მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველთავად–აზნაურთაგვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. როგორც ს. ჯანაშიამ გაარკვია, ლიპარიტის „საგვარეულოს სრული შეცდომით ორბელიანებს ეძახიან, მაშინ როდესაც მისი ნამდვილი გვარ სახელი იყო ბაღუაში“. მაგრამ ჩვენთვისაქ მნიშვნელოვანია არა ის, იცის თუ არა იოანე ბატონიშვილმა ლიპარიტის ნამდვილი გვარსახელი, არამედ ის, რომ მხეიძეთა გვარი ლიპარიტის „ნათესავია“. ბაღუაში კი, ვახუშტის ცნობით, “ლიპარიტისძე“ იყო („ბაღუაში, რომელიც იყო ლიპარიტისძე“). ცნობილია, რომ IX ს. მეორე ნახევარში თრიალეთში გაბატონებული ლიპარიტ ბაღუაში, რომელიც კლდეკარის საერისთავოს დამაარსებელია, წარმოშობით არგვეთიდან იყო. სწორედ იმ კუთხიდან, სადაც მხეიძეები ბინადრობდნენ.

 ისტორიული გადმოცემის მიხედვით, VIIIს. პირველ ნახევარში არგვეთის „მთავრებად“ მხეიძეთა გვარის წარმომადგენელნი ისხდნენ, არაბთა მხედართმთავრის მურვან – ყრუს საქართველოში ლაშქრობის დროს (736 – 738 წწ.) დამპყრობლებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპულნი არგვეთის „მთავარნი“ დავით და კონსტანტინე, იმავე გადმოცემით, გვარად მხეიძეები იყვნენ.

დავით და კონსტანტინე მხეიძეები ეს გადმოცემა, ვფიქრობთ, ჭეშმარიტებას შეიცავს. ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ არგვეთის „მთავართა“ მხეიძეთა და არგვეთს (კაცხს) საგვარეულო მამულის მქონე ლიპარიტ ბაღუაშის „ნათესაობა“ სარწმუნოდ გვეჩვენება. შეიძლება მხეიძეები ბაღუაშთა გვარის ერთ რომელიმე შტოს წარმოადგენდნენ. ორივე ერთად კი, როგორც იოანე ბატონიშვილი აღნიშნავს. „ძირით სალიპარიტიანნი“ ანუ სალიპარიტიანოდან იყვნენ.

 სალიპარიტიანო ეწოდებოდა ტერიტორიას ჭყონდიდიდან უნაგირას მთამდე. ამ კუთხის სახელი ბაღუაშთა გვარში გავრცელებულ ლიპარიტის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამ სახელის მატარებელი ბაღუაშის სახლიკაცთა შტო ლიპარიტიანად უნდა იყოს წოდებული, ხოლო ის კუთხე, რომელსაც ის ფლობდა – სალიპარიტიანოდ. ამგვარად, თუ ჩვენი მოსაზრება სწორია, მხეიძეები და ლიპარიტიანები ბაღუაშთა გვარის ცალკე შტოებად უნდა მივიჩნიოთ. ან, პირიქით, ლიპარიტიანის შტოებად უნდა მივიჩნიოთ ბაღუაში და მხეიძე. ამ მხრივ მეტად საგულისხმოა ვახუშტის ცნობა: „ბაღუაში, რომელი იყო ლიპარიტისძე“.

 ფეოდალური ურთიერთობის პირობებში ყველა ესენი (ლიპარიტიანი, ბაღუაში, მხეიძე) ბუნებრივია მამულის გაფართოება–მოპოვებისთვის იბრძვიან. ლიპარიტიანები თავიანთი „ძირის“ –მამაპაპეულ ადგილზე,სალიპარიტიანოში რჩებიან. ბაღუაშები და მხეიძეები სხვადასხვა გზით (ხმლით, სყიდვით) თავიანთ უფლებას ავრცელებენ არგვეთზე და აქ მკვიდრდებიან.

  არგვეთიდან გადადის შემდეგ ლიპარიტ ბაღუაში თრიალეთში და თანდათანობით ხელთ იგდებს ალგეთის ხევსა და ქვემო ქართლის იმ ნაწილს, „რომელმაც შემდეგში საბარათიანოს სახელწოდება მიიღო.“

 ასე წარმოგვიდგება ბაღუაშ–ლიპარიტიანი–მხეიძის გვარის წარმომავლობის გზები იოანე–ბატონიშვილის ცნობის, ისტორიული გადმოცემისა და ლიპარიტ ბაღუაშის შესახებ „მატიანე ქართლისაში“ დაცული მონაცემების საფუძველზე.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მხეიძეების თანამოგვარეები ხეციები (მეგრული ფორმით–ხეცია) სწორედ სამეგრელოში გვხვდებიან.

