გრიგოლ იოანეს ძე
ბაგრატიონი
გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
1789 - 1830
პოდპოლკოვნიკი

 გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.

 დაიბადა 1789 წ. თბილისში, გარდაიცვალა 1830 წ. 27 სექტემბერს პეტერბურგში, ასტრახანის კაზაკთა პოლკის პოდპოლკოვნიკის ჩინით. კახეთის აჯანყებისას მიუგზავნეს ზაზა ანდრონიკაშვილი, რომ დაეყაბულებინა რუსეთის მთავრობას დანებებოდა. ზაზას მეცადინეობით გრიგოლი დანებდა რუსეთის მთავრობას.

 გადაასახლეს ქ. ოლონეცში. თბილისიდან მგზავრობაში თან ახლდნენ მელიტონ ბარათაშვილი (პოეტის მამა) და ბებუთაშვილი. მელიტონ ბარათაშვილს სურდა დარჩენა მეფის ძესთან გადასახლებაში, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი უთხრა, რადგან „ბატონიშვილს თავისთან ყავს ორი მსახური, რომელთაც, ისევე როგორც თვით ბატონიშვილს, რუსული ენა ესმით. ამასთან უსამართლობა იქნებოდა უდანაშაულო ბარათოვი  ისეთსავე პირობებში ჩაგვეყენებინა, როგორშიაც არის ის, ვინც ჩადენილი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს“.

 გრიგოლ ბატონიშვილი ოლონეციდან გადაიყვანეს საგუბერნიო ქალაქ პეტროზავოდსკში. აქ მას ნება დართეს დღეში ერთხელ ქალაქში გასეირნებისა (პოლიციის მეთვალყურეობით) და გუბერნატორის სუფრაზე დაწვევისა.

 1824 წ. იანვარში გრიგოლ ბატონიშვილი თბილისშია, ის აქ ჩაიბარებს თავის ბიძისაგან გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლისაგან დედის – მეფის რძალ ქეთევანის – გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ნივთებს.

 ცოლად ჰყავდა ვარვარა თევდორეს ასული ბუკრინსკაია. შვილი თევდორე ბუკრინსკისა, რომელიც თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მსახურობდა 1826 წ. 1 თებერვლამდე. ამ ბუკრინსკის შესახებ ციციანოვი წერს 1804 წ. 31 მაისს: „ჩამოვიდა სტუდენტი ბუკრინსკი“. ვარვარა დაბადებულა თბილისს 1810 წ. (?); გარდაიცვალა პეტერბურგში 1876 წ. 29 ნოემბერს.   

 გრიგოლ ბატონიშვილი არის ავტორი ეპიკური ნაწარმოებისა „საქართველოს ცხოვრება“.

 გრიგოლ ბატონიშვილის კრებულში („ანთოლოგია“) – მოთავსებულია მისი მრავალი ლექსი.


კომენტარები

ka    ru