მამუკა თამაზის ძე
ორბელიანი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
გენერალ-მაიორი
საქართველო - თბილისი - სიონის ტაძარი

 მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1801–1875). რუსულად იწოდება მაკარ ფომიჩად. თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის მეორე ვაჟი. დაიბადა 1801 წელს (თუმცა ეპიტაფია მისი სიონში უჩვენებს 1800 წელს). სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. სამსახური დაიწყო 1816 წ. ერევნის კარაბინერთა პოლკში.

 მამუკა ორბელიანი, პუპლიას თქმით, იყო „აჩქარებული ხასიათისა და ღვინოში ხომ კარგა ჭირვეული იყო, რომელსაც ყოველი... კაცი ერიდებოდა და რომელსაც იმისის ხასიათის გამო მომატებულს სახელს ბუილას (რუს. კამბეჩი) ეძახდნენ:.. მამუკა იყო ცნობილი მოჯირითე და სახელგანთქმული ვაჟკაცი. მის ვაჟკაცობაზე ლეგენდები ითხზვებოდა“.

 1829 წელს მონაწილეობდა მილიციაში გაწვევის წინააღმდეგობაში. იგი პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაამართლეს (აქტები,VIII). იგი გადადის სამოქალაქო სამსახურში–ელისავეტოპოლის (განჯის) მაზრის უფროსია. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი რეპუტაცია შეილახა. ამ დროისაა ცნობილი საქმე ფოსტის გაქურდვისა. ფოსტის გატაცებას ყაჩაღებს აბრალებდნენ, ხალხში კი გავრცელებული იყო ხმა, რომ ფოსტა თვით მამუკამ გაძარცვა და ყაჩაღებს გადააბრალა. პროცესი ამ საქმეზე დიდხანს გრძელდებოდა და დამთავრდა მამუკას თანამდებობიდან გათავისუფლებით და მისი არმიაში ჩარიცხვით.

 მამუკას ცოლად ჰყავდა გიორგი ერისთავისა (სენატორის) და გაიანე გიორგი XII-ის ასულის ქალი ქეთევანი (1808–1897). ჰყავდა მეტედ ლამაზი გარეგნობის ქალები: - ალექსანდრა (ლევან მელიქიშვილის–დაღესტნის ოლქის უფროსის მეუღლე), და ბარბარე (გუნიბის აღების გმირის–იოსებ დავითის ძე თარხან მოურავის მეუღლე). „ჩვენი სტუმარი იქნება დღეს მამუკას ქალი, ახლად გამოსული ინსტიტუტიდამ, სახით მშვენიერი, წელით–საროზე აღზრდილი. შე წყეულო ეს მაინც შეირთე“ – სწერს გრ. ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს 1858 წ. 28. V- ს. „მამუკას ქალი ბაბო, მშვენიერი ბაბო, დაინიშნა ახლანდელის ყაზიყუმუხის ხანზე, ესე იგი იოსებ თარხანოვზე, შენ კი თვალი დაგიდგა“, – სწერს გრიგოლ მასვე 1859 წ, 16 II – ს „კვირაცხოვლობას მიწვეულნი ვართ ატენს მამუკას ქალის ქორწილში“. ამ ქორწილს ესწრებოდა მთავარმართ. ბარიატინსკი, ხოლო პატარძლის პაპამ – გიორგი სენატორმა გააკვირვა ყველა თავისი მოლხენით. მამუკას ვაჟებიდან დავითი ცნობილი იყო იმით, რომ პეტერბურგში სკანდალი მოახდინა მასკარადზე რეპინსკისთან, რისთვისაც გაასამართლეს (გარდაიცვალა 1875 წელს).

 მამუკა ძმაა დიმიტრი ორბელიანისა – მარშლისა და ცოლისძმა ლუარსაბ ორბელიანისა.

 გარდაიცვალა 1871 წ. დასაფლავებულია თბილისს სიონში.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

კომენტარები

ka    ru