ივანე გაბრიელის ძე
გედევანიშვილი
იონა მროველი
1737 - 1821

 ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა 1753 წ. აკურთხა იერდიაკონად. როცა ანტონი რუსეთს გაემგზავრა, იონაც თან გაჰყვა და შემდეგ მასთან ერთად მობრუნდა საქართველოში. ის აკურთხა მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტად. 1775 წ. აირჩიეს რუისის მიტროპოლიტად. 1780 წელს საეკლესიო კრებამ იონა რაღაც დანაშაულისათვის მიტროპოლიტობისაგან დაამხო და მღვდლობისაგან განჰკვეთა და დავით გარეჯის უდაბნოში დაამწყვდია. იონა იქიდან გაიპარა და იმერეთს მივიდა, მაგრამ რაკი არც იქ შეიწყნარეს, ისევ ქართლს დაბრუნდა. ახლა მას გარეთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მიუსაჯეს ცხოვრება. იონა აქედანაც გაიპარა და გადავიდა ახალციხეს. ახალციხის ფაშამ იგი კონსტანტინეპოლს გააგზავნა. საქართველოში მიღებული ცნობებით ის აპირებდა ანტიოქიის პატრიარქისაგან ჯავახეთის ეპარქიის მიღებას. ანტონ კათალიკოსი სწერს კონსტანტინეპოლის პატრიარქს წერილს, რომლითაც აფრთხილებს მას, რომ „მღვდლობისაგან განშიშვლებულმა“ იონამ ვერ მოახერხოს  კონსტანტინეპოლის და ანტიოქიის პატრიარქთა მოტყუება. იონა მაინც ახერხებს კონსტანტინეპოლის და იერუსალიმის პატრიარქებისაგან კურთხევის წიგნების მიღებას. მან 4 თვე დაჰყო სტამბოლს, 1785 წ. დეკემბერში მიტილენაშია, შემდეგ შემოივლის ტუზლას, იაფას, იერუსალიმს, დამასკოს, ანტიოქიას, ბეირუთს, ეგვიპტეს. 1787 წ. ჩადის ელადას, ნეაპოლსა და ტრიესტში ყოფნის შემდეგ მიდის ვენეციას, შემდეგ ალექსანდრიაშია, მერე სინას მთაზე 7 წელი იმოგზაურა ზღვით. 1790წ. ოქტომბერში ვენაშია. აქედან იასით მოლდავეთში მოვიდა, სადაც ნახა ბესარიონ გაბაონი. მოლდავეთში პოტიომკინის კარზე შეხვდა ერეკლეს ელჩი გაიოზ არქიმანდრიტი. 1792 წელს ეკატერინე II-მ მას დაუნიშნა პენსია, ხოლო სინოდმა ნება მისცა კიევში ცხოვრებისა. კიევში დაჰყო 3 წელი, შემდეგ მოსკოვს გაემგზავრა და ჩუდოვოს მონასტერში დაიდო ბინა. გარდაიცვალა 1821 წელს.

 იონა მიტროპოლიტმა თავისი მოგზაურობა აღწერა ცალკე წიგნად. იგი გამოსცა პლ. იოსელიანმა 1852 წელს სათაურით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. იონას მოგზაურობა დაწერილი უნდა იყოს 1807 წლამდე, რადგან აქ დარეჯან დედოფალი ცოცხლად არის მოხსენიებული (დარეჯანი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს). ამავე დროს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ის გარდაცვლილად მოიხსენიებს, ციციანოვი კი გარდაიცვალა 1806 წ. თებერვალში. ე. ი. იონას მოგზაურობა დაწერილია 1806 – 7 წლებში.

 1803 წელს რუსეთში ჩასულ დარეჯან დედოფალს იონა შეეგებება დიდის პატივით. იგი დაესწრო დარეჯანის გარდაცვალებასაც 1807 წლის 8 ნოემბერს, რასაც 24 ნოემბერს წერილით ატყობინებს ანტონ II-ს.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

კომენტარები

ka    ru