 მხეიძეთა გვარის ძირძველობა კარგად ჩანს ეპიგრაფიკული მასალებიდან. ჯერ კიდევ XI ს. იხსენიება ეს საგვარეულო ერთი წინგასაძღოლი ჯვარის წარწერაში, ამავე ხანის ან XI-XIIIსს. შუალედის მოღვაწე უნდა იყოს მოლარეთუხუცესი ბეშქენ მხეციძე, რომელიც ჯვარის მონასტრის აღაპების ტიშენდორფისეულ ნუსხაში გვხვდება. უფრო გვიან, სპეციალისტების აზრით, XIII-XVI სს. მოჭედილ ღვთისმშობლის ხატის წარწერა გვაუწყებს, რომ ეს ხატი მოუჭედინებიათ და შეუმკიათ ფირან „მხეციძესა“ და მის თანამეცხედრეს აბასის ასულ ელენეს. XIV საუკუნეშივე მოჭედილი მაცხოვრის ხატის წარწერა კიდევ ამ ხატის მომჭედინებლად   ქაიხოსრო „მხეციძესა“ და მის მეუღლეს ერისთავის ქალს ანას ასახელებს.

 დოკუმენტურ წყაროებში მხეციძე (იგივე ფხეიძე, მხეიძე ) პირველად იხსენიება 1326 წელს. აღნიშნულ წელს მიქელაძისადმი მიცემული სისხლის ზღვევის სიგლიდან ჩანს, რომ მიქელაძის საქმის გამო მიქაელ მეფის წინაშე „შემოვიდნეს დარბაისელნი კახაბერიძე, მხეციძე“ და „სხვანი“ და მათი მონაწილეობით მოხდა მიქელაძის საქმის გარჩევა. ჩანს მხეიძე ამ დროს მეფის დარბაზის წევრი და დამსახურებული პირია. მაგრამ მისი სახელი, როგორც კახაბერიძის, საბუთებში აღნიშნული არ არის.

 უფრო მკაფიოდ ჩანან მხეიძეთა გვარის წარმომადგენლები XV ს. მიწურულიდან. 1488 წელს შედგენილ ფალავანდიშვილთა სასისხლო სიგელში მოწმეთა შორის ვხედავთ მოლარეთუხუცესს სარგის მხეციძეს. მოლარეთუხუცესობა მხეციძეებს, როგორც ვნახეთ, საქართველოს ფეოდალური მონარქიის მთლიანობის პერიოდში ჰქონდათ და გამოყავთ პოლიტიკური დაშლილობის ხანაშიც.

 ეს სარგისი უნდა იყოს 1505–1519 წლებს შუა დაწერილ ერთ საბუთში მოხსენიებული „პატრონი“ სარგის მხეციძე, რომელთან ერთად დასახელებულია მისი შვილებიც: გიორგი, ქაიხოსრო, ჯანგაზ, ზურაბ და ფირანი. სხვა წყაროებიდან ვგებულობთ, რომ ამათ გარდა, სარგისს ჰყავდა კიდევ მეექვსე ვაჟი–გარსევანი.

 სარგის მხეიძე მდიდარი ფეოდალია. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ის, რომ მისი „ბრძანებითა “ მოიჭედა რამდენიმე ხატი. ამასთან იგი ფრიად დაწინაურებულია: სამეფო კარზე მას მოლარეთუხუცესის სახელი უჭირავს. თანამეცხედრეც თავის მაღალღირსების შესაფერი ჰყავს. ესაასარგის მხეციძის მიერ გელათის მონასტრისადმი შეწირული ხატი „მეფეთ მეფისა ბაგრატისა დისწული, ამირინდოსა ამილახორისა ასული ელენე ყოფილი ეკატერინე“.

 როდის უნდა მომხდარიყო მხეიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზრვრა ძნელია. დაახლოებით კი ეს ХV საუკუნეში, სარგის მხეციძის მოღვაწეობის პირველ პერიოდშია სავარაუდებელი. სათავადოს უფროსადაც სარგისი არის საგულისხმებელი (გვარში ის პირველობს.)

 მხეიძეთა სათავადოში რამდენიმე სოფელი შედიოდა:

  1. ზედუბანი, 2. დაბა–ძველი, 3. საწირე. 4. ივანოული, 5. ძიროვანი.

     ამ სოფლებს ეწოდებოდა „სამხეიძო“.

