ოქროპირ გიორგის ძე
ბაგრატიონი
პორუჩიკი
მოსკოვი

  ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.

 1803 წ. 19 აპრილს, როცა მარიამ დედოფალის სასახლეში ტრაგიკულად დაიღუპა რუსი გენერალი ლაზარევი (მოკლა თავადმა ხიმშიაშვილმა), ოქროპირი, მაშინ 8–9 წლისა დედასთან და და–ძმებთან ერთად ძალით გადაასახლეს რუსეთს. მალე ის მიაბარეს კადეტთა პირველ კორპუსში. დამთავრების შემდეგ გაამწესეს ლეიბ–გვარდიის ეგერთა პოლკში.

ოქროპირ ბატონიშვილის სურათი იმპერატორის ბრძანებით რუსეთში გადასახლების შემდეგ ილია და ოქროპირ ბატონიშვილებს დაენიშნათ თითოს 90 000 მანეთი, ოღონდ ეს თანხა საგირავნო ბანკისთვის უნდა გადაეცათ ხაზინიდან, სარგებელიც, თავნს უნდა წამატებოდა, სანამ ბატონიშვილები მცირეწლოვანნი იყვნენ. 1812 წ. 1 მაისისათვის საგირავნო ბანკში მარტო სარგებელი დაგროვდა 68 592 მან. 76 1/2  კაპ. ფინანსთა მინისტრს უნდოდა მთელი ამ თანხის ბატონიშვილებისათვის მიცემა, მინისტრთა კომიტეტმა კი დაადგინა მისცემოდათ ბატონიშვილებს ყოველწლიურად იმდენი, რამდენიც მათ ესაჭიროებოდათ ახლანდელი მათი სამსახურის კვალობაზედო. ამიტომ გასაგებია, რომ ბატონიშვილები მუდმივ „მათხოვრობდნენ“ იმპერატორის კარზე.

 ოქროპირი სამსახურში დიდხანს არ გაჩერებულა, პორუჩიკის ჩინით ის სამსახურიდან გადადგა. ცოლად შეირთო გრაფ პავლე ივანეს ძე კუტაისოვის (1780–1840) შვილი ანა. კუტაისოვი იყო ობერჰოფმეისტერი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი. სწორედ ეს სენატორი კუტაისოვი მეჩნიკოვთან ერთად გამოგზავნეს კავკასიაში სარევიზიოდ იმ ხანებში, როცა ოქროპირი საქართველიში იმყოფებოდა. თბილისში ოქროპირი ჩამოვიდა 1829 წლის 1 სექტემბერს კავკასიის მინერალური წყლებიდან, სადაც ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ოქროპირი აპირებდა  მინერალურ წყლებზე მკურნალობის მეორე კურსის ჩატარებას, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა ზამთარი გაეტარებინა ოდესაში და შემდეგ მინერალურ წყლებზე წასულიყო. მაგრამ რდგან იმ დროს ოდესაში შავი ჭირი გაჩნდა, ოქროპირი თბილისში დარჩა. თბილისში მან დაჰყო 1830 წ. 3 ივნისამდე. თბილისში ყოფნისას ის გრაფი კუტაისოვისა და ქართველი თავადების თანხლებით დადიოდა სანადიროდ თბილისის მიდამოებში. 1829 წ. 7 ნოემბერს დაესწრო სოლ. დოდაშვილის ვაჟის – ივანეს ნათლობას.

