ანასტასია ერეკლეს ას.
ბაგრატიონი
ბატონიშვილი ანასტასია
1763 - 1838
სანკტ-პეტერბურგი

 ანასტასია ბატონიშვილი (1763 – 1838). ერეკლე მეორის ასული. 1798 წ. გათხოვდა რევაზ ქსნის ერისთავზე, გიორგი ყულარაღასის შვილზე. ჰყავდა ოთხი ვაჟი: 1. შალვა რევაზის ძე ერისთავი, რომელიც შემდეგში ცოლად შეირთავს ეკატერინე ორბელიანს, 2. ბიძინა. 3. იასე (1811 წ. უკვე გარდაცვლილია). 4. გიორგი (ატამანი) და ერთი ქალი თამარი, გათხოვილი შერმაზან (იგივე სიმონ) აფხაზზე.

 ანასტასია 1814 წ. დაქვრივდა. 1817 წ. აღძრა საქმე მისთვის მიუცემელი მზითვის ნაცვლად ერთდროული ფულადი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 1818 წ. ალექსანდრე I - ის ბრძანებით მას მისცეს 4250 მანეთი. 1825 წ. მიემგზავრება პეტერბურგს, თან მიჰყავს უმცროსი ვაჟი გიორგი სასწავლებლად.

 ანასტასია ცხოვრობს პეტერბურგში, აქედან ის 1837 წლის 19 იანვარს სწერს თავის დას თეკლეს: „ერთი თვეა რომ ავათა ვარ სიცხით, მჭვლით და პირიდამ ნახველის სისხლის დინებით. თქვენ რძალს მარიამს ვერ მოვწერე ფიქრში თქვენ დასთან არ წამოსცდეს მეთქი. ნურავისთან ბრძანებთ ბარბარეს მეტთანა. ჩემმა თამარმა არ შეიტყოს. დაწვრილებით შემდგომში მოგახსენებთ“.

 გარდაიცვალა 1838 წ. დასაფლავებულია პეტერბურგის ალექსანდრეს ლავრის ეკლესიაში. საფლავს აქვს წარწერა: დაიბადა 3 ნოემბერს 1763 წ. გარდაიცვალა 17 მაისს 1838 წ.

ერეკლე მეფის ასული ანასტასია

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

gb  rs t