მხეიძეებს ეკუთვნოდათ აგრეთვე „ჟუნტუბოს მამული“.

 ამ სოფლების ნაწილი მხეიძეებს სარგისის ზეობის დროს უნდა ჰქონოდა შეძენილი. ნაწილი კი– უფრო ადრე.

 მხეიძეთა სოფლები ერთ მთლიან ტერიტორიას ჰქმნიდნენ, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „სამხეიძო“ ეწოდებოდა, აღმოსავლეთით ამ ტერიტორიას ლაღორიისა და ვაშლას ტყე საზღვრავდა, დასავლეთით სოფელი ლეღვა, ჩრდილოეთით–ახალდაბა და სამხრეთით–ძუყნური.

 აღნიშნულ სოფლებს გარდა, ერთ დროს მხეიძეებს ეკუთვნოდათ ნავენახევი მთლიანად და მესხეთისა და ფარცხანაყანევის დიდი ნაწილი. ეს იყო 1545 წელზე კარგა ხნით ადრე.

 თავდაპირველად საეკლესიო სოფელი ნავენახევი ჯერ ღორობერიძემ მიიტაცა და „სააზნაურიშვილოდ“ შეიქმნა. „ამას უკანის ჟამთა აშლილობისაგან მხეციძესა ეშოვნა“. მაგრამ მხეციძეს ბაგრატ III–ის „უპატიობა შევარდა“. ამიტომ მეფემ ჩამოართვა მას ეს სოფელი და 1545 წელს გელათის ღვთისმშობელს შესწირა. ამავე დროს გამოეცალა ხელიდან მხეიძეს მესხეთი და ფარცხანაყანევიც.

 მხეიძეთა რეზიდენცია სოფელ ზედუბანს იყო. აქ ჰქონდათ მათ სასახლე და კარის ეკლესია. სასახლიდან დაშორებით, დასავლეთის მიმართულებით, მდინარე ჭალისწყლის პირას იყო აგებული მხეიძეების ციხესიმაგრე, რომელიც საწირის ციხის სახელითაა ცნობილი.

 საგვარეულო სასაფლაო მხეიძეებს ჰქონდათ ზედუბნის ეკლესიაში, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე იყო აშენებული.

 მხეიძეების ადგილ მამულზე მათი ყმები იყვნენ განლაგებული. წყაროებიდან არ ჩანს რამდენი იყო მხეიძეების საგვარეულო ყმათა საერთო რიცხვი. ვიცით მხოლოდ, რომ მათი ყმა გლეხები იყვნენ: კუბლაშვილები, აშოთიები, შარვაძეები, ასათიანები, ბოჭორიშვილები და გვენეტაძეები. მხეიძეების აზნაურები იყვნენ როინიშვილები.

 მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფალი იყო. გვიანდელი (1810 წ.) ცნობით, მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ 10 კომლი იხდიდა. ხოლო საუდიეროს გადამხდელთა სიაში მათი ყმები სულ არ ირიცხებიან.

 ისე, როგორც სხვა სათავადოებში, სამხეიძეოშიც სათავადოს უფროსს თავისი მოხელეები (მოურავი, მდივანი, ხელოსანი და სხვ.) უნდა ჰყოლოდა, რომელიც გამოყენებული იქნებოდნენ ყმა მამულის მართვაში, მაგრამ ამის შესახებ ცნობები დაცული არ არის.

 მოლარეთუხუცესი სარგის მხეიძე გარდაიცვალა 1531 წლის 11 ივლისს. მისი სიკვდილის შემდეგ მისი საგვარეულოს საქმე ცუდად წავიდა. ჯერ ერთი, რომელიღაც მხეციძეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბაგრატ III -ის „უპატიობა “ დაედო და ამის გამო ერთი სოფელი დაკარგა. შემდეგ, სარგის მხეციძის მემკვიდრის ჯანგაშის შვილს „მისის ბიძის სასისხარი საქმე შეხვდა“ და მრავალი ყმა–მამული გაყიდა. შემდეგ კიდევ მხეიძეს ქელბაქიანის სისხლი დაედო და იძულებული გახდა მისთვის მრავალი გლეხი მიეცა.

 ამავე დროს (1573 წელს ან მის ახლო ხანს) მხეიძეთა საგვარეულოს ერთი წევრი უშვილოდ ამოწყდა და გიორგი II-მ მისი ყმა–მამული მის სახლიკაცებს კი არ დაუტოვა, როგორც ეს ჩვეულებრივ იყო მიღებული, არამედ გელათის ეკლესიას შესწირა. ეტყობა, გიორგი მეფეც ემდუროდა მხეიძეებს.

