასა ზედა” იმერთა მეფისა. მაგრამ იმერთა მეფის ვასალებმა, მიქელაძეებმა ლევან დადიანი და მისი მაყრები თავიანთ სამფლობელოზე გაატარეს. “სამიქელაოს” გზით გავიდნენ ისინი რიონს და მივიდნენ კაკას ხიდთან (მდინარე ხანისწყალზე, ბაღდადის ქვემოთ, სოფელ ხანთან). აქ დახვდა მათ ქართლის მეფე როსტომი, რომელსაც ლევან დადიანმა “დიდებით” ჩააბარა სადედოფლო. ლევან დადიანის ამალაში მიქელაძეებიც იმყოფებოდნენ. იმერთა მეფეს გიორგის უნდოდა დადიანის ხელში ჩაგდება. მან ლაშქარს სწრაფად თავი მოუყარა, “მცირეთა კაცითა” მეფე თვითონ წავიდა დადიანის სპათა დასაზვერად. მაგრამ “უმუხანათეს” მისმა “ყმებმა”, აცნობეს ეს ლევან დადიანს და მეფე გიორგი მას ტყვედ ჩაუვარდა. ყოველივე ეს, უეჭველია, თავად მიქელაძის მონაწილეობით ხდება. იმერთა მეფის, გიორგი III-ის დატყვევების შემდეგ ლევან დადიანი უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს იმერეთში და სამეგრელოს მთავრის საყრდენად ხდება. “მეფე გიორგი ორ წელიწადს დადიანს ჰყავდა, სახსრად მისცეს მურასა გვირგვინი, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. მარგალიტით მურასა იარაღი და ნაპირის ალაგნი ჭილაძენი და მიქელაძენი და რაც ჩხარში ვაჭარნი ესახლეს სომხები, რომ დადიანმა რუხის ქალაქი იმაებით ააშენა”.
მიქელაძეთა სათავადოს დადიანის მფლობელობაში გადასვლით აიხსნება, რომ ისინი ერთ ხანს იმერეთის მეფის კარზე არ ჩანან. იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის 1651 წლის ფიცის წიგნში, სადაც იმერეთის ყველა თავადური გვარის წარმომადგენლებს ვხედავთ, თავადი მიქელაძეები არ იხსენიებიან.
ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1657 წ.) სამეგრელოს სამთავროს საქმე აირია. ამით ისარგებლა იმერთა მეფემ, ალექსანდრე III-მ. მან დალაშქრა სამეგრელო და დაიბრუნა საჭილაო-სამიქელაო. მაგრამ მიქელაძეები მაინც დადიანის ერთგულნი დარჩნენ.
XVII ს. შუა წლებში მიქელაძეთა სათავადოს თავკაცად ჩანს ოტია მიქელაძე. 1658 წელს იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ისა და სამეგრელოს მთავარ ლიპარიტ III დადიანს შორის მომხდარ ბანძის ბრძოლაში ოტია მიქელაძე თავის სახლიკაცებით ლიპარიტის მხარეზე იბრძვის. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: “ხოლო ლიპარიტ წარვიდა ახალციხეს და ევედრა ათაბაგს როსტომ ფაშას და მეფესა ქართლისასა როსტომს. მათ მისცეს სპანი, მოვიდა სპითა გურიას, მოჰყვა ქაიხოსრო გურიელიცა სპითა თვისთა, რამეთუ ყმა ლიპარიტისა იყო და ჭილაძე- მიქელაძენიცა მათთანავე და გამოვიდნენ რიონს. ამისმან მცნობელმან ალექსანდრე მეფემან შემოიკრიბნა სპანი იმერთა და განვიდა ცხენის-წყალს. მას ღამესა მოუმცნო ალექსანდრე მეფესა ოტია მიქელაძემ: “მაცნობე ხვალისა კურტაკი და ცხენი შენი, არ თუ ხარ ჯაბან, და მეც ვაცადუნო შუბის წუერი ჩემი სათუალესა ზარადისა შენისასა. ესენი აუწყა მეფემან და დილასა რაზმთა წყობისა შინა მოუწოდა მეფემან ლევან აბაშიძეს, სიძესა ოტია მიქელაძისასა, შესუა ცხენსა თვსსა ზედა და შთააცვა კურტაკიცა თვსი, რამეთუ უცნობელ იყო წინთქმულთა და ლევან განიხარა ნიჭისათვის მეფისა, რამეთუ იყო შემმართებელი და ერთგული მეფისა და იქმნა ბრძოლაცა ბანძას სასტიკი... და მოისროდნენ ორკერძოვე. მაშინ ოტიამ, მეძიებელმან მეფისამან, ჰპოვა იგი და ჰსცა შუბი ზარადის სათუალესა შინა ლევანს და განვლი კეფასა და შესძახა: “მე ვარ ოტია”. ეჰა უცხო, რამეთუ არა გარდაიჭრა ლევან, არამედ მიუგო ოტიას: “რას ეტყვ ასულსა შენსა, უკეთუ შენ ხარ ოტია”. მაშინ იძლივნენ იგინი ბანძას და ლტოლვილთა მოსრვიდნენ ალექსანდრესანი. არამედ არღა რა ივლტოდა ოტია და დარჩა მეფისა ნებით ათვსითა გარნა მასვე ჟამსა მუნვე დასწუნა თუალნი ზუმბითა. ხოლო შეიპყრეს ქართველნი, მესხნი, გურიელნი და ოდიშარნი და ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი წარვიდნენ ლტოლვილნი სტამბოლს”. ბანძის ომი მეფე ალექსანდრეს გამარჯვებით დამთავრდა. ტყვედ ჩავარდნილ ოტია მიქელაძეს მეფის ბრძანებით თვალები დაუწვეს “ზუმბულით”. მაგრამ, როგორც ჩანს, ალექსანდრე III-მ დასჯილი თავადი ოტია მიქელაძე შეირიგა. 1658-1660 წლებს შუა იმერთა მეფის დაწერილ ერთ წყალობის წიგნში ოტია მიქელაძე მის მოწმეთა შორის არის დასახელებული. ამის შემდეგ, ქართულ წყაროებში ოტიას ხსენება წყდება. როგორც ჩანს ის მალე გარდაიცვალა.
XVII წ. მეორე ნახევარში მიქელაძეთა სათავადოს მეთაურად ჩანს გიორგი ოტიას ძე მიქელაძე. მისი თანამედროვეები არიან მისი სახლიკაცები, პაატა და შაქარ მიქელაძეები. გიორგი მიქელაძე ისტორიულ საბუთებში ჩანს 1668-1707 წწ. შორის. გიორგი მიქელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა როკითის ბრძოლაში იმერთა მეფის ალექსანდრე IV-ის მხარეზე. გიორგი მიქელაძის გავლენის ზრდას ხელს უწყობდა ის ფართო ნათესაური კავშირები, რომელიც მას ჰქონდა იმერეთისა და ქართლის მეფე- თავადებთან. მისი ასული ხორეშანი ქართლის მეფე გიორგი XI-ის თანამეცხედრე იყო. თავად მიქელაძის და სევდია სამეგრელოს ფაქტიური მმართველის გიორგი ლიპარტიანის მეუღლე იყო. მისი მეორე და, რომლის სახელი უცნობია, იყო არგვეთელი თავადის, პაატა აბაშიძის ცოლი და გიორგი (მალაქია) აბაშიძის დედა. თვითონ გიორგი მიქელაძეს ცოლად ჰყავდა რაჭის ერისთავის შოშიტა II-ის და. გიორგი მიქელაძე, ერთხანს (1687-1691 წწ.), ქართლის მეფის, გიორგი XI-ის ნათესაობის გამო, მხარს უჭერდა მისი ძმის არჩილის მეფობას. მაგრამ მალე მან პოზიცია შეიცვალა და გადავიდა იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, გიორგი VI-ის მხარეზე. ამ გზით ის ცდილობდა იმერეთის თავადებზე პირველობის მოპოვებას. გიორგი მიქელაძე, როგორც იმერეთის მეფის გიორგი VI- ის მომხრე, დაუპირისპირდა მეფის წინააღმდეგ მებრძოლ თავის დისშვილს, გიორგი აბაშიძეს და სიძეს - გიორგი ლიპარტელიანს. განდიდებული თავადები მეფე გიორგი VI-ის ხელისუფლებას არ სცნობდნენ. ასეთ ვითარებაში, გიორგი VI- მ, გიორგი მიქელაძის რჩევით, შეირთო მისი შვილიშვილი, ქართლის მეფის გიორგი XI-ის ასული - როდამი. გიორგი მიქელაძეს იმედი ჰქონდა, რომ ქართლის მეფის დახმარებით, გიორგი VI ხელისუფლებას განამტკიცებდა და თვითონაც პირველი თავადი გახდებოდა. მაგრამ გიორგი VI-ის ხელისუფლება მაინც შევიწროვებული იყო. ამასობაში, გიორგი ლიპარტელიანმა და გიორგი აბაშიძემ “გამოაძეს” მეფის ერთგული გიორგი მიქელაძე მისი “მამულისაგან” და “დაიპყრო საჭილაო-სამიქელაო ლიპარტიანმან”. გიორგი მიქელაძე იძულებული იყო ქართლში გადახვეწილიყო. ეს მოხდა 1703-1707 წლებს შუა. ამის შემდეგ მასზე ცნობები წყდება. იმერთა მეფის, ალექსანდრე V-ის მეფობის დროს (1720-1752 წწ.), მიქელაძეთა გვარის წევრებიდან ისტორიულ საბუთებში იხსენიებიან: გიორგი, მამუკა და რევაზ მიქელაძეები. სოლომონ I-ის ზეობის დროს (1752-1784 