ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 – 1834) – ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან “დიდ ნიკოდ” წოდებული.
1804 წლიდან – სამეგრელოს უმაღლესი საგამგებლო საბჭოს წევრი. 1805 წ. ხელმძღვანელობდა დეპუტაციას, რომელიც პეტერბურგში ალექსანდრე I-თან იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს (სამეგრელოს სამთავროს) პოლიტიკურ ურთიერთობათა მოსაგვარებლად. საერთოდ ნ. დადიანი პოლიტიკურ ასპარეზზე ენერგიულად იღწვოდა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის გავლენის შესუსტების და რუსული ორიენტაციის გაძლიერებისათვის.
არაერთი ომის მონაწილე, რისთვისაც გენერალ-მაიორობა ებოძა (განსაკუთრებით ისახელა თავი 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში); წლების მანძილზე იყო სამეგრელოს სამთავროს მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგთუხუცესი). ნიკო დადიანი ავტორია არაერთი ისტორიული თხზულებისა, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა “ქართველთ ცხოვრება”.
ნიკო დადიანის მეუღლე იყო 1) მარიამ ერისთავი; 2) აფხაზი თავადის ასული ეკატერინე მარშანია (იური ჩიქოვანის წიგნიდან). ნიკო დადიანი გარდაიცვალა 1834 წელს.