ესტატე თეიმურაზის ძე
ჯავახიშვილი
1772 - 1833
1832 წლის აჯანყების მონაწილე
პორუჩიკი

 ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 წ.

 საქართველოს სამხედრო გუბერნატორი მალინსკი 1811 წ. 13 ნოემბერს ატყობინებს პაულუჩის, რომ ზურაბ მაჩაბელი, ესტატე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ და იორამ თარხანოვები გაგზავნილ არიან ვლადიკავკაზში სამხედრო სამსახურში განსაწესებლად.

 ესტატე ჯავახიშვილმა სამსახური დაიწყო 1812 წ. პავლოგრადის ჰუსართა პოლკში. სამხედრო სამსახურში დარჩა საფრანგეთთან ომის დამთავრებამდე, შემდეგ სამსახურიდან გადადგა პორუჩიკის ჩინით და პეტერბურგში დასახლდა (პავლოგრადის ჰუსართა პოლკში სხვა ესტატე ჯავახიშვილი მსახურობდა).

 1832 წ. იოანე ბაზლაძემ ბაგრატ ბატონიშვილის თხოვნით რუსულიდან თარგმნა 1815 წ. მოსკოვსი დაბეჭდილი „ლაშქრობა ნაპოლეონისა“. ეს თარგმანი 1824 წ. ბაგრატ ბატონიშვილმა გადაწერა (160 ფურცელი), ამ შრომას ერთვის სია იმათი, „რომელნიცა ქართუელნი დაესწრნენ ბრძოლასა ამას შინა“. ამ სიაში შეტანილია ე. ჯავახიშვილიც (აქ შეცდომაა, 1812 წელს ნაპოლეონთან ომში მონაწილეობდა სხვა ესტატე ჯავახიშვილი).

 პეტერბურგში ის ხვდებოდა შეთქმულების მონაწილეებს. ისმენდა მათ საუბარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. თუმცა ჩვენებებში ის ამბობდა, რომ ცნობით იცნობდა ყველას, ვინც კი მისი საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, მაგრამ შეთქმულების შესახებ არავისგან არაფერი სმენია და არც თითონ ულაპარაკნია. საგამომძიებლო კომისიის მიერ შედგენილ „შესაკითხ პუნქტებზე“, რომელზედაც შეთქმულთ წერილობით უნდა გაეცათ პასუხები, ე. ჯავახიშვილი პასუხობს ქართულად, თუმცა ასონაკლულად. პეტერბურგში ის იცინოდა დიმიტრი ბატონიშვილის მონათხრობზე და უწოდებდა მას ლოთრანს, ე.ი. ვოლტერს.

 ვახტანგ ორბელიანის ჩვენებით, ზაქარია ჩოლოყაშვილს ესტატესაგან გაუგონია – საქართველო რომ განთავისუფლდეს და ხელმწიფემ მე ჩამაბაროს ბატონიშვილების საქართველოში წაყვანა, მე მათ კავკავამდე მოვიყვანდი და იქ ყველას თერგში გადავყრიდიო.

 საგამომძიებლო კომისიამ „პეტერბურგში მყოფი პორუჩიკი“ ესტატე IX კატეგორიას მიაკუთვნა.

 ესტატეს ცოლად ჰყავდა იოანე ორბელიანის (სარდლის) ქალი ელისაბედი. (ლუარსაბ ორბელიანის და და პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლის და). სტეფანე ფეშანგოვს გამოთქმული აქვს ლექსი ესტატე ჯავახიშვილის ცოლზე ელისაბედზე. ალ. ჭავჭავაძის ნათარგმნ ვოლტერის „ალზირას“ ხელნაწერს აწერია: „ორბელიანის სარდლის იოანეს ასულის ელისაბედისა ვარ“.

 ესტატესა და ელისაბედს ჰყავდათ ორი შვილი: ალექსანდრე და მიხეილი. მიხეილ ესტატეს ძე ჯავახიშვილი „სამსახურის გარეშე მყოფი პრაპორშჩიკი“ შეთქმულთა ჩვენებებით 1831 წლიდან იყო განდობილი შეთქმულებაში. მაგრამ რაკი მის საწინააღმდეგო ჩვენებებში გაურკვევლობა იყო, იგი სამართალში არ მიუციათ. მიხეილს, მეტ სახელად „პრუწუნეს“, ცოლად ჰყავდა ორბელიანის ქალი, რომელიც უშვილო იყო. მიხეილს თავის მოახლისაგან ადამაშვილის ქალისაგან ეყოლა შვილი, რომლის ჩამომავალია ჩვენი მწერალი მიხეილ ადამაშვილი – ჯავახიშვილი (მწერალი მიხეილ ჯავახიშვილის წარმოშვების ეს ვერსია ჩვენი აზრით არასწორია).

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

ka    ru