XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან: ხოჯა ბებუთ ბებუთბეგის ძე, რომელმაც XVII ს. შუა წლებში ავლაბარში ააგო ხოჯევანის ეკლესია; აშხარბეგი, ხოჯა ბებუთის ძე, თბილისის მამასახლისი (1721 წ.), მელიქი (1719–24), მელიქ მამასახლისი (1724–35); აღა–მელიქ–მამასახლისი (1735–47).
1747 წ. სამეფო ტახტის პრეტენდენტ აბდულაბეგთან კავშირი დაბრალდა, რისთვისაც ერეკლე II–მ სახელოები ჩამოართვა და 1000 თუმნად დააჯარიმა. 12 წლის შემდეგ მოახერხა მეფესთან შერიგება. 1760–68 წწ. ერთდროულად იყო მელიქ–მამასახლისი და ნაცვალი; ავეტიქა აღას ძე მელიქ–მამასახლისი და ნაცვალი. დარჩია ავეტიქას ძე მელიქ–მამასახლისი (1795–1800). მონაწილეობდა თბილისის მსხვილ ვაჭართა მიერ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ 1796–97 წწ. შეთქმულებაში, ჩამოერთვა ქონება და სახელო, მაგრამ ერეკლე II–მ მალე შეიწყნარა. 1801 წლიდან იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის სახაზინო ექსპედიციის წევრი.
ლევან ბერაია