იღუმენია თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) – სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის და. დაიბადა საქართველოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მშობლების გარდაცვალებამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
თამარი პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და ოჯახის გაძღოლა თავის თავზე აიღო. 1889 წელს კი, ყველასათვის მოულოდნელად, წმ. ნინოს სახ. ბოდბის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა იუვენალიას სახელით. 1902 წელს იგი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და მონასტრის წინამძღვრობა ჩააბარეს. ბოდბის მონასტერი რუსეთის იმპერიის პირველი კლასის სავანეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსეთის წმინდა სინოდმა იცოდა, რომ დედა თამარი ეროვნული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა. ამიტომ 1906 წელს სინოდმა მას ნოვგოროდის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირა, მაგრამ ვერ შეძლო.
ბოლოს, 1907 წელს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იღუმენია იუვენალია (დედა თამარი) წმინდა სინოდის დადგენილებით, მოსკოვში გადაიყვანეს და მოსკოვის პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად გაამწესეს. დედა თამარის ინიციატივით დაარსდა დედათა ახალი სავანე – სერაფიმე-ზნამენსკის სკიტი, რომელიც 1912 წელს აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (სკიტმა თორმეტი წელი იარსება – 1924 წელს იგი ბოლშევიკებმა დახურეს). 1916 წელს დედა თამარი დიდი სქიმით შეიმოსა და ამიერიდან სქიიღუმენიად იწოდებოდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი.
1931 წელს დედა თამარი დააპატიმრეს, ბრალდებად წაუყენეს საქართველოში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. გასამართლების შემდეგ 60 წლის სქიიღუმენიას ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. კოტე მარჯანიშვილი ყველა ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად. მან კრემლის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ერთერთი „თავაზიანი“ უარის მიღების შემდეგ, 1933 წლის 4 აპრილის ღამეს, კოტე მარჯანიშვილი მანქანაში გულის შეტევით გარდაიცვალა. კოტეს მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და 1934 წელს დედა თამარი გადასახლებიდან დააბრუნეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრების უფლება ხელისუფლებამ მას არ მისცა. ტუბერკულიოზით დაავადებული თამარი ბელორუსიის რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან დასახლდა.
დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წელს. წესი აუგო სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი). დაკრძალეს მოსკოვში, ვედენოს მთაზე, ტაძრად მიყვანების სამყოფელში. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე“.