მარიამ გიორგის ას.
ციციშვილი
1768 - 1850

 მარიამ დედოფალი (1768 – 1850). საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII - ის მეორე მეუღლე. გიორგი ციციშვილის ქალი. გიორგი ბატონიშვილმა იქორწინა მასზე 1782 წელს. გიორგისა და მარიამის ვაჟები: მიხეილ (1735 – 1861), 2. ჯიბრაილ – იგივე გაბრიელ (1788 – 1812), 3. ილია (1790 – 1854), 4. სვიმონ (გარდაიცვალა ბავშვობაში), 5. ოქროპირი (1795 – 1857), 6. ირაკლი (1799 – 1859). გიორგისა და მარიამის ქალები: 1. თამარ (1789 – 1851), 2. ანა (გარდაიცვალა 7 წლისა), 3 ანა (მეორე. 1800 – 1821). დაქვრივების შემდეგ მარიამ დედოფალს შეგნებული აქვს ქვრივი დედოფლის უმწეო მდგომარეობა და როცა გაირკვა, რომ საქართველოს სამეფო კარი რუსეთს უნდა გადასახლდეს, მარიამი 1802 წლის 10 მარტს უგზავნის თხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრს გრაფ ვ.პ. კოჩუბეის. იგი ითხოვს არ გადაასახლონ დედოფალი და მისი შვილები, ხოლო თუ აუცილებელია მათი გადასახლება, მაშინ ადროვონ სამი წელი მაინც,  „რათა სნეულება და ძუძუს მწოვნელობა შვილთა ჩემთა დაადგეს ერთსა მტკიცესა ჰაზრსა ანუ სიკვდილსა და ანუ სიცოცხლესა ზედა და მაშინ იყავნ ნებისამებრ თქუენისა“.

 იოსებ კალატოზიშვილმა აცნობა ციციანოვს მარიამ დედოფალი შვილებიანად ხევსურეთში აპირებს გაპარვას ავლაბრის კარითო.

 ციციანოვმა დაავალა ლაზარევს დაეჩქარებინა დედოფლის რუსეთს გადასახლება. როცა ლაზარევი 1803 წ. 19 აპრილს დილით მივიდა დედოფალთან მის რუსეთში სასწრაფოდ წასაყვანად, იგი დედოფლის სადგომიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. არსებობს ლაზარევის მოკვლის ორი ვერსია – ერთი ოფიციალური, მეორე – თვით მარიამისაგან მოთხრობილი.

მარიამ ციციშვილი ოფიციალური ვერსიით, ლაზარევი 19 აპრილს დილის 6 საათზე, რამდენიმე ოფიცრის თანხლებით შევიდა დედოფალთან და აუწყა მას რუსეთში გადასახლების ბრძანება, რაზედაც მარიამმა უარი მოახსენა. გამგზავრებაზე მის დასაყაბულებლად ლაზარევმა მასთან დასტოვა კვარტირმეისტერი სუროკოვი, რომელმაც ქართული იცოდა. როგორც კი სუროკოვი დედოფალს მიუახლოვდა, ბატონიშვილებმა – ჯიბრაილმა და თამარმა იძრეს ტანისამოსში დამალული ხანჯლები და ეცნენ სუროკოვსა და ოთახში მყოფ სხვა პირთ. ხმაურზე ლაზარევი ოთახში  შემოვიდა და მივიდა დედოფალთან, რომელიც ტახტზე, ლოგინზე იჯდა. იგი თითქოს სთხოვდა დედოფალს როგორმე დაეწყნარებინა თავისი შვილები. ამ დროს მარიამმა მუთაქის ქვეშიდან ამოაძრო ხანჯალი და ჩასცა ლაზარევს გვერდში ისე მაგრად, რომ ლაზარევმა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და კარს წინ დაეცა მკვდარი.