 შეთქმულების გამომჟღავნებისას ოქროპირი ცოლშვილით უკვე მოსკოვში იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილის პირველსავე ჩვენებაში (1832 წ. 13. XII) ოქროპირი დასახელებულ იქნა როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი. ამ ამბის პეტერბურგში მიღებისთანავე იმპერატორის განკარგულებით მოსკოვის გენერალ–გუბერნატორმა ოქროპირს მეთვალყურე მიუჩინა. ოქროპირზე მეთვალყურეობის დაწესებამ გენერალ–გუბერნატორს ასეთი დასკვნა მიაღებინა: „ოქროპირი და მისი ორი ძმა დედასთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში საკუთარ სახლში. ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს. რუსეთში მას ერთგვარი განათლება მიუღია, საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და ფრანგულად, კითხულობს მისტიკურ წიგნებს. მისი საუბრიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალიან განიცდის სამეფოს დაკარგვას და გაჭირვებით ურიგდება აზრს, რომ იგი აღარასოდეს არ იქნება მეფე. ოქროპირი ძალზე აძაგებს საქართველოში რუსებისაგან შეტანილ მმართველობის სისტემას. იგი აღნაგობით და ჯანმრთელობით სუსტია, ამიტომაც გაზაფხულზე სამკურნალო წყლებზე სურს წასვლა საზღვარგარეთ.

 მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ოქროპირი გაჩხრიკეს, ქარალდები ჩამოართვეს; გენ. ლიხოვსკიმ პირველი ჩვენებაც ჩამოართვა. პირი ამ ჩვენებისა გამოგზავნეს თბილისში – საგამოძიებლო კომისიამ ის განიხილა 1833 წ. 13 თებერვალს.

 1833 წ. 28 იანვარს ოქროპირი გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც დაარსებული იყო საიდუმლო საგამოძიებლო კომისია 1832 წლის შეთქმულების რუსეთში მყოფ მონაწილეთა დასაკითხად.

 1833 წ. 11 თებერვალს ოქროპირს სიტყვიერი ჩვენება ჩამოართვეს. პირი ამ ჩვენებისა თბილისში გამოგზავნეს. ეს ჩვენება შეამოწმა კარის მინისტრმა ადლებერგმა. შემდეგი ჩვენებები კი მას კომისიამ ჩამოართვა. 17 მაისს ოქროპირი თბილისში გამოისტუმრეს. გზად ის შეუძლოდ იყო, წარამარა წამლებს იღებდა, ამიტომ მოჰყავდათ მხოლოდ დღისით, ღამით ასვენებდნენ. 27 ივნისს თბილისს ჩამოიყვანეს და მოათავსეს ოფიცერთა ყაზარმებში, იქ, სადაც სხვა პატიმრებიც იყვნენ.

 ოქროპირი დაკითხვებზე უარყოფდა თავის მონაწილეობას შეთქმულებაში, ხოლო მისპავლე ოქროპირის ძე ბაგრატიონი საწინააღმდეგოდ მიცემული  სხვათა ჩვენებები მიაჩნდა განგებ, მის სამტროდ მოგონილად. სოლ. დოდაშვილს შეთქმულთათვის გადაუცია ოქროპირის ნათქვამი 1830 წელს თბილისიდან გამგზავრებისას: „ბატონო ქართველებო, ეცადეთ საქართველოს გათავისუფლებას. საქართველოს გათავისუფლება იმიტომ კი არ მინდა, რომ აქ ვინმე ბაგრატიონთაგანი გამეფდეს, არამედ იმისათვის, რომ საქართველო შეიქმნეს რესპუბლიკის მაგვარ სახელმწიფოდ“. საგამოძიებო კომისიამ იგი I კატეგორიის დამნაშავედ სცნო. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ ის პირნი, რომელთაც ჩააგონეს სხვებს შეთქმულება და დასაბამი მისცეს ბოროტ განზრახვას. ამ კატეგორიაში შეიყვანეს მხოლოდ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები და ორივეს გადასახლება მიუსაჯეს ერთს კოსტრომაში, მეორეს სმოლენსკში.

 1 ნოემბერს გამოიცა იმპერატორის ბრძანება ოქროპირის ქ. კოსტრომაში გადასახლების შესახებ. 21 ნოემბერს ოქროპირი ჟანდარმთა კორპუსის პოდპორუჩიკ გრინფელდის თანხლებით რუსეთის  გზას გაუყენეს.

