გრიგოლ ზურაბის ძე
წერეთელი
1787 - 1843
პოლკოვნიკი

 გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი. ზურაბ წერეთლს გრიგოლს გარდა ექვსი შვილი ჰყავდა: სვიმონ, დავით (მიტროპოლიტი,) მართა (ლევან დადიანის მეუღლე), მაკრინა (დავით თარხან მოურავის მეუღლე), ქეთევან გიორგი XII - ის შვილის იოანე ბატონიშვილის მეუღლე) და პუპი (დიმიტრი შერვაშიძის მეუღლე). გრიგოლი გაზრდილი იყო ზაქარია არქიმანდრიტისა და ანტონ კათალიკოსისა. ამათი მოგროვილი ძველი ხელნაწერები და ქართული წიგნები გრიგოლმა შეიძინა, ზოგი კი თავისი ორი დის – ქეთევანისა და მართას – და მამიდის სიმონ გურიელის მეუღლე მარინა ქაიხოსროს ასულის შემწეობით ხელში ჩაიგდო. როდესაც ივანე აბაშიძე ახალციხეს გადავარდა, გრიგოლმა დაინარჩუნა მისი ნაქონი წიგნებიც. ამავე დროს თვითონაც უყვარდა ხელნაწერების გადაწერა. ამრიგად შეიქმნა მან მდიდარი ბიბლიოთეკა (ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში შესულია გრიგოლის ნაქონი მრავალი ხელნაწერი, რომელთაგან ბევრი გრიგოლის დაკვეთით არის ნათარგმნი და გადაწერილი).

 1821 წ. გრიგოლს პოდპოლკოვნიკობა მისცეს, 1838 წ. – პოლკოვნიკობა. ქუთაისის მუზეუმში დაცული ხელნაწერი გვამცნობს: „ 1843 წელს მიიცვალა ახალქალაქს პოლკოვნიკ–კავალერი გრიგოლ წერეთელი დეკემბრის 20 – ს“.

 გრ. წერეთელს ჰყავდა სამი ვაჟი: 1. ალექსანდრე, რომელსაც ცოლად ჰყავდა ეკატერინე ერისთავი – ივანე ფილოსოფოსის ასული, გარდაიცვალა 1872 წ. დასაფლავებულია იკორთაში – ცოლის მამულში. 2. დიმიტრი; ამისი ვაჟი იყო ნესტორი, შემდეგში გენერალი. 3. სამსონი, „იშვა 1812 წ. 10 დეკემბერს“ დაიჭრა ოსმალებთან ბრძოლაში ქობულეთთან 1829 წ. აპრილში და ჭრილობისაგან გარდაიცვალა.

 გრიგოლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიბლიოთეკა მემკვიდრეობით დარჩა მის უფროს ვაჟს ალექსანდრეს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების (მათ შორის წიგნების) მემკვიდრე შეიქნა მისი ძმისწული გენერალი ნესტორ წერეთელი. ნესტორ წერეთელმა „ცეცხლი წაუკიდა თურმე ზანდუკს წერილებისას. ამან მიიღო ეს წერილები სხვა მემკვიდრეობასთან ერთად“. ზოგი ხელნაწერი დაწვას გადაარჩინა ბესარიონ ღოღობერიძემ და 1884 წ. დიმიტრი ბაქრაძეს გადასცა წ. კ. საზოგადოებაში დასაცავად.

 იმ დროს ქართულ პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიაც გამოხატული იყო შეშფოთება გრ. წერეთლის მემკვიდრეობთან დაცული ქართული ხელნაწერების ბედით.

 აკაკი წერეთელმა „დროების 1871წ. 17 ივლისის ნომერში გამოაქვეყნა წერილი „უფალო რედაქტორო! (გრიგოლ წერეთლის შეგროვილი მდიდარი ბიბლიოთეკა და მისი შვილის ალექსანდრეს უპასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე)“. ამ წერილში აკ. წერეთელი, სვათა შორის, წერდა – ბევრი ძველი ქართული წიგნი ალექსანდრესა აქვს და არავის ასარგებლებსო. 1873 წ. 25 მაისს „დროებაში“ დაიბეჭდა წერილი „ჩვენ შევიტყეთ (განსვ. ალ. წერეთლის ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკის ბედი)“, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილი ალ. წერეთლის ქართული წიგნების ბიბლიოთეკის მემკვიდრე ნესტორ წერეთელი ითხოვს კატალოგი შეუდგინონ ამ ბიბლიოთეკას.

 „დროების“ 1879 წ. თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოტოჩის „წერილი რედაქტორთან“, რომელშიაც ლაპარაკია ძველი ქართული ხელნაწერების, მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ არსებობის შესახებ ალექსანდრე წერეთლის მემკვიდრეებთან. იმავე 22 ივლისს „დროებაში“ ი. ჭყონია წერილით „უფალო რედაქტორო!“ აცნობდა მკითხველებს ალ. წერეთლის ბიბლიოთეკის საზოგადოებისათვის გადაცემის აუცილებლობას. 1880 წ. 21 დეკემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აქვეყნებს წერილს ალ. წერეთლის ოჯახში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შესახებ.

 1884 წელს გრ. წერეთლის ბიბლიოთეკის ნაწილი ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა.

თავადი (იმერეთი)

კომენტარები

ka    ru