წწ.) მიქელაძეთა გვარის წევრებიდან ისტორიულ საბუთებში ვხედავთ: ბაქარ, ვახტანგ და ზურაბ მიქელაძეებს. სოლომონ I-ის დროს ასევე ცნობილი იყვნენ: დავით, როსტომ, შაქარ და სიმონ მიქელაძეები. სიმონ მიქელაძემ 1778 წ. მონაწილეობა მიიღო სოლომონ I-ის წინააღმდეგ, თავადთა შეთქმულებაში რომლის თავკაცები იყვნენ: სახლთუხუცესი დავით აბაშიძე და მოურავი თამაზა მესხი. სოლომონ II-ის (1789-1810) მეფობის დროს თავადი მიქელაძეები ტახტის ერთგულნი არიან. მათ მხარე დაუჭირეს სოლომონ მეორეს ტახტის მეტოქე - დავით გიორგის ძესთან ბრძოლაში. ვასალური სამსახურისთვის მეფე სოლომონ II-მ “ერთობით მიქელაძეებს” 1804 წელს მიწა-ტყე უბოძა ჭყვიშურში. ასევე, სოლომონ II-მ 1798 წელს შაქარ მიქელაძის ვაჟს, დავითს “ორ წყალ შუა” მამული უბოძა. ვახტანგ მიქელაძე, სოლომონ II-ის ბოლო წლების მეფობის დროს, იმერეთის სამეფოს სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. თავადი მიქელაძეები სოლომონ II-ის ერთგულნი დარჩნენ იმერეთის სამეფოს არსებობის ბოლომდე. ამიტომაა, რომ სოლომონ II-ის ამალაში სხვა თავადებთან შედარებით მიქელაძეთა საგვარეულოს წევრები არიან მეტად წარმოდგენილნი. 1810 წელს სოლომონ II-ის ამალაში შედიოდნენ: ბერი, ზურაბ, მერაბ, სიკო, როსაპ, გოგია, არჩილ, ივანე, ვახტანგ, ლევან, გიორგი, თეიმურაზ და ქაქუჩა მიქელაძეები. იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და ქვეყანაში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, მიქელაძეთა სათავადომ ადმინისტრაციულად არსებობა შეწყვიტა. თავადმა მიქელაძეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ მომხდარ, იმერეთის 1819-1820 წწ. აჯანყებაში. ქაიხოსრო, ზურაბ და ქუთუმ მიქელაძეები ქვემი იმერეთის - ვაკის ოლქის - მთავარ მეამბოხეებად არიან დასახელებული. მათი თანამოგვარე მდივან-ბეგი დავით მიქელაძე ამ აჯანყებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს, საიდანაც ის მხოლოდ 1824 წელს დაბრუნდა.
მიქელაძეთა საგვარეულო. იური ჩიქოვანი
მიქელაძეები (გენეალოგიური ფრაგმენტები)
-
ჭავჭავაძეების გვარის ისტორია
-
ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.
ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
მაჭავარიანი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...
ამილახორი (ანუ ამილახვარი)
-
ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.
დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი ...
გუნცაძე
-
იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...
დიასამიძე
-
ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და ...
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...
თავდგირიძე
-
თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...
ქოჩაკიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). ...
ახვლედიანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.
იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების ...
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
რაჭის-ერისთავი
-
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენიებული XI საუკუნეს განეკუთვნება.
რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღმწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძეებად თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოსლა ...
-