ზაალ ზაალის ძე
ანდრონიკაშვილი
ზაქარია ზაალის ძე
სახლთუხუცესი
ნიახურას ბრძოლა
სანკტ-პეტერბურგი

 ზაზა (ზაქარია) ზაალის ძე ანდრონიკაშვილი - სახლთუხუცესი მეფის ძის იოანესი, შვილია მარტყოფის მოურავის ზაალისა. ზაალ ანდრონიკაშვილი განთქმული მეომარი იყო. მისი სახელი ცნობილი იყო მომდევნო თაობის ხსოვნაშიც. გრიგოლ ორბელიანი თავის „სადღეგრძელოში“ მას ასეთი სიტყვებით ასხამს ქებას: „და მეფის ძალნი, ოთხნი ზაალნი თითო ერთ ჯარად დაფასებულნი!“– და სქოლიოში შენიშნავს: „ესენი იყვნენ ერთ დროს, გვარად: ორბელიანი, ბარათაშვილი, ანდრონიკაშვილი–კუზიანი და ბორტისშვილი მაჩაბელი. მეფე ირაკლი იტყოდა: თითო ზაალ ღირს თითო ჯარად“. ზაალ ანდრონიკაშვილი მარტყოფისა და ლილოელი ოსების მოურავად ჩანს დავით ბატონიშვილის რეგენტობის დროსაც. მაგრამ 1805 წ. ზაალ იხსენიება „სანატრელის“ ეპითეტით.

 ზაალის შვილი ზაზა (ზოგ რუსულ წყაროში ზაქარიად წოდებული) ისტორიაში პირველად გვხვდება 1800 წლის 7 ნოემბერს, ნიახურას ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ქართველთა ჯარს სარდლობდნენ გიორგი XII-ის შვილები იოანე და ბაგრატ; ზაზა ანდრონიკაშვილი, როგორც იოანე ბატონიშვილის სახლთუხუცესი, ამ ბრძოლაში ცხოველ მონაწილეობას იღებდა და თავიც ისახელა.

 1801წ. 9 მარტს იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილები გაემგზავრნენ პეტერბურგს; ამათგან იოანე ბატონიშვილს სხვა მხლებლებთან ერთად ახლდა ზაზა ანდრონიკაშვილი. ესენი პეტერბურგს 15 მაისს ჩავიდნენ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააჯილდოვა ამალის წევრნი, მათ შორის ზაზაც, რომელსაც უბოძა ბრილიანტითა და აფალით შემკული ბეჭედი.

  ზაზა ანდრონიკაშვილმა პეტერბურგში 11 წელი დაჰყო. იგი მომხრე იყო დავით ბატონიშვილისა.

 პეტერბურგში ყოფნისას ზაზა ხშირად ხვდებოდა საფრანგეთის ელჩს რუსეთის იმპერატორის კარზე კოლენკურს და მთელ ღამეებს ატარებდა მასთან საუბარში

 პაულუჩის ცნობით ზაზა მცოდნეა ფრანგულისა და „თავისუფალ იდეათა მქონი“.

  1811 წ. ივლისში ზაზა ანდრონიკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. რტიშჩევის 1813წ. 4 იანვარის რაპორტში იმპერატორისადმი ნათქვამია, რომ თითქოს პეტერბურგში მყოფმა საქართველოს მეფის ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ქართლ-კახეთის მეფედ დაედგინათ დავით ბატონიშვილი. ამ განზრახვის განსახორციელებლად იოანე ბატონიშვილმა ფული მისცა და ისე გამოგზავნა საქართველოში ზაზა ანდრონიკაშვილი. საქართველოში ჩამოსული ზაზა, პაულუჩის ცნობით, მაშინვე გაემგზავრა კახეთს და დარჩა იქ იქამდე, სანამ აჯანყება იფეთქებდა. 1812 წ. კახეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ პაულუჩიმ აღუთქვა ზ.ანდრონიკაშვილს გარკვეული გასამრჯელო და მიგზავნა გრიგოლ ბატონიშვილთან, რათა იგი დაეყაბულებინა დანებებას. შემდეგში გრიგოლ ბატონიშვილი წერს ლექსს, რომელშიაც დაწვრილებით აღწერს, თუ რა ღონეს მიმართა ზაზამ მის  წამოსაყვანად. ლექსს სათაურადა აქვს „თქმული საქართველოს მეფის ძის გრიგოლისაგან თავის ტუსაღობის 80 ჟამსა, ოდეს შვედის კერძო დაჰყარეს პეტრეზაოდ წოდებულსა ქალაქსა შინა, როცა რომ ზაზა ენდრონიკოვმა მოტყუებით მოიყვანა ლეკთაგან“ ამ ლექსში ზაზა ასეა შემკული: „კამბეჩოვანსა აღზრდილმან, ზაქმან ზაზამან წყეულმან, პატრონის ორგულობაზე სანიადაგოდ ჩვეულმან“. ზაზას ორგულობაზედ გრიგოლი წერს მეორე ლექსშიაც.

