XVI-XVIII სს–ში ქართული სახელმწიფოების ადგილობრივი მმართველობა რთულ სისტემას წარმოადგენდა. ამ სამოხელეო აპარატს, გამომდინარე აღნიშნული პერიოდის საერთო სიტუაციიდან, უმზიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა ამას ემატებოდა ქალაქის მმართველობის განსაკუთრებულობა, უცხოური მოწოლის შედეგად თათრის „ელისა“ და მსგავსი წარმონაქმნებისა არსებობა და ქართული სოფლის თავისებურებანი. მაგ., ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ერთ სამმართველო ერთეულს, ერთსა და იმავე სოფელში შეიძლებოდა მეფის, კათალიკოსის და სხვადსხვა თავადთა მამულების არსებობა; მათი ყმები, პირველ რიგში, თავიანთ ბატონებს ემორჩილებოდნენ, ამიტომ მმართველობის ადგილობრივი აპარატი შესაბამის მოწყობას მოითხოვდა.

  სოფლად ადგილობრივ მმართველობას წარმოადგენდა: სარდალი, მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი, გზირი, ქემხა, ხოლო ქალაქად – ქალაქის მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი. ქალაქში მოურავი მთავარი მოხელე იყო და მას მეფე ნიშნავდა; თბილისის მოურავს დარბაზის სხდომაზე დასწრების უფლებაც ჰქონდა.

 თავისებური ფორმა შეიძინა სამხედრო საქმის ორგანიზაციამაც. გვიანი შუასაუკუნეების ქართულ სამეფოებში მუდმივი ჯარის ინსტიტუტი აღარ არსებობდა. სამხედრო ორგანიზაცია სადროშოების პრინციპზე იყო დაფუძნებული, სამეფოები დაიყო სადროშოებად, რომლებიც სამხედრო–ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენდა (ეს რეფორმა  თითოეულ ქართულ სახელმწიფოში გარკვეული თავისებურებებით გატარდა). სადროშოს სათავეში იდგა სარდალი, რომელიც სამხედრო საქმიანობიოს გარდა ადმინისტრაციული და სასამართლო ხასიათის ფუნქციებსაც ასრულებდა. მართალია, სარდალი ჯარის ხელმძღვანელს ნიშნავდა, მაგრამ გვიანი  შუასაუკუნეების საქართველოში იგი არა მარტო სამხედრო, არამედ ადგილობრივი მმართველობის მოხელეც იყო; სწორედ სარდალია ადგილობრივი ადმინისტრაციის ყველაზე დიდი მოხელე.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

ka    ru