 მარიამ დედოფლის ვერსიით, ლაზარევი 19 აპრილს დილას მოვიდა დედოფალთან ყაზახებით და ოფიცრებით. ოთხი ოფიცრის თანხლებით 

 იგი დედოფალთან მივიდა და მოახსენა ციციანოვის განკარგულება მარიამის და მისი შვილების რუსეთში სასწრაფოდ გამგზავრების შესახებ. დედოფალმა ითხოვა დრო, ერთი საათი მაინც დამაცალეთ, ყმაწვილებმა გაიღვიძონ და გამოვალთო. ამაზე ლაზარევი გაგულისდა და უბრძანა ყაზახებს ლოგინიდან გადმოეყვანათ დედოფალი და ბატონიშვილი თამარი. ყაზახები და ოფიცრები მისცვივდნენ ამ ორ ქალს, მარიამს სტაცეს ხელი და ლოგინიდან ნახევრად ჩამოათრიეს. მაშინ ჯიბრაილმა ხანჯალი ამოიღო და იყვირა – სანამ ცოცხალი ვარ, დედაჩემს არ გათრევინებთო. თამარსაც თახჩაში ხანჯალი ეპოვა და ისიც იმუქრებოდა. ამ დროს ლაზარევი ხმალამოღებული შემოვარდა ოთახში. მარიამმა თახჩიდან ხანჯალი ჩამოიღო. ლაზარევმა მას ხელუკუღმა ხმალი მოუქნია და დედოფალი მხარში დასჭრა. დედოფალს მეორე ჭრილობა კაჭკაჭოვმა მიაყენა. მესამე ჭრილობა კი მარცხენა ხელის ზურგზე მარიამს აღარ ახსოვდა, ვისი ნამოქმედარი იყო. მარიამი გულწასული დარჩა ტახტიდან ნახევრად ჩამოთრეული, იგი მოასულიერა ქალაქის ნაცვალმა (სურგუნოვმა), ხოლო დიმიტრი ორბელიანმა საბანზე დაადებინა და გარეთ გაიყვანეს, საბანში შეხვეული ყუთში ჩადეს და მუშებმა წაიღეს. როცა ვერაზე მივიდნენ, იქ დასვეს, აქ მათ წამოეწიათ თათულა ექიმი, რომელმაც დედოფალს ჭრილობები შეუხვია და თანაც ამცნო ლაზარევის სიკვდილი.

 ლაზარევის ნამდვილ მკვლელად თანამედროვენი აღიარებდნენ ნიკოლოზ ხიმშიაშვილს. სამეგრელოს დედოფალი ნინო (გიორგი XII - ის ასული) სწერდა 1817 წელს ერმოლოვს, რომ ხიმშიაშვილ ნიკოლოზს სიკვდილის წინ მისთვის ეთქვა – ლაზარევი მე მოვკალიო. არქიეპისკოპოსი პაფნუტი 1818 წელს წერდა, ლაზარევი ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლაო. პუპლია ორბელიანის სიტყვითაც, „დედოფალმა მარიამმა როგორ დიდსულოვნად იკისრა იმისი (ლაზარევის) სიკვდილი“ ხიმშიაშვილმა სიკვდილის წინ აღიარა ლაზარევი მე მოვკალო.

 ლაზარევის სიკვდილის არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. პეტერბურგში მაშინ ყველა გართული იყო ქალაქის დაარსების 100 წლის იუბილეთი, ხოლო მოსკოვში ერთობოდნენ აეროსტატით, რომელსაც ერთი იტალიელი უშვებდა იქ – სწერს როსტოპჩინი ციციანოვს 1803 წლის 3 ივნისს. მარიამ დედოფალი შვილებიანად რუსეთს გადაასახლეს. იგი იმყოფებოდა კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა მონასტერში როგორც პატიმარი. მარიამი და მისი შვილი მიხეილი რამდენიმეჯერ წერენ თხოვნას, რათა მარიამს თავისუფალი ცხოვრების ნება მისცენ. 1811 წელსა მარიამსა და მის შვილს ანასტასიას მოსკოვში გადმოსახლების ნება მისცეს. 1812 წელს მოსკოვის ხანძრის დროს მარიამი ნიჟნი ნოვგოროდშია. შემდეგ კვლავ მოსკოვშია.

 მოსკოვში დედოფალ მარიამს ენიშნება პენსია გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე სამეფო ოჯახის სხვა წევრებს. ამიტომ ის ხშირად დიდ გაჭირვებაში ვარდება. ბოლო წლებში მას გაუზარდეს პენსია.

 1848 წ. მარიამი ითხოვს საქართველოში დაბრუნების ნებას, რათა აქ გაატაროს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და დაიმარხოს მეუღლის გვერდით. 1849 წლის აგვისტოში იმპერატორმა მარიამს საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. მაგრამ მარიამი ვეღარ ეღირსა სამშობლოში დაბრუნებას. იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1850 წლის 30 მარტს.

 მარიამის ცხედარი ჩამოასვენეს საქართველოში და 1850 წლის 17 ივნისს მცხეთას დამარხეს.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////