გრიგოლ
ლევანის ძე
დადიანი
ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - სურმუში (ლეჩხუმი)
ინფანტერიის გენერალი
ქუთაისი
საქართველო - სამეგრელო - მარტვილის საკათედრო ტაძარი

 გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და კავკასიის ომების მონაწილე, მათ შორის ღუნიბის აღებაში, ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ომებს სამეგრელოში შემოჭრილი ომერ-ფაშას წინააღმდეგ. "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, მონაწილეობდა 1880 წელს დაარსებული "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში (საერთოდ "ვეფხისტყაოსანი" გრ. დადიანის გაუნელებელი სიყვარულის საგანი იყო. დიდი ამაგი დასდო პოემის ი. ბარტდინსკისეულ რუსულ თარგმანს)...იყო ქველმოქმედი (მთელი ქონება და მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა "ქშწ-კგ საზოგადოებას", შესწირა ფული სხვადასხვა სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დააწესა პრემია "საუკეთესო თხზულებისთვის ქართულ ენაზე", საგანგებოდ დატოვა თანხა ქუთაისის ღარიბ მოსახლეობაში დასარიგებლად...) გრიგოლ დადიანს სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში, სადაც დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა, 22 წლისამ დაწერა პოემა "რუხის ბრძოლა (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა)" იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით. ეს პოემა  დავით ჩუბინიშვილმა შეიტანა თავისი "ქართული ქრესტომატიის" 1863 წლის გამოცემაში.
 გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასული ტერეზია (ჯვარი დაიწერეს პეტერბურგში, 1845 წელს. ჯვრისწერას და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I. "გრიგოლის მხრით დედ-მამად იყვნენ ნინო დედოფალი, ბებია გრიგოლისა და მემკვიდრე ცესარევიჩი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა სასახლის ეკლესიაში"). ტერეზია გურიელი-დადიანისა გარდაიცვალა 1871 წელს.
 გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში მამისეულ სასახლეში გაატარა. გარდაიცვალა 1901 წელს ქუთაისში; დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

სამეგრელოს მთავართა სახლი

კომენტარები

ka    ru