პაატა ბესპაზის ძე
ჭავჭავაძე
1771 - ?

  პაატა ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის პაპა). მის პიროვნებას კარგად ახასიათებს იოანე ბატონიშვილის 1801 წ. 30 იანვრის საბუთი: „ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ, თავადს ჭავჭავაძეს გრიგოლს, ძმასა შენსა პაატას, ძმისწულსა შენსა დემეტრეს, შვილსა შენსა სოლომონს... ასრე და ამა პირსა ზედა, რომელ ბიძა ჩვენებმა ჯარი შეიყარეს და კახეთში მოვიდნენ კახთ დასაჭერად და ჩვენს წინააღმდეგ. მაშინვე ბებურისშვილი ნინია და იმისი შვილი გარსევანიც იმათთან მივიდნენ და იმათ ეთანხმებოდნენ და მრავალი წინააღმდეგობა და ამბოხება გვიჩვენეს. და შენ შეძლებისამებრ შენისა ერთგულად და თავდადებით იმსახურე და ჩვენცა ამა სამსახურის სანუქფოთ გიბოძეთ ამ ბებურიშვილის ნინიას და გარსევანის ნაქონი სამოურაო  კუჭატანი“.

  ლაზარევი მოახსენებს კნორინგს 1802 წ. 29 ივლისს: „გულიაკოვმა 25 ივლისს მომახსენა, რომ სოფ. ყვარლის მცხოვრები თავადები გრიგოლ და პაატა ჭავჭავაძეები გაურკვეველი მიმართულებით გაქცეულან“.

  გულიაკოვი კი ციციანოვს მოახსენებს 1803 წ. 20 თებერვალს: „არ შეიძლება გარკვევით იმის თქმა რომ თავადთაგან ვინმე რუსეთის მხარეზეა. განსაკუთრებით ეს ითქმის სოფ. ყვარლის გრიგოლ და პაატა ჭავჭავაძეებისა და პეტრე მღვდლის შესახებ. ესენი ყველაზე სახიფათო, მშვიდობიანობისათვის მავნე ხალხია, გამუდმებით ადგენენ გაბედულ შეთქმულებებს და ცხოველი მიმოწერა აქვთ ალექსანდრე ბატონიშვილთან

  იოანე ბოდბელის 1802 წ. 31 ივლისის ჩვენებით ვიგებთ: „ოცდაოთხს ჩვენ დავებარებინეთ და ხიზიყის მოხელეები. ოცდახუთს... კელმეჩურზედ გადმოვიდნენ, ხიზიყის ხალხი მოვიდა სოფლიდამ და დაიფიცეს ჯერ ხელმწიფის ერთგულებაზე და მას უკან იულონის მემკვიდრეობაზე, რადგან მეფის ირაკლის ანდერძი ასე არის, თუ იმის დიდებულება ინებებსო. ამის წიგნში გაღმაც გაგზავნეს გავაზ–ყვარელში, თქვენც ასე დაიფიცეთ და რუსეთშიაც გაღმა პაატა ჭავჭავაძეს გაატანეს და იმის პირი ერთი შიგნით კახეთში“.

 კახეთის 1812 წ. აჯანყების დროს პაატა ჭავჭავაძის თაოსნობით დეისტვ. სტატსკი სოვეტნიკს ჭავჭავაძეს გაუნადგურეს 60 საპალნე ღვინო.

  პაულუჩიმ 1812 წ. მარტში დაავალა ზაზა ანდრონიკოვს, ვაჩნაძესა და პაატა ჭავჭავაძეს ანწუხიდან გრიგოლ ბატონიშვილის ჩამოყვანა. გრიგოლ ბატონიშვილი დაჰყვა ამ თავადების რჩევას და პაულუჩის მიუვიდა.

თავადი (კახეთი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.

gb  rs t