გაიანე გიორგის ას.
ბაგრატიონი

 გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ არის, რადგან დედა მისი პაპუა ანდრონიკაშვილის ასული ქეთევან გარდაიცვალა 1782 წ. წლის 2 ივნისს თეიმურაზზე მოლოგინების შემდეგ (თეიმურაზი კი დაიბადა 1782 წლის 23 აპრილს), ამიტომ უფრო სწორი ჩანს ოფიციალური ცნობა 1801 წლის 1 აპრილისა, რომლის თანახმად გაიანე 20 წლისად არის ნაჩვენები ამის მიხედვით ის დაბადებულა 1780 წ.

 1806 წლის სექტემბერში გენ–მაიორმა ნესვეტაევმა მიიღო გუდოვიჩის მიწერილობა – ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე გაეგზავნა თელავიდან მოსკოვს.

 1808 წ. თებერვალში ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე მოსკოვში არიან, ითხოვენ პენსიის მომატებას და მოსკოვიდან პეტერბურგში დასახლებას.

 გაიანე ბატონიშვილი იღებდა 900 მანეთს პენსიას წელიწადში. მისთვის როგორც გაუთხოვრისთვის ჩათვალეს, რომ ეს პენსია საკმარისია.

 1808 წ. 15 ივნისს გაიანე ბატონიშვილს, რომელიც თხოვდებოდა პოლკოვნიკ გიორგი ერისთავზე, სახელმწიფო საბჭომ დაუნიშნა მზითევი – 12000 მანეთი, იმ ოდენობისა, როგორიც ეძლეოდათ ფრეილინებს გათხოვებისას.

 გაიანე ბატონიშვილი 1808 წ. გახდა მეუღლე გიორგი იესეს ძე ერისთავისა  (სენატორისა) (1772–1863).

 გაიანე გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს, დასაფლავებულია იკორთის მონასტერში.

 დარჩა ვაჟი ზაქარია და ქალები ქეთევან და მარიამი. ქეთევანი გათხოვდა მამუკა ორბელიანზე, მარიამი გრიგოლ ერისთავზე. მისი ვაჟი ზაქარია ერისთავი, პოლკოვნიკი, მოკლეს ლეკებმა 1850 წ. 4 აგვისტოს ზაქათალიდან მუღანლოს გზაზე.


კომენტარები

ka    ru