მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესს ემორჩილებოდა ცენტრალური აპარატის უწყებები „სააჯო კარი“ და „საგანმგეო“. თვალყურს ადევნებდა ეტიკეტისა და ცერემონიალის შესრულებას.

  მანდატურთუხუცესის ძალაუფლების სიმბოლო – ოქროს ჯოხი – „სამანდატურო არგანი“ იყო. მის მორჩილ მანდატურებს სავაზირო შენობის დაცვა და ადგილებზე პოლიციური ფუნქციების შესრულება ევალებოდათ. მათი ძალაუფლების სიმბოლოც „არგანი“ იყო. მანდატურთუხუცესის სამსახური სახელმწიფო სიგელებს გასცემდა. მანდატურთუხუცესი თავისი პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. ზოგჯერ ორივე ეს სახელო ერთ პირს ჰქონდა. მანდატურების გარდა, მანდატურთუხუცესს ემორჩილებოდნენ ამირეჯიბი, განმგეთუხუცესი და სხვ. მოხელეები.

  ამირეჯიბი მანდატურთუხუცესის უახლოესი თანაშემწე იყო. ამირეჯიბი განაგებდა სასახლის ცერემონიალს, ევალებოდა წესრიგის დაცვა, შეთქმულების აღკვეთა და სხვ. იგი სათათბირო ხმით სავაზიროს წევრი იყო. ყველა შემთხვევაში მას ნება ეძლეოდა მეფესთან მოხსენებით შესულიყო. ეჯიბები, რომელთაც მეფის სასახლისა და თავად მონარქის მომსახურება ევალებოდათ, ამირეჯიბს ემორჩილებოდნენ; ამირეჯიბსა დაგანმგეთუხუცესს, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ მესტუმრე, მერიგე და სხვ. შეხვედრებს, სტუმრების განაწილებასა და გამასპინძლებას განაგებდა მესტუმრე, ხოლო რანგების მიხედვით სტუმრების მაგიდაზე განლაგებას მერიგე.

   სამეფო კარის „საგამგეოს“ ხელმძღვანელის, განმგათუხუცესის, ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას სანადიმო მაგიდის ორგანიზება, სამეფო წვეულებებისა და ნადიმის დროს განკარგულების გაცემა შეადგენდა; მასვე ემორჩილებოდნენ სამეფო დომენის ის მოსამსახურეები, რომლებიც სამეურნეო საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებულნი: მეჯამეთუხუცესი (სამეფო საწყობებში ისეთ სანოვაგეს ინახავდა როგორიცაა: ბერძნული კაკალი, საჭმლის ზეთი, სუნელები, მჟავე წნილები, მუხუდო, გამხმარი და დაშაშხული თევზი, აგრეთვე საველე სამზარეულო კარავი, სპილენძისა და კალის ჭურჭელი), „საგამგეოს“ მუქიფი და ჭაშნაგირი, რომელიც სამეფო მაგიდაზე მიტანის წინ საჭმელს სინჯავდა.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები