მანანა მირმანოზის ას.
ქსნის-ერისთავი
მანანა ორბელიანი
1832 წლის აჯანყების მონაწილე

  მანანა ორბელიანი (მანანა მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული) დაბადებულია 1808 წელს. მამა მანანასი იყო პოდპოლკოვნიკი ქსნის ერისთავი მირმანოზ, დედა – დავით აბაშიშვილის ქალი თამარ (გარდაიცვალა 1809 წელს 19 წლისა, დარჩა 1 წლის ქალი). თამარის დედა იყო სალომე, სვიმონ მუხრან–ბატონის ასული.

 1824 წელს გათხოვდა ივანე სარდლის შვილზე – დავით ორბელიანზე (ლუარსაბ ორბელიანის ძმაზე). მისგან ეყოლა სამი შვილი: ივანე ზედმეტსახელად "მანანიჩი" (დაიბადა 1825 წ. შემდეგში გენერალ–მაიორი, ცოლად ჰყავდა სოფიო შალვას ასული ერისთავი; გარდაიცვალა 1893 წ.) ანასტასია (დაიბადა 1826 წ. შემდეგში გაგარინის მეუღლე, გარდაიცვალა 1901 წ. შემდეგ), ალექსანდრე (დაიბადა 1829 წ. გარდაიცვალა 1869 წ. იალტაში). 1830 წელს გარდაეცვალა ქმარი დავით ორბელიანი (დასაფლავებულია კუმისის თავს, სამების ეკლესიაში).

  მანანა ორბელიანს უწოდებდნენ „ჩვენებურ მადამ რეკამიეს“. ქმრის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობს მაზლთან, ლუარსაბ ორბელიანის სახლში. მათი ოჯახები გაუყრელი იყო. მაზლის სიკვდილის შემდეგ 1835 წ. მაზლის ცოლები მანანა და ანა იყრებიან.

  განდობილი ჰქონდა 1832 წლის შეთქმულების ამბავი. ის პირდებოდა შეთქმულებს, რომ ალ. ჭავჭავაძეს აიძულებდა ჩანაფიქრი განეხორციელებინა. 1833 წ. 2 მარტს როზენი სწერდა ჩერნიშევს: „დღეისათვის ცნობილი გახდა, რომ შეთქმულების ამბავი იცოდა დავით ორბელიანის ქვრივმა მანანამ. როცა ბატონიშვილი თამარ იულონის ასული დავაპატიმრეთ, მანანა ორბელიანი თავად მოვიდა ჩემთან და გადმომცა წერილობითი ჩვენება შეთქმის შესახებ. რაკი მან ეს თავის ნებით აღიარა, არ დავაპატიმრებ, მაგრამ მისგან ჩამორთმეული იქნება დამატებითი ახსნაგანმარტებანი, რადგან ამ ქალს ჰქონდა ძალიან ხშირი ურთიერთობანი თავ. ალ. ჭავჭავაძესთან და ალბათ კიდეც ეცოდინება მისი მონაწილეობა“.

  საგამომძიებო კომოსიამ იგი ჩათვალა VII კატეგორიის დამნაშავედ, ანუ ისეთ პირად, ვინც იცოდა შეთქმულების ამბავი, მაგრამ არ ეთანხმებოდა მას და როგორც ასეთი დამნაშავე, დატოვეს სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ.

   მანანა გარდაიცვალა 1870 წ. 3 VI-ს.

მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

gb  rs t