 ბოლოს, XVI ს. მიწურულს, ან იქნებ უფრო ადრეც, მხეიძეთა საგვარეულოს წაერთვა მოლარეთუხუცესის თანამდებობაც. ყოველ შემთხვევაში, სარგის მხეციძის შემდეგ. (1531 წ.) ამ თანამდებობაზე მისი სახლიკაცი არ ჩანს. ხოლო XVII ს. შუა წლებში ეს სახელო ლომკაც ჯაფარიძეს უჭირავს.

 ამგვარად, XVI ს. დამლევისათვის ეს ძველი ფეოდალური გვარი ყოველმხრივ დაქვეითებულია.

 ამავე მდგომარეობაში რჩება ეს საგვარეულო მომდევნო საუკუნეებშიც. მართალია, XVII ს. შუა წლებში ალექსანდრე III-ის წინაშე მხეციძეები პატივით სარგებლობენ. ამ მეფის 1651 წლის ცნობილი ფიცის წიგნს იმერეთის წარჩინებულ თავადებთან ერთად, მხეიძეთა საგვარეულოს ხუთი წარმომადგენელი (პაპუნა, ფირან, ხოსია I, ხოსია II, იამადა) აწერს ხელს. მაგრამ სამეფოს მმართველობის აპარატში მხეიძეები აღარ მონაწილეობენ.

 ალექსანდრე მეფის მემკვიდრის ბაგრატ IV-ის დროს მხეციძეთა საგვარეულოს ორი წევრი კაცია და ხოსია მესტუმრეთუხუცესის სახელოებს ატარებენ. უნდა ვიფიქროთ, ერთი მათგანი (კაცია) მეფის მესტუმრეთუხუცესია, მეორე კი–დედოფლისა. მაგრამ არც ესენი და არც მათი სახლიკაცი ჟოჟუა ბაგრატ IV-ის მიერ რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ 1669 წლის წერილში დიდებულ თავადთა გვარიდან („დიდი ბოიართა“) რიგებში არ იხსენებიან, არამედ სამივე მეორეხარისხოვან თავადებს („ბოიარებს“) შორის არის დასახელებული.
 დიდებული თავადი, როგორც ვიცით, გაუყრელ თავადთა გვარიდან გამოდიოდა. 1669 წლის დიდებულ თავადთა სიაში კი მხეიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი არ ირიცხება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ დროს მხეიძეთა გვარი გაყრილია? ვფიქრობთ, არა. ამა თუ იმ თავადური გვარის მეთაურის მეფის წიგნში მოხსენიება–მოუხსენიებლობა მეფის მიმართ ერთგულება–ორგულობით იყო განსაზღვრული. ეტყობა, ბაგრატ IV-ესა და მხეიძეთა სახლის უფროსს შორის ცუდი განწყობილება იყო. მეფის წიგნში იგი უთუოდ ამის გამო ვერ მოხვდა.

 არც XVIII ს. დამდეგსაა იმერეთის მეფესა და ამ საგვარეულოს თავკაცს შორის კარგი განწყობილება. ამ დროს მოღვაწე პაატა მხეიძე „მეფისაგან განდგომილ იყო.“ იგი ბეჟან დადიანის მხარეზეა გიორგი VI–ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 პაატას მამა უნდა იყოს ფირან მხეიძე, რომელსაც თანამეცხედრედ ჰყავდა დადიანის ასული მზეხათუნ. ეს ნათესაობა უნდა აკავშირებდეს პაატას ბეჟან დადიანთან და ამას უნდა გულისხმობდეს ვახუშტი, როცა ამბობს: პაატა მხეიძე „ბეჟანის გამო“ განუდგა მეფესო.

 გიორგი VI–მ სცადა გამდგარი ვასალის დამორჩილება. „მივიდა მეფე და მოადგა ციხესა მისსა საწირეს,“ მაგრამ ამაოდ. მხეიძის „მეციხოვნეთა“ მოახერხეს ციხეში „წამლის“ შეტანა. „მოსრნეს“ მეფის „მესაფარენი და განმაგრდნენ უმეტესად.“

 მეფე უძლური აღმოჩნდა თავის თავადთან ბრძოლაში და დიდად დაზარალებული „უკუმოიქცა გეგუთს“

 საწირეში, თავის საგვარეულო ციხესიმაგრეში ჩაკეტილი პაატა მხეიძე, უეჭველია, ამ დროს (XVIII ს. დამდეგი) მხეიძეთა საგვარეულოს უფროსია და მას მთალი გვარი უდგას მხარში. მეციხოვნეებიც უთუოდ საერთო საგვარეულო ყმებია.