 ზ. ანდრონიკაშვილი 1812 წლის შემდეგ კვლავ პეტერბურგშია როგორც „Уполномоченни грузинских дворян в петербурге“.

  ზ. ანდრონიკაშვილის პეტერბურგში მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს პეტრე ლარაძე თავის „მუხამბაზში“.

  პ. იოსელიანის ცნობით, „1818 წელს ესე ზაზა და დოსითეოს ეპისკოპოსი ფიცხელაური წარვიდნენ ნევის მდინარის შესართავსა ფინის ზღვის პირსა და აქა ბანაობდნენ ცურვითა აქ აღელდა ზღვის პირი. დოსითეოს ცურვითა გამოვიდა წყლის პირსა და ზაზა, მოტაცებული ღელვისგან, დაირჩო. ვერცა იპოვეს ვერცა გვამი მისი“.

  მაგრამ ეს ფაქტი – ზაზას დახრჩობა – უნდა მომხდარიყო 1818 წელზე ადრე, რადგან დოსითეოს ფიცხელაური ეპისკოპოსად აკურთხეს პეტერბურგს 1812 წ. 30 იანვარს, ხოლო 1815 წლის 24 იანვარს პეტერბურგს 1812 წ. 30 იანვარს, ხოლო 1815 წლის 24 იანვარს პეტერბურგიდან წამოსულია, უკვე მოსკოვსაა, თბილისს კი ჩამოვიდა 1815 წ. 28 მარტს. ე. ი. მას ფინეთის ზღვის ყურეში შეეძლო ებანავა მანამდე, 1814 წ. ზაფხულში. 1815 წ. „კაზენნი ექსპედიცია“ ისტუმრებს უკვე ზაზა ანდრონიკაშვილის ვალებს.

 ამას გარდა ტობოლსკის სამოქალაქო გუბერნატორი 1815 წლის 17 აპრილს იტყობინება, „ივანე ანდრონიკოვმა, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად არის აქ დაკავებული, მთხოვა შემდეგი: გარდაიცვალა მისი ვაჟი ზურაბ ანდრონიკოვი და აგრეთვე მისი ძმა ზაზა ანდრონიკოვი. იციან თუ არა ამის შესახებ მისმა შინაურებმა, არ იცის და ამიტომ სთხოვეს შეუთვალონ მათ ამათი სიკვდილი“.

 „ზაზა ანდრონიკოვი დანიშნული ყოფილა მარიამ ბატონიშვილის ქალზე ანასტასიაზე (ციციშვილი). ანასტასიას როცა გაუმჟღავნეს ზაზას დახრჩობა, „მოწყენილი იყო. ამ დროს მოიყვანეს ალავერდა საზანდარი. ამ სიმღერაში ეს საზანდარი შეუყვარდა. იმან მოიტაცა და წაიყვანა თავის სახლში აბანოსთან. კათალიკოსმა წარმოაყვანინა ქალი და დაუწყეს დევნა. მაშინ ის თათარი შევიდა გოგილოს აბანოსთან გამოქვაბულში. მთელი ქალაქი მოდიოდა მისი აზანის საყურებლად. ანასტასია რომ მოკვდა, იმან სალამური გასტეხა და თარი აიღო. მერე აღარც ცოლი შეურთავს.

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი

კომენტარები

ka    ru