ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე ხელისუფალი იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა.

 დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახრთუხუცესთან იყო გათანაბრებული. მას უშუალოდ ემორჩილებოდნენ: მეაბჯრეთუხუცესი (აბჯარ საჭურვლის მთავარი გამგე), საჭურველთმტვირთველთა უფროსი, რომელიც მეფის აბჯრის მტვირთველის მოვალეობას ასრულებდა და სამეფო ხმალი, ლახტი და ქარქაში ეჭირა; მეჯინიბეთუხუცესი – სამეფო საჯინიბოს გამგე, მეჯინიბეთა უფროსი; ამირჩქარი – შიკრიკთა და მალემსრბოლთა უფროსი, რომელსაც მეფის დაცვა ევალებოდა; მერემეთუხუცესი – მერემეთა, ანუ სამეფო ლაშქრისათვის ცხენების გამომზრდელ მეჯოგეთა უფროსი, სარემოს (საჯინიბოს) გამგე; ჩუხჩარხი (ჩუხჩერახი, აჩუხჩი) – მისი სახელო სამხედრო ფუნქციასა და მეფის დაცვის საქმიანობას უკავშირდებოდა; იგი მეფის დაცვის მოხელეთა უფროსი იყო და სათანადო პატივით სარგებლობდა. ჩუხჩარხი თან ახლდა მეფეს და მგზავრობისას, სხვა მოხელეებთან ერთად, მის წინ მიდიოდა.

 ამილახორსა და მეაბჯრეთუხუცესს ექვემდებარებოდა ზარდახნისუხუცესი, რომელიც სამხედრო საჭურვლის საწყობის, არსენალის (ზარდახნის) უფროსი იყო, და მას, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ; მისტრალთუხუცესი თავისი მისრატულებით. ზარდახნაში ინახებოდა: ჯაჭვის პერანგები, მუზარადები, ჯავშნები, თორები, აბჯრები, ხმლები, ფარები, სამუხლეები, მშვილდისრები, კვერთხები, ჰოროლები, ცხენის აღკაზმულობა, სხვადასხვა საჭურველი თუ აღჭურვილობა. არსენალის მოხელეთა ერთ–ერთ ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა მეფის მომსახურება საომარი აღჭურვილობით და ცხენის აღკაზმულობით მისი უზრუნველყოფა.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////