იასონ ივანეს ძე
ჭავჭავაძე
1804-1857
გენერალ-მაიორი

  XIX ს. პირველი ნახევრის გამოჩენილ ქართველ გენერალთა შორის ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია იასონ ივანეს-ძე ჭავჭავაძეს. იგი დაიბადა 1804 წელს წინანდალში.

 იასონი იყო რუსეთ-ირანის 1826-1827 და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომების მონაწილე. 

 იასონ ჭავჭავაძემ 30 წელიწადი გაატარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ამ ხნის მანძილზე მან ბევრ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მის მიერ განვლილი გზა სავსეა უნიკალური საბრძოლო ეპიზოდებით. 1822 წ. მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში. 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წ. 13 სექტემბერში ელიზავეტპოლთან ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. რუსეთ-ოსმლეთის ომის (1828-29) დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზუმისა და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში.

 1829 წლის 27 სექტემბერს სოფელ ბაიბურთან  თურქებთან ომის დროს მოწინააღმდეგე არმიები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განლაგდნენ.. პირისპირ მდგარი ორივე მხარე შეტაკებას ელოდა. ამ დაძაბულ წუთებში თურქების მხრიდან რომელიღაც თავზე ხელაღებულმა ოფიცერმა ცხენი გამოაჯირითა ნიჟნინოვგოროდელთა ქვედანაყოფისაკენ და დამბაჩა ესროლა მათ. ამის მხილველმა იასონ ჭავჭავაძემ მაშინვე გააქროლა ცხენი თურქი ოფიცრისაკენ, მაგრამ თურქმა უკანვე გაქუსლა. ჭავჭავაძე დაედევნა. ის ისე ღრმად შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში, რომ სათუო გახდა მისი ცოცხლად დარჩენა. იასონ ჭავჭავაძის რაზმი ერთხმად, ერთსულოვნად მოსწყდა ადგილს თავისი მეთაურის გადასარჩენად. ოცეულს ნიჟნინოვგოროდელთა სხვა ოცეულები, ესკადრონები, მთელი პოლკი მიჰყვა და ამ მოულოდნელი, ელვისებური იერიშით რუსებმა ბაიბურთი დაიკავეს, იქ თავმოყრილი თურქთა დიდი ძალები განდევნეს.

 მთავარსარდალი ი. პასკევიჩი ამ უცაბედ იერიშს თვალყურს ადევნებდა, რომელიც აღფრთოვანდა უცნობი ოფიცრის მამაცობით. იასონ ჭავჭავაძეს უმაღლესი ჯილდო ელოდა. მაგრამ ....

 ლეგიონის მეთაურმა ივანე ანდრონიკაშვილმა ი. ჭავჭავაძეს დაავალა გაბნეული ჟარისკაცების შეგროვება  მტერს დადევნებოდა  და საბოლოოდ გაენადგურებინა. იასონმა შეკრიბა ჯარისკაცები, რა დროსაც მას გენერალმა  ნ. მურავიოვმა (შემდგომ, კავკასიის კორპუსის სარდალი) უბრძანა ესკადრონით მის ბრიგადას შეერთებოდა. იასონმა უარი განაცხადა და მოახსენა თავისი მეთაურის დავალება. ბრძანების უგულებელყოფა გენერალი ძალიან გააბრაზა და ლანძღვის შემდეგ სასტიკად დაემუქრა. იასონმა შეურაცხოფა ვერ აიტანა,  ხმალს ხელი სტაცა და გენერალიც გასცილდა. ეს ფაქტი მურავიოვმა მთავარსარდალს მოახსენა და მოითხოვა ახალგაზრდა ოფიცერი საველე სასამრთლოსთვის გადაეცათ.

   სამხედრო ისტორიკოსი ვ. პოტო შემდეგნაირად გადმოგვცემს ამ ამბავს: „გათენდა 28 სექტემბრის დილა. პასკევიჩი დილით ადრე ადგა და ქვეითად, მხოლოდ მორიგე ადიუტანტის თანხლებით, ნიჟნინოვგოროდელთა სადგომისაკენ გაემართა. მან ჩამოიარა ესკადრონები და მხურვალე მადლობაც გამოუცხადა ბაიბურთის იერიშის გამო. - ასეთი იერიში არ მინახავს ჩემი საბრძოლო სამსახურის მთელ მენძილზეო, - თქვა მან.

 მთავარსარდალს სასწრაფოდ შემოეგება პოლკის მეთაური ი. ანდრონიკაშვილი. პასკევიჩმა გადაკოცნა ანდრონიკაშვილი და სთხოვა, ეჩვენებინა ის ოფიცერი, რომელიც თეთრ ცხენზე მჯდომი ასე მამაცურად გაუძღვა პოლკის იერიშს. მას იასონ ჭაჭავაძე წარუდგინეს.

  -ეს, ის ჭავჭავაძე ხომ არ არის, რომელსაც მურავიოვი უჩივის? - იკითხა პასკევიჩმა და, როდესაც პასუხად დასტური მიიღო, ჭავჭავაძეს ასე მიმართა: - იცით თუ არა, ახალგაზრდავ, რომ გენერლის ბრძანების შეუსრულებლობისათვის დახვრეტა გემუქრებოდა? გუშინ თქვენ ასჯერ დაიმსახურეთ გიორგის ჯვარი, მაგრამ მას ვეღარ მიიღებთ.“

  პასკევიჩმა იასონ ჭავჭავაძე არ დასაჯა.

  მრავალი ბრძოლის მონაწილე გენერალ-მაიორი იასონ ჭავჭავაძე ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაური გახდა. თავი ისახელა 1853 წ. 19 ნოემბ. ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლ. ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა. 1856 წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ერთ წელიწადში ბრძოლებში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა წინანდალში. 1857 წელს ის დიდი პატივით თბილისში წაასვენეს და ქაშვეთის ეკლესის საკურთხეველში. დაკრძალეს. მისი მეუღლეც მარიამ შალვას-ასული ერისთავი-ჭავჭავაძისა ქაშვეთის ეკლესიაშია დაკრძალული. ჭავჭავაძეების გენეალოგია.

გენერალი იასონ ჭავჭავაძე

ირაკლი კალანდია 


gb  rs t