 1850 წლის შემოდგომაზე ოქროპირი დროებით გამოუშვეს საქართველოში. მ.ს. ვორონცოვი წერს თავის დღიურში: „1850 წ. 26 სექტემბერს დილით ვიყავი მთავარ ბეხმეი – მირზასთან გ.ე. ერისთავი, ბატონიშვილი ოქროპირი, ეგზარხოსი და ვიკარი“. 1850 წლის 3 სექტემბერს ტარასი არქიმანდრიტი სწერს იოანე თარხან-მოურავს: „მე გუშინ ბატონის მოედანზედ შემომხვდა პლატონ და ოქროპირ“.

 ოქროპირი გარდაიცვალა მოსკოვს 1857 წ. 30 ოქტომბერს. დასაფლავებულია პოკროვის მონასტრის იონა მიტროპოლიტის ეკლესიაში.

  ოქროპირ ბატონიშვილი ცნობილია ლიტერატურული შრომით.

 როცა ის 1829 წელს ტბილისს ჩამოვიდა „დასწერა ლექსი კავკასიის ხილვისას და საქართველოში ჩამოსვლისას, აგრეთვე უსტარი ლექსად დიმიტრი ბატონიშვილს“. ლექსები რუსულად მქონდა დაწერილიო, უჩვენა ოქროპირმა 1833 წლის 30 აპრილს.

 ოქროპირი ავტორია ტრაგედიისა, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვს ასეთი სათაურით; „ოქროპირ ბატონიშვილი. ვეფხისტყაოსანი. ტრაგედია, თქმული მეფის ძის ოქროპირისაგან. მოსკოვს ივანე სერიკოვის სტანბაში. 1853“.

 ოქროპირის მეუღლე ანა, გრაფ პავლე კუტაისოვის ქალი, დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ახლო მეგობრობა ჰქონდა პრუსიის სამეფო კარის წევრებთან. იყო განათლებული. ფრანგულ ენაზე სთხზავდა ლექსებს, რომელთაც დიდი მოწონება ჰქონდათ. თხზავდა რომანსებსაც.  მეიერბერი ამბობდა მის ზოგ რომანსზე – სიამოვნებით ვიქნებოდი მათი ავტორიო. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო თეატრით. მის სახლში იდგმებოდა წარმოდგენები, რომლებშიაც თვითონაც მონაწილეობდა. გარდაიცვალა 1868 წ. მის დასაფლავებაზე უამრავი ხალხი მოვიდა, ისე რომ ლუბლიანკის მოედანი (მოსკოვში), სადაც დედოფლის კარის ეკლესია მდებარეობდა, ეკიპაჟებით და ხალხით იყო სავსე.

  ვენგეროვის მიერ შედგენილ რუს მწერალთა ლექსიკონში შეტანილია „გრუზინსკაია, დედოფალი ანა პავლეს ასული, დრამატული მწერალი“.

  ოქროპირისა და ანას შვილები:

 1). ანა, გათხოვილი იყო ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მუხრან–ბატონზე, რომელიც 1851 წ. გარდაიცვალა. შემდეგ ის მითხოვდა იტალიის კონსულს ალექსანდრე ალბიცცის. ანა იყო ლამაზი და ჭკვიანი, ბარიატინსკის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებაში; გარდაიცვალა 1898 წ. პეტერბურგში, დასაფლავებულია ნოვგოროდის მაზრის სოფ. ბობინოს ეკლესიასთან. 2). გიორგი ოქროპირის ძე. 3). პავლე ოქროპირის ძე. ცოლად ჰყავდა ანასტასია დოლგორუკოვა. გარდაიცვალა 1875 წ., დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის მიტროპოლიტ იონას ეკლესიაში.

მეფე - ქართლ-კახეთის სამეფო

კომენტარები

ka    ru