ილია ზაალის ძე
ჩოლოყაშვილი
გენერალ-მაიორი

 კავკასიის არმიის სახელოვან, მამაც მხედართმთავართა შორის ერთიერთი საპატიო ადგილი უკავია კავალერიის გენერალ–მაიორ ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილს. იგი 1823 წელს დაიბადა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში. კერძო სასწავლებელში აღზრდის შემდეგ 1842 წელს ი. ჩოლოყაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ მილიციაში ურიადნიკად. ორი წლის შემდეგ მან პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო კავკასიის ომებში. აქ იგი მონაწილეობდა ექსპედიციებში, რომლებსაც მეთვალყურეობდნენ პოლკოვნიკი ევდაკიმოვი, გენერლები გასეკი, ლიდრენი და არღუტინსკი. პირველსავე ბრძოლებში ისახელა მან თავი და 1845 წელს, პროპორშჩიკის ჩინი, დაიმსახურა სამხედრო ორდენის ნიშანი და წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი წარწერით – „მამაცობისათვის“.

 1847 წელს თავისი სურვილით გადადის კავკასიის მაჰმადიანთა ცხენისან პოლკში. ამ ლეგიონის შემადგენლობაში იგი მონაწილეობს ახალ ლაშქრობაში და იმსახურებს წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენს ხმლითა და ბაბთით.

 1852 წელს უკვე შტაბს–კაპიტანი ილია ჩოლოყაშვილი ნიჟეგოროდის დრაგუნთა ლეგიონში გადაყავთ. ამ ლეგიონის შემადგენლობაში ყირიმის ომის დროს, 1854 წელს, ცნობილ ბაშკადიკლარისა და ქიურუქ–დარას ბრძოლებში მონაწილეობს. კავკასიის მცირერიცხოვანმა მამაცთა კორპუსმა ამ ბრძოლებით კატასტროფამდე მიიყვანა ანატოლიის მთელი არმია. ახალგაზრდა მამაცი ოფიცრების ნიკო ჭავჭავაძის, ბაგრატიონ–მუხრანელისა და სხვათა გვერდით თავი ისახელა ჩოლოყაშვილმა, რისთვისაც იგი ხმლითა და ბაბთით შემკული წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

 1858 წელს შტაბს–როტმისტრი ი. ჩოლოყაშვილი კავკასიის ლეიბ–ესკადრონში მსახურობს და მეფის ფლიგელ–ადიუტანტად გვევლინება. ამ შენაერთში მსახურობდა იგი 1861 წლამდე. ამიერიდან კი პოდპოლკოვნიკის ჩინით სევერსკის დრაგუნთა ლეგიონში გადადის.

  1862 – 1863 წლებში იგი მონაწილეობს ექსპედიციებში ჩრდილო–კავკასიასი, დაღესტნის ცხენოსან–რეგულარული ლეგიონის მეთაურის თანამდებობაზე. აქ იგი პოლკოვნიკის ჩინსა და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენს იმსახურებს.

  1872 წელს ჩოლოყაშვილი ხანგრძლივი, სახელოვანი სამსახურისათვის გენერალ–მაიორის ჩინში აამაღლეს და იმპერატორის ამალაშიც ჩარიცხეს.

   1877 წელს რუსეთ–თურქეთის ომის დაწყებისას იგი მეთაურობს დაღესტნის ცხენოსან–რეგულარულ ბრიგადას და მოქმედი კორპუსის ავანგარდში იბრძვის. 4 მაისს განსაკუთრებით ცხარე ბრძოლა გაჩაღდა ყარსთან, აქ თურქეთის კავალერიას მედგრად ეკვეთნენ ილიას ბრიგადის დრაგუნები და მტერი უკუაგდეს. ამ ბრძოლაში მამაცმა მეთაურმა მძიმე ჭრილობა მიიღო და 11 მაისს იგი გარდაიცვალა.

  35 წელი გაატარა ი. ჩოლოყაშვილმა განუწყვეტლივ სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა ომებში და ომშივე დაამთავრა სიცოცხლე. სრულიად დამსახურებულად უწოდებდნენ მას „მამაცთა შორის მამაცს“. 

P.S. დაკრძალულია სასომხეთში, გიუმრში

ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი


gb  rs t