პავლე ციციანოვი იგივე პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 – 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი გეოდეზიის სპეციალისტი რუსეთში) – პავლე ციციანოვის მამა.
პავლე ციციანოვი დაიბადა მოსკოვში 1754 წელს. სამსახური დაიწყო პრეობრაჟენსკის პოლკში: მონაწილეობღა რუსეთ-თურქეთის ომში 1786 წელს, სადაც თავი გამოიჩინა და მალე გენერალ-მაიორის ჩინი მისცეს. მისი პოლკი ჩააყენეს დასავლეთ გუბერნიებში – ქ. გროდნოში. აქ მან დასაწყისშივე ჩაახშო აჯანყება, რომელიც ვარშავის შემდეგ სხვა ქალაქებშიც ვრცელდებოდა. მონაწილეობს ზუბოვის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სპარსეთის ლაშქრობაში. ერთი პირობა იყო ბაქოს კომენდანტი. პავლე І-ის მეფობაში სამსახურიდან იყო გადამდგარი. ალექსანდრე 1-მა მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მისცა და 1802 წ. 11 სექტემბერს დანიშნა საქართველოს მთავარსარდლად.
1803 წ. მან დაიწყო ბრძოლა განჯის ხანის – ჯავად ხანის წინააღმდეგ. 1804 წ. 2 იანვარს განჯა აღებულ იქნა და სახანო რუსეთისათვის შემოერთებული. იმპერატორმა მას ამისათვის ინფანტერიის გენერლობა მისცა. ციციანოვის წინადადებით კი განჯას ალექსანღრე І-ის მეუღლის პატივსაცემად ელისავეტპოლი დაერქვა.
1806 წ. 30 იანვარს რუსის ჯარი ციციანოვის ხელმძღვანელობით ბაქოს სახანოს საზღვრებშია. 8 თებერვალს ბაქო დაეცა. ციციანოვი მცირე რაზმით გაემართა ქალაქისაკენ, რათა ბაქოს ხანის ჰუსეინ ყული ხანისაგან ბაქოს გასაღები მიეღო. სანამ ციციანოვი ქალაქს მიუახლოვდებოდა, მას ესროლეს და იგი იქვე დაეცა მკვდარი. ჰუსეინ ყული ხანის მხლებლებმა ციციანოვის გვამი აჰკუწეს – მოჭრილი თავი და მარჯვენა ხელი გაგზავნეს არდებილში, იქიდან კი შაჰს გაუგზავნეს თეირანს. სხეული მისი კი ბაქოს ციხის კარებთან დამარხეს. როცა 1806 წ. 2 ივნისს რუსის ჯარმა ბულგაკოვის მეთაურობით ბაქო აიღო, ციციანოვის გვამი ბაქოს სომხურ ეკლესიაში გადაასვენეს. 1812 წ. მარკიზმა პაულუჩიმ ციციანოვის ნეშტი ბაქოდან ჩამოასეენა და თბილისის სიონში დამარხა.
ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდში 1446 ნომრად დაცულია პ.დ. ციციანოვის ბიოგრაფია, დაწერილი 34 ფურცელზე, რომელთაც ჭვირნიშნად 1844 წ. უზის. ბიოგრაფიას ბოლოში დართული აქვს ლექსი მიძღვნილი პ.დ. ციციანოვისადმი. ლექსში ციციანოვი შემკულია „სახელსატრფოო, მამაცო, მხნეო. სიბრძნისა ზღვაო“ და სხვა ეპიტეთებით. როგორც ამ ლექსიდან ჩანს, ბიოგრაფია ქართულად უთარგმნია ჩვენთვის უცნობ ქართველს ვორონცოვის ხანაში.