ჭილაშვილები – დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან მოსულს ცხენის მებაჟეობა“.
სერგეი გაბრიელის ძე ჭილაშვილი (1803–1864) გენერალ–მაიორი, შემახის სამხედრო გუბერნატორი.
იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790–1838) – სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820–1830–იან წლების საქართველოს პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურიდიული განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის, 1821 წლიდან იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი და სხვა), 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას, იგი თაივს დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ მეტყველებს ავტორის ღრმა იურიდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე ი. ჭილაშვილს ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული თხზულებები… იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762–1818) – ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი, მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და გავლენით მეტად თვალსაჩინო ფიგურად ითვლებოდა იმდროინდელ საქართველოში. 1803 წელს თან გაჰყვა პეტერბურგში გადასახლებულ ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და იმის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, გ. ჭილაშვილს რუსთა წინააღმდეგ მოძრაობაშიც მიუღია მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრორუსული მიმართულების პოლიტიკური ფიგურა, გ. ჭილაშვილის (ჭილაძის) მიმოწერა მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართველ ბატონიშვილთა წრის რუსეთში ცხოვრების შესახებ.
გაბრიელ ჭილაშვილი მამაა ბორის (ბაბანა) და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილების.