ქავთარაძეები – აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.
XII–XIII საუკუნეების ერთ–ერთ საბუთში, კერძოდ თედორე სტოდიელის „სწავლანში“ მოხსენიებულია ვინმე ბასილი ქავთარაძე, კერძოდ: „ქ. მოიხსენიე, უფალო, წინამძღვარი ბასილი ქავთარაძე ორსავე ცხოვრებასა შინა, ამინ, კირილეისონ“.
აღსანიშნავია, რომ ქავთარაძეთა გვარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება, ტახტის აზნაურის ტიტულს ატარებდნენ, სამეგრელოში, იმერეთში იყვნენ როგორც ტახტის აზნაურები ასევე წერეთლის, თავადის აზნაურებიც. ქართლში იყვნენ ამილახორის აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, არაგვის ერისთავის აზნაურები და ამასთანავე ტახტის აზნაურებიც. ალექსანდრე ამილახორის მიერ ჩამოთვლილ სათავადოთა ნუსხაში, როსტომ ქავთარაძე მოხსეგნიებულია როგორც მსხვილი მამულის მფლობელი და მოხსენიებულია თავადთა გვერდით.
კორნელი ბორიზდინის ცნობით ბესარიონ დავითის–ძე ქავთარაძეს ეკავა სენაკის მაზრის, ხოლო შემდეგ შონაპნის მაზრის ბოქაულთუხუცესის თანამდებობა. რომელიც ბოლოს ძველ სენაკში გარდაიცვალა 80 წელს მიტანებული. მანამდე კი როგორც რუსულის მცოდნე კორნელი ბორიზდინის მდივანი და თარჯიმანი იყო. ქავთარაძე ბარბარე ალექსის ასული, გენერალ–ლეიტენანტის ასული, გარდაიცვალა 1892 წელს.
ნადეჟდა ქავთარაძე გათხოვილი იყო მეშკოვზე (1858–1908).
არსებობს სია საქართველოს თავად–აზნაურობისა, რომლებიც შეტანილია სანკტ–პეტერბურგში გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“, რომელიც დამტკიცებულია 1850 წელს. სადაც ჩაწერილია ქავთარაძეთა გვარი, როგორც იმპერიის აზნაურული გვარი.
ლევან ბერაია