ალექსანდრე
ვახტანგის ძე
ორბელიანი
1832 წლის აჯანყების მონაწილე
თბილისი - ორენბურგი
საქართველო - თბილისი - სიონის ტაძარი

 ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი . საგამომძიებო კომისიამ იგი მოაქცია "დამნაშავეთა" მეორე კატეგორიაში, რისთვისაც მიესაჯა გადასახლება ორენბურგის გუბერნიაში, საიდანაც 1838 წელს "კავკასიის ხაზზე" გადმოიყვანეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 1840 წელს - "დარიალის ხიდს ქვემოთ თერგის პირზე ჩაველ... იქ დავიჩოქე, ერთს ქვას მოვეხვიე და იმას კოცნით მოვლოკავდი, რომელსაცა მიხაროდა და ღმერთს მადლობას შევწირავდი: კიდევ ვნახე ჩემი მშობელი მამულის სამძღვრის პირიო" - წერდა ამის თაობაზე ალექსანდრე ორბელიანი.  საქართველოში დაბრუნებულმა ალექსანდრე ორბელიანმა არ ინდომა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ერთხანს საზოგადოებრივ-კულტურულ სარბიელსაც გარიდებული იყო. მისი როგორც საზოგადო მოღვაწის, სახელი ძირითადად დაკავშირებულია ივანე კერესელიძის "ცისკართან", რომლის დაარსებასა და გამოცემაში იგი არსებითი ხასიათის მონაწილეობას ღებულობდა. აქვე აქვეყნებდა ლექსებს, დრამატულ ნაწარმოებებს, საისტორიო თხზულებებს, რეზენციებს, ნაშრომებს ქართული სასაუბრო და სალიტერატურო ენის შესახებ, მემუარებს.
 რუსეთთან მიმართებაში ალ. ორბელიანს თავისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვითშეგნება ასე აქვს ჩამოყალიბებული: "მე რუსები საქართველოში არ მიყვარან, მინდა აქედან ისე გადაიკარგონ, რომ საქართველოს სუნიც იმათ ვეღარ მიედინოს და რუსეთში კი ბედნიერები იყვნენ".
 თანამედროვენი ალექსანდრე ორბელიანს "პუპლიას" ეძახდნენ. ეს მეტსახელი მას გადაუკეთეს თბილისის კეთილშობილთა სასავლებლის დირექტორის თ. ბუკრინსკის ერთი ფრაზისგან, რომლითაც მას პატარა ალექსანდრესთვის მიუმართავს: "შენ ხარ პატარა რომაული პუბლი".
 ალ. ორბელიანი გარდაიცვალა 1869 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლეც - ეკატერინე (კატინა) ბარათაშვილი.

ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბ. 2007

თავადი (ქართლი)
Alexander Vakhtangovich Orbeliani - nobility.pro

gb  rs t