 პაატა მხეიძე ამ ამბების შემდეგ წყაროებში არ იხსენიება. არ ვიცით რა მოუვიდა მას.

 გიორგი მეფის მემკვიდრე ალექსანდრე V-მ, როგორც ჩანს, შეირიგა მხეიძეთა გვარი. ამ საგვარეულოს წევრს ხოსიას 1733 წ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობაზე ვხედავთ. მაგრამ ეს სახელი მას მალე ჩამოერთვა. 1759 წელს მეღვინეთუხუცესობა უკვე სულთამ ავალიანის ხელშია.

 მხეიძეები ახლა აღარ ეურჩებიან იმერთა მეფეს. ამის ძალა მათ არც შესწევთ. მხეიძეებს ეკონომიურად უჭირთ: თავიანთი ძლიერების საყრდენი–ყმა–მამული თავიანთ აზნაურ ქაიხოსრო როინიშვილს მიჰყიდეს.

 სოლომონ I მეფობაში მხეიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელს გიორგის ერთ ხანს (1759 წ.) ქვეშიკთუხუცესის სახელი ეჭირა, მაგრამ მოკლე ხნით. 1766 წ. ახლო ხანს იგი ამ სახელოს გარეშე ჩანს. ამ დროს ქეშიკთუხუცესობა ქაიხოსრო აგიაშვილს აქვს.

 მხეიძეთა გვარს ადრიდანვე ჰქონდა ოკრიბის მოურავობა. აქ მოსახლე გლეხებს მოურავის სასარგებლოდ „სამოურავო მოსაკრებული რკინა“ მართებდათ. 1700 წ. ახლო ხანს ფირან III მხეიძემ მის სამოურავო ოკრიბაში მცხოვრები „ღვთის მშობლის კაცის“ ეს გამოსაღები გელათის მონასტერს შესწირა.

 ფირანზე ადრე, 1691 წლის ერთ სიგელში მოწმეთა შორის დასახელებული მოურავი კაცია მხეიძეც უთუოდ ოკრიბის მოურავი იყო.

 ეს სახელო მხეიძეთა საგვარეულომ დიდხანს შეინარჩუნა. 1786 წელსაც ოკრიბის მოურავობა ისევ ამ საგვარეულოს წარმომადგენელ გიორგი მხეიძეს აქვს. აღნიშნულ წელს იგი აახლებს თავის „ძეულთა მამა–პაპათა“ მიერ „სამოურავო რკინის“ თაობაზე გელათის მონასტრისთვის მიცემულ შეწირულების წიგნს.

 გიორგი მხეიძეა ამ დროს თავისი საგვარეულოს უფროსი.

 გიორგი მხეიძეს სამი ვაჟი ჰყავდა: ფირან (IV), ბერი და ზაალ. მამასთან ერთად ვხედავთ მათ როგორც 1786, ისე 1790 წელსაც. ხოლო 1803 წელს გიორგი მხეიძე ცოცხალი არ არის. მისი შვილების მიერ ამ წელს სოხასტერის წინამძღვარ დავით იოსელიანისათვის მიცემულ პირობის წიგნში გიორგი აღარ იხსენიება.

 იმერეთის სამეფოში რუსული მმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით მხეიძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.

 ზემოხსენებულ პირთა გარდა, მეტ–ნაკლებად ცნობილია მხეიძეთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებიც:

 ვ ა ხ უ შ ტი - იხსენიება 1755, 1756, 1754–1768, 1817 წლების საბუთებში;

 ხ ო ს ი ა IV - მოწმედ არის დასახელებული 1748, 1799 წლების დოკუმენტებში;

 ბ ე ჟ ა ნ - გვხვდება 1803, 1816, 1819, 1820 წლებში. თავისი მოგვარე გიორგი (გოგია) მხეიძესთან ერთად მონაწილეობდა 1819–1820 წლების იმერეთის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ, იმერეთიდან გაიქცა, მისი და მისი სახლიკაცის გოგიას ქონება ხაზინამ აიღო;

 პ ა ა ტ ა II - ჩანს 1817 წელს;

 დ ა ვ ი თ ი - ვხედავთ 1817 წელს;

 გ ი ო რ გ ი - ვხვდებით 1819, 1820 წლებში. მონაწილეობას ღებულობდა ამავე წლების იმერეთის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ, იმერეთიდან გაიქცა, ხოლო მისი ქონება სახაზინოდ გამოცხადდა.

მხეიძეები გენეალოგიურ ხეზე


კომენტარები